შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №203აპ-15. ქ. თბილისი
გ-ე გ., 203აპ-15 13 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ჩ-ს
მსჯავრდებულ _ გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ე, _ ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 2013 წლის 6 მარტს, დაახლოებით 1.00 საათზე, ტყიბულში, ვ-ს ქუჩის №--ში მდებარე №-- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ-მ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ვ. და ვ. კ-ბის მიერ კომპიუტერული ტექნიკის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შესახებ, მაინც მოათავსა აღნიშნული ტექნიკა თავის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში და გადაჰქონდა თბილისში, რა დროსაც იგი დააკავეს.
3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. გ-ს განუსაზღვრეს ჯარიმა – 5000 ლარი, რაც, 2013 წლის 6 მარტიდან იმავე წლის 20 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 1000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით. გაუქმდა გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ. გ-ს, გ. გ-ს, მ. გ-სა და მ. გ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში, საკადასტრო კოდი – ---) 2000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ. ჩ-მ. მან ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. გ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ასევე – პირობითი მსჯავრის გაუქმება და საბოლოო სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენითა და 2013 წლის 1 მარტის განჩინებით დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 6 მარტიდან იმავე წლის 20 მარტის ჩათვლით. გაუქმდა გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ. გ-ს, გ. გ-ს, მ. გ-სა და მ. გ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ზესტაფონის რაიონის სოფელ ---ში, საკადასტრო კოდი – ---) 2000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.
6. კასატორები – მსჯავრდებული გ. გ-ე და ადვოკატი გ. ძ-ი საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 259–ე, 269-ე, 273-ე მუხლების უხეში დარღვევით; სასამართლომ არ გაითვალისწინა გ. გ-ს მიერ ბრალის აღიარება და ძირითადი აქცენტი გადაიტანა მის ნასამართლობაზე; აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს პირობითი სასჯელის გამოსაცდელი ვადა ამოეწურა 2014 წლის 3 ოქტომბერს, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენამდე; იგი სრული მოცულობით ასრულებდა პირობითი მსჯავრის ფარგლებში მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ორჯერ მოუწევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
7. კასატორთა აზრით, როდესაც სახელმწიფო აუქმებს პირობით მსჯავრს იმ პირის მიმართ, რომელმაც, მართალია, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ახალი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის დამთავრებამდე, თუმცა მის წინააღმდეგ ჯერ არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს წარმოადგენს პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას; მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, იწყება სასჯელის განსაზღვრა და მსჯელობა მის მიმართ სასჯელის დაწესებაზე, მათ შორის – წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზეც, თუკი, რა თქმა უნდა, ახალი განაჩენის გამოტანამდე უკვე ამოწურული არ იყო გამოსაცდელი ვადა. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენად უნდა ჩაითვალოს არა ქმედების ფაქტობრივად ჩადენის მომენტი, არამედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ამის გათვალისწინების გარეშე ილახება პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.
8. გარდა აღნიშნულისა, კასატორებს მიაჩნიათ, რომ გ. გ-ს არ უნდა დამძიმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი, რადგან, მართალია, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლი განაჩენთა ერთობლიობით ითხოვს სასჯელის დანიშვნას, მაგრამ იმპერატიულად არ არის დაწესებული, რომ ასეთ დროს ახალი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა, მით უფრო, რომ იმ დანაშაულის საქმეზე, რომლის შეუტყობინებლობისათვისაა მსჯავრდებული გ. გ-ე, სასამართლომ 2013 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ბრალდებულებს დაუმტკიცა საპროცესო შეთანხმება და თითოეულ მათგანს სასჯელად განუსაზღვრა 3000 ლარი ჯარიმა და პირობითი მსჯავრი შესაბამისი გამოსაცდელი ვადით; არათანაბარ პირობებში გ. გ-ს უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე და დაენიშნა ბევრად უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე იმ ბრალდებულებს, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული; ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა გ. გ-ს პიროვნება, მისი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა, ის, რომ ჰყავს მშობლები და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენის შეცვლას, გ. გ-სათვის წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოხდილად ჩათვლას, ხოლო ახალი დანაშაულისათვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრას; იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება, ითხოვენ განაჩენთა ერთობლიობით, 1 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ჯარიმის განსაზღვრას, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. გ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მისთვის წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ გ. გ-მ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, გააუქმოს მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი განუსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. ამასთან, საკასაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პიროვნებას, ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენითა და 2013 წლის 1 მარტის განჩინებით განსაზღვრული 3 წლით პირობითი მსჯავრის ნაწილი – 3 თვე და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 24 თებერვლიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 6 მარტიდან იმავე წლის 20 მარტის ჩათვლით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე