შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 16.10.2015
საქმის ნომერი
2კ-188აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

#188აპ.-15 ქ. თბილისი

ჭ-ა ი.-188ap.-15 16 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ხ-ს

ადვოკატ – შ. -ს

მსჯავრდებულ _ ი. ჭ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ი. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2014 წლის 12 აგვისტოს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ი. ჭ-მ თურქეთის რესპუბლიკაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით – 0,048 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც მოათავსა სიგარეტ „პარლამენტის“ კოლოფში და შეინახა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში.

3. ი. ჭ-მ 2014 წლის 12 აგვისტოს, 16 საათსა და 6 წუთზე, თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 0,048 გრამი „ბუპრენორფინი“ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გადმოკვეთით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

4. აღნიშნული ქმედებისათვის ი. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ჭ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 აგვისტოდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ჭ-მ და მისმა ადვოკატმა შ. პ-მ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი. ჭ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი. ჭ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 აგვისტოდან. მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

7. კასატორი – ადვოკატი შ. პ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ი. ჭ-ა სრულად აღიარებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და გულწრფელად ინანიებს. აღნიშნულის გამო კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლას.

8. 2015 წლის 15 ოქტომბერს, პროკურატურამ, მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

9. 2015 წლის 16 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ი. ჭ-ს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ მსჯავრდებული ი. ჭ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო აღნიშნულ კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები - 5 წლით.

10. ამავე სხდომაზე პროკურორმა დ. ხ-მა დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებული ი. ჭ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და და ტარების უფლებები.

11. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ი. ჭ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. პ-მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. ხ-სა და მსჯავრდებულ ი. ჭ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ი. ჭ-ს, მოწმეების - ლ. პ-ს, ზ. ლ-ს, ი. ა-სა და ლ. შ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის №--- დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით ი. ჭ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ი. ჭ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ი. ჭ-ა ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. ჭ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. ხ-სა და მსჯავრდებულ ი. ჭ-ს შორის შეცვლილი პირობებით.

4. ი. ჭ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 (ხუთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი.

5. მსჯავრდებულ ი. ჭ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 12 აგვისტოდან.

6. მსჯავრდებულ ი. ჭ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და და ტარების უფლებები.

7. მსჯავრდებულ ი. ჭ-ს დაევალოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე