შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №181აპ-15 ქ. თბილისი
დ-ა გ.- 181აპ-15. 6 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. დ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა გ. დ-ას მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. დ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 12 ოქტომბრიდან.
გ. დ-ას 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.
განაჩენით გ. დ-ას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. დ-ამ.
კასატორმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, გ. დ-ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: ა. ა-ას, ნ. რ-ისა და თ. ა-ის ჩვენებებით, ნარკოლოგიური გამოკვლევის, ქიმიური ექსპერტიზის N ...-... დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ვერ გამოიყენა მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლი, რადგან ხსენებული მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. საქმის მასალებით კი გ. დ-ას პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას კანონიერად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, გ. დ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: გ. დ-ას დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა„ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,ე“ ქვეპუნქტებს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტები იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. დ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). ამასთან, გ. დ-ას მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წელი უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს, იგი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. დ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. დ-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. დ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. დ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. დ-ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი