საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №210აპ-15 ქ. თბილისი
ბ-ა გ.- 210აპ-15. 23 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. ბ-ას, ლ. გ-ასა და გ. ჟ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. ბ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ბ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 23 ივნისიდან.
იმავე განაჩენით ლ. გ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ლ. გ-ას მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 წელი, 3 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. გ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 14 აპრილიდან.
გ. ჟ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჟ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 14 აპრილიდან.
ნივთმტკიცება: დაზარალებულების - გ. კ-ის, ფ. დ-ასა და ლ. ჟ-ას პოლიციის ფორმის ქურთუკები, რომლებიც ინახება ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - გ. ბ-ას, ლ. გ-ასა და გ. ჟ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - გ. ბ-ას, ლ. გ-ასა და გ. ჟ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი