შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 15.10.2015
საქმის ნომერი
2კ-213აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2015

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №213აპ-15 ქ. თბილისი

ვ-ე ჯ.- 213აპ-15. 15 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ვ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ხოლო 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ჯ. ვ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2014 წლის 23 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 17 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე.

ჯ. ვ-ეს 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებები.

გაუქმდა ჯ. ვ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის განჩინებით ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმში, ... ქუჩა N 33/54-ში ზონა - ...-..., სექტორი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი-..., კოდი-..., საკადასტრო კოდი - ...) - 10.000 ლარის ღირებულების წილს.

განაჩენით ჯ. ვ-ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-ემ.

კასატორმა საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - სასჯელის ¼-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ჯ. ვ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ი. ბ-ის, მ. გ-ის ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების, ქიმიური ექსპერტიზის N ... დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის საფუძველზეც ჯ. ვ-ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ჯ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და რადგან დანიშნული სასჯელი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წელმა უნდა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და ჯ. ვ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ჯ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წელმა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და ჯ. ვ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი