საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.10.2015
საქმის ნომერი
2კ-230აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №230აპ-15 ქ. თბილისი

ნ-ი გ, 230აპ-15 30 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართვლეოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ზ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 8 წლის ვადით - შთანთქა სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი. ზ. ლ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 24 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ გ. ნ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ნ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი