საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2015
საქმის ნომერი
2კ-167აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №167აპ-15 ქ. თბილისი

კ-ე ბ.- 167აპ-15. 22 სექტემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ბ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. კ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 3 დეკემბრიდან.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სეიფი, ხის გადანაჭრები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდნეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

არმატურისა და მავთულის გადანაჭრები, სიგარეტის ნამწვავები, სამკუთხა მეტალი (სეიფის შემადგენელი) და ცელოფნის პაკეტი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს;

მოწმე ნ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი მოქალაქეთა განცხადებები და სესხის ხელშეკრულებები, ძვირფასი ლითონების გირავნობაში მიღების შესახებ, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

მოწმე ნ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ბ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი – ჯინსის შარვლები წარწერით „LEO“ და „DIEZELI“, ნაცრისფერი ჟაკეტი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

ნიმუშის აღების ოქმით აღებული გრუნტის ნიმუში, დალუქული 4 კონტეინერში, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს;

ბ. კ-ის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ამოღებული ხელსაწყოები (ბურღები და წრიალა ქვა), რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აჭურვილ პირს;

ბ. კ-ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (1 პაკეტად), რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, განადგურდეს;

მოწმე ყ-ის მიერ წარმოდგენილი ბ. კ-ის განცხადება და სესხის ხელშეკრულება, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

შპს „ქ-ი 2010–ის“ ტოტალიზატორ „ლ-ის“ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმზე (06.12.2013 წ.) თანდართული „DVD“ დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

შპს „მ-ის“ ფართში განთავსებული კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმზე თანდართული „DVD“ დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ბ. კ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. გ-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი