საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №161აპ-15 ქ. თბილისი
მ-ი შ.- 161აპ-15. 23 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების - შ. მ-ისა და ს. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
შ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 18 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით: ს. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ს. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 18 აგვისტოდან.
მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 18 აგვისტოდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე.
პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულებს დაევალათ არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - შ. მ-ისა და ს. ბ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - შ. მ-ისა და ს. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-ისა და გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი