დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.07.2015
საქმის ნომერი
2აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2აგ-15 3 ივლისი, 2015 წელი

ბ-ე ნ, 2აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 20 ივნისიდან.

2. ნარკომანიით დაავადებულ ნ. ბ-ს დაენიშნა იძულებითი მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილას.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

4. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 20 ივნისს ქ. თ-ი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ნ. ბ-ე, რის შემდეგაც მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში მისამართზე - ქ. თ-ი, ა-ს №-ში ჩატარებული ჩხრეკისას ნ. ბ-მ ჩხრეკის დაწყებამდე თვითონ წარადგინა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული პრეპარატ „სუბოტექსის“ 10 აბის ნატეხი, საერთო წონით - 1,834 გრამი. გარდა აღნიშნულისა, ჩატარებული ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში მდებარე ტუმბოს უჯრიდან ამოღებულ იქნა ნ. ბ-ს მიერ ასევე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული პრეპარატ „სუბოტექსის“ 109 აბი, საერთო წონით - 43,156 გრამი. ნ. ბ-ს მიერ უკანონოდ შეძენილმა და შენახულმა პრეპარატ „სუბოტექსის“ აბების წონამ მთლიანობაში შეადგინა 44,99 გრამი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ - 0, 8998 გრამის ოდენობით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენი ნ. ბ-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში: ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ბ-ს დაენიშნა იძულებითი მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილას. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 20 ივნისიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ბ-ა და რ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

7. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის № განკარგულებით ნ. ბ-ს სასჯელი - 7 წლით, 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და 2012 წლის 5 სექტემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად სასჯელის მოხდით.

8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მესამე სექცია) კომიტეტის 2013 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე მხედველობაში მიიღო 2008 წლის 6 მაისს შეტანილი საჩივარი (საჩივარი №23846/08 ნ. ბ-ე საქართველოს წინააღმდეგ), მხედველობაში მიიღო ასევე მოპასუხე სახელმწიფოს 2013 წლის 23 აპრილის ოფიციალური განცხადება, მომჩივნის მიერ პირობების მიღება და განხილვის შემდეგ გამოიტანა განჩინება:

1. მომჩივანი, ბ–ნი ნ. ბ-ე საქართველოს მოქალაქეა, რომელიც დაიბადა 1975 წელს და ცხოვრობს თ-ი. მას სასამართლოში წარმოადგენდა ბ–ნი გ. ბ-ე და ქ–ნი რ. გ-ე, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას თ-ი ახორციელებენ.

2. საქართველოს მთავრობას („მთავრობას“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი, ბ–ნი ლ. მ-ე იუსტიციის სამინისტროდან.

3. 2012 წლის 18 დეკემბერს სასამართლომ მთავრობას აცნობა მომჩივნის მიერ კონვენციის მე–3 მუხლისა და მე–6 მუხლის პარაგრაფი 1 და 3 (c) და (d) საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიები, რომელიც ეხებოდა მისი ნარკო–დამოკიდებულების გამო სათანადო მკურნალობის არქონას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრობის არასათანადო პირობებს და მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცედურის არასამართლიანობას.

4. 2013 წლის 23 აპრილს სასამართლომ მიიღო სახელმწიფო წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადება მორიგების შესახებ, რომელიც შემდგომ, 2013 წლის 10 ივნისს, იქნა შესწორებული და იკითხება შემდეგნაირად:

„აღიარებს რა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ვერ უზრუნველყვეს მომჩივანი სავალდებულო ნარკოლოგიური სამკურნალო პროგრამით;

მხედველობაში იღებს ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვის დროს გარკვეული ნაკლოვანებების არსებობას;

ითვალისწინებს რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე (ე) მუხლით გათვალისწინებულ მომჩივნის უფლებას, რომლითაც მას შეუძლია მიმართოს ეროვნულ სასამართლოებს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე;

მთავრობა მომჩივანს გადაუხდის 5 ათას ევროს ნებისმიერი მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების სახით....“

5. 2013 წლის 10 ივნისს მომჩივანმა აცნობა სასამართლოს, რომ იგი დაეთანხმა სახელმწიფოს განცხადების პირობებს და მოსთხოვა სასამართლოს საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვა.

9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარეებს შორის მორიგება და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ.

10. 2014 წლის 14 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ მიმართა ნ. ბ-მ, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 311–ე და 312–ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განაჩენის (რომელმაც შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენი) გადასინჯვა, აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განაჩენი ნ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

12. ნ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ნ. ბ-ს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი მოხდილი აქვს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენის თაობაზე ნ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების მიხედვით, ნ. ბ-ს ბრალდების საქმეზე ევროსასამართლომ დაამტკიცა მორიგება საქართველოს სახელმწიფოსა და ნ. ბ-ს შორის. საქართველოს სახელმწიფომ კონვენციის მე–6 მუხლის დარღვევად აღიარა ის გარემოება, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს არ იქნა დაკითხული ბრალდების მოწმე, პოლიციის თანამშრომელი დ. ფ-ი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ბ-ს დაკავებასა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რითაც ბრალდებულსა და მის დამცველს არ მიეცათ შესაძლებლობა, დაეკითხათ მოწმე.

3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმის სახით დაიკითხა დ. ფ-ი, რომელმაც აჩვენა, რომ 2005 წლის ივნისში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ნ. ბ-ე ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვას, ეს უკანასკნელი ორ თანმხლებ პირთან ერთად დაკავებულ იქნა ქ. თ-ი, როგორც ახსოვს, ვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ. ბ-ა და მის თანმხლებ პირებს ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ ვაკეში ჩაატარეს ნ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბინაში რომ შევიდნენ, თვითონ ნ. ბ-მ ჩხრეკის დაწყებამდე წარმოადგინა თეთრი აბის ნატეხები, სულ 5–დან 10 ნატეხამდე იყო, რომლებიც ოთახიდან გამოიტანა. ამის შემდეგ დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს უჯრიდან ამოღებულ იქნა 100 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“. ნ. ბ-მ აღიარა, რომ ეს ნარკოტიკები იყო მისი და მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს. გამომძიებელმა ადგილზე დალუქა ნარკოტიკები. ნ. ბ-ს დაკავებასა და ბინის ჩხრეკაში ასევე მონაწილეობდნენ გამომძიებელი გ. გ-ე და ოპერატიული თანამშრომელი ლ. გ-ა. როგორც იცის, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა იყო ნ. ბ-ს მეუღლის, სადაც თვითონ ბ-ც ცხოვრობდა. ჩხრეკას ესწრებოდა ბინის მეპატრონე ქალბატონი – ნ. ბ-ს მეუღლე. მოწმის განმარტებით, ნ. ბ-ს შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა პატაკი. ნ. ბ-ს მიერ წარმოდგენილი აბის ნატეხები გახვეული იყო თეთრი ფერის ქაღალდში.

4. გარდა დ. ფ-ს ჩვენებისა, ნ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

5. მოწმის სახით დაკითხულმა გ. გ-მ აჩვენა, რომ იყო ნ. ბ-ს საქმის გამომძიებელი. ბ-ს შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო ოპერატიულმა სამსახურმა. ნ. ბ-ე დააკავეს ქ-ს ქუჩაზე. მას და მის თანმხლებ პირებს ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. ამის შემდეგ გაიჩხრიკა ნ. ბ-ს საცხოვრებელი ბინა ა-ს ქუჩაზე, სადაც ვიღაც ქალებიც იმყოფებოდნენ. ჩხრეკის ოქმი მისი შედგენილია, რომლის შინაარსსაც ადასტურებს. ნ. ბ-მ ნარკოტიკები საიდან წარმოადგინა, აღარ ახსოვს. ჩხრეკის დროს დამსწრეების მოწვევა სავალდებულო არ იყო. ვინმეს რომ მოეთხოვა ჩხრეკაზე დასწრება და არ დაასწრეს, ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ნ. ბ-ს ბინის ჩხრეკისას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ბ-ს დამსწრეები რომ მოეთხოვა, დაასწრებდნენ. ნივთმტკიცება რამდენ კონვერტში დაილუქა, არ ახსოვს.

6. მოწმის სახით დაკითხულმა ი. ხ-ა დაადასტურა, რომ, როგორც დამხმარე გამომძიებელმა, მონაწილეობა მიიღო ნ. ბ-ს დაკავებასა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“, რომლის ნაწილიც დანაწევრებული აბების სახით ბ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა. ამოღებული ნარკოტიკები მოთავსებულ იქნა ორ პაკეტში, ერთში მოთავსდა ნებაყოფლობით წარმოდგენილი ნივთიერება, მეორეში – ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ეს ორი პაკეტი მოთავსდა ერთ კონვერტში და როგორც ახსოვს, ასე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ბ-ს და მისი ოჯახის წევრ ვიღაც გოგონას, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა, არანაირი პრეტენზია არ განუცხადებიათ, მათ ხელი მოაწერეს ჩხრეკის ოქმს.

7. ნ. ბ-ს ბრალეულობა მოცემული დანაშაულის ჩადენაში ასევე დადგენილი და დადასტურებულია 2005 წლის 20 ივნისის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, 2005 წლის 28 ივლისის №510/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 2005 წლის 31 აგვისტოს №5344/16 ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, ნ. ბ-ე დაავადებულია ნარკომანიით და საჭიროებს იძულებით მკურნალობას.

8. საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან, ხოლო მოცემული საქმის გამოძიება და შემდგომი სასამართლო განხილვა წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ: ფალსიფიცირებულია დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ბინის ჩხრეკის ოქმი, კერძოდ:

9. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ბ-ე ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 2005 წლის 20 ივნისს, 21:00 საათზე, ქ. თ-ი, ი. ქ-ს ქუჩა №–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებულ ნ. ბ-ს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკა ასევე ჩაუტარდათ ნ. ბ-ს თანმხლებ ორ პირს – ნ. ღ-ს და გ. ჯ-ს. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებზე გამომძიებელმა შეადგინა სათანადო ჩხრეკის ოქმები. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა, ნ. ბ-ს თანდასწრებით, ჩაატარეს ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რაც დასრულდა 2005 წლის 21 ივნისის 00:30 საათზე. შედგენილ იქნა შესაბამისი ჩხრეკის ოქმი, რის შემდეგაც დაკავებული ნ. ბ-ე გადაიყვანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. ბუნებრივია, ყველა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასა და პროცედურას დასჭირდა განსაზღვრული დრო და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინეს დაკავებული ეჭვმიტანილი ნ. ბ-ე სამართალდამცავ ორგანოში. ამდენად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ გაურკვეველია, თუ სად ჰყავდათ დაკავებული ნ. ბ-ე სამართალდამცავ ორგანოში წარდგენამდე.

10. რაც შეეხება ნ. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას, რა დროსაც ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოტექსის“ აბები, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გადაუდებელ შემთხვევაში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული ცნობით, რომელიც შედგენილია საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ოპერ–თანამშრომლის დ. ფეიქრიშვილის მიერ.

11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ, მართალია, ნ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში სათანადოდ არ არის აღწერილი ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი აბების ნატეხები (მათზე არსებული წარწერების მითითებით), ასევე ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული, ჩხრეკისას ამოღებული ნივთებიდან რა მოთავსდა თეთრ კონვერტში და რა – შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი. ხ-ა განმარტა, რომ „ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკები მოთავსებულ იქნა ორ პაკეტში, ერთში მოთავსდა ნებაყოფლობით წარმოდგენილი ნივთიერება, მეორეში – ჩხრეკის შედეგად ამოღებული. ეს ორი პაკეტი მოთავსდა ერთ კონვერტში და როგორც ახსოვს, ასე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე“.

12. აღნიშნული ჩვენება შეესაბამება საქმეში არსებული ექსპერტიზის №334/სქ აქტს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ნ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცება საექსპერტო–კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში შემოვიდა დალუქული, ორი თეთრი ქაღალდის პაკეტით. ერთი ქაღალდის პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში ათ ცალად გახვეული თეთრი ფერის აბის ნატეხი, წარწერით ხუთ ნატეხზე – „8“ და დანარჩენ ხუთ ნატეხზე წარწერით – „B“, ხოლო მეორე ქაღალდის პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 109 ცალი თეთრი ფერის ქარხნული აბი, წარწერით – „8B“.

13. საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნ. ბ-ე და მისი საცოლე მ. ს-ი ითხოვდნენ დამსწრეების მოწვევას ჩხრეკის ჩატარების დროს. ორივე მათგანი ხელს აწერს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, რითაც ფაქტობრივად ადასტურებენ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფაქტს, მიმდინარეობასა და შედეგებს. ოქმის მიხედვით, არც ნ. ბ-ს და არც მ. ს-ს არ გამოუთქვამთ რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ჩხრეკასთან დაკავშირებით.

14. იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსსკ–ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 102–ე მუხლის მე–4 ნაწილის მიხედვით, „ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების (მათ შორის ჩხრეკის) ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის ან მტკიცებულებათა დაზიანება–განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე...“. მოცემულ საქმეზე ნ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელ შემთხვევაში, რაც კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს შესაბამისი დადგენილებით. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ და დალუქულ კონვერტზე მისი ხელმოწერა არ არის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მაია სვიმონიშვილმა განმარტა, რომ „თეთრ პაკეტზე ნ-ს ხელმოწერა იყო“.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ თუკი მხარე ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხს სადავოდ ხდიდა, საქმის მასალების თანახმად, დაცვის მხარეს არ უსარგებლია საქართველოს სსსკ–ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 364–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, საკუთარი ინიციატივით და თავის ხარჯზე ჩაეტარებინა გრაფიკული ექსპერტიზა და ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით არც შუამდგომლობა დაუყენებია სასამართლოს წინაშე საქართველოს სსსკ–ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 356–ე მუხლის მიხედვით.

16. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმეს საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ. ბ-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას სამართლიანი სასჯელი განესაზღვრა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ს ს-ო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი