საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №238აპ-15 ქ. თბილისი
ჯ-ე ვ.-238აპ-15. 12 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ო-ს, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ვ. კ-ი, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 7 მარტიდან.
ამავე განაჩენით ვ. ჯ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2014 წლის 7 მარტიდან 2014 წლის 13 მარტის ჩათვლით. გაუქმდა ვ. ჯ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, ვ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 22 სექტემბრიდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების – ვ. კ-სა და ვ. ჯ-სათვის შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს – წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ო-ს, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე