საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №246აპ-15 ქ. თბილისი
ლ-ე მ, 246აპ-15 26 ოქტომბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ. ლ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, მ. ლ-ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, მ. ლ-ეს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
ამავე განაჩენით ბ. გ-ე, გ. ლ-ე, მ. გ-ე და ხ. ჩ-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალათ პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდათ 4 წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნათ ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მათვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით აეკრძალათ საჯარო სამსახურში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ:
მსჯავრდებულებს - მ. ლ-ეს, ბ. გ-ეს, გ. ლ-ეს, მ. გ-ესა და ხ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 16 ივნისიდან 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ლ-ისათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი