შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 06.10.2015
საქმის ნომერი
2კ-178აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №178აპ-15 ქ. თბილისი

ქ-ა ზ.- 178აპ-15. 6 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ზ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ქ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ზ. ქ-ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 25 აპრილიდან.

ზ. ქ-ას 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

განაჩენით ზ. ქ-ას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ქ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-ემ.

კასატორმა საჩივრით ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და ზ. ქ-ას გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ზ. ქ-ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიტ, კერძოდ, მოწმეების: პ. კ-ას, გ. ა-ის, მ. ზ-ის, ი. ბ-ის, ექსპერტ ლ. დ-ის ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ლაბორატორიული გამოკვლევის N… და ქიმიური ექსპერტიზის N… დასკვნებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, ზ. ქ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ზ. ქ-ას დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ზ. ქ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). ამასთან, ზ. ქ-ას მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წელი უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს, იგი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ქ-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ქ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ზ. ქ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ქ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ქ-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი