განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 27.07.2015
საქმის ნომერი
2კ-14-I-15
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.07.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

№141-15 27 ივლისი, 2015 წელი

ჯ-ე თ, 141-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

ადვოკატ - კ. ფ-ს

მსჯავრდებულ - თ. ჯ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. თ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 თებერვლიდან.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუწესდა შეზღუდვები და 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და თ. ჯ-ს ამოერიცხა ზედმეტად წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების გასაღება - 2008 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი). განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე თ. ჯ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელებისგან. ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მესამედით და განაჩენით დადგენილი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად. თ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2008 წლის 10 თებერვლიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის № განკარგულებით შეწყალებულ იქნა თ. ჯ-ე, მსჯავრდებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ოქტომბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან 2026 წლის 10 თებერვალს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინებით თ. ჯ-ს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის № განკარგულებით საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების დადგენილი ვადის (2026 წლის 10 თებერვალი) ერთი მესამედით შემცირებასთან მიმართებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და სასჯელად განსაზღვრული ვადის ერთი მესამედით შემცირება.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ფ-ა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ჯ. უ-ა იშუამდგომლა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია, ამნისტიის გავრცელების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამდენად, მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე მიმართვისა და სათანადო მასალების გადაგზავნის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს იმ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, რომელმაც მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მოთხოვნით დადგენილ ვადაში მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც ასევე კანონით დადგენილ ვადაში მიიღო განჩინება მსჯავრდებულის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ. ჯ-ე არ იყო უფლებამოსილი, მიემართა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსათვის მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

რაც შეეხება კასატორის - მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო პალატამ იმსჯელოს მის მიმართ სასჯელად განსაზღვრული ვადის ერთი მესამედით შემცირების თაობაზე, როგორც აღვნიშნეთ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო და არც საკასაციო პალატა არ არიან უფლებამოსილნი, იმსჯელონ ამ საკითხზე, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინება გაუქმდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი