საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2015
საქმის ნომერი
2კ-260აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-15 ქ. თბილისი

ნ-ი ლ, 260აპ-15 10 სექტემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ნ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით:

დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორ ი. ჩ-ს შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, დადებული ი. ჩ-ა და ლ. ფ-ს შორის.

ლ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ. ფ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

ლ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და სსსკ–ის 168–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ლ. ნ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ნ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე გაუნახევრდა და მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 იანვრიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ლ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–12 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 3 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ლ. ნ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ნ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი