შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.11.2015
საქმის ნომერი
2კ-250აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№250აპ-15 13 ნოემბერი, 2015 წელი

ჯ-ა ზ, 250აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ზ. ჯ-ა, -ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. ჯ-ას სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 მაისიდან.

ზ. ჯ-ას 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. ამავე განაჩენით ლ. ბ-ა, . ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ლ. ბ-ას სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 21 მაისიდან.

3. გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:

§ მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შს - პოლიციის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ პოლიციის ფორმის სამხრე და სამხრის დასამაგრებელი, რომელიც ინახება შს -პოლიციის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

§ პოლიციის ფორმის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შს - პოლიციის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

§ „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ინახება შს - პოლიციის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

§ მობილური ტელეფონიდან ამოღებული ფირი, რომელიც ინახება შს - პოლიციის სამმართველოში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

4. განაჩენის მიხედვით, ზ- ჯ.ას მსჯავრი დაედო: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობისა და ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ; სხვისი ნივთის დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

§ მთვრალმა ზ. ჯ-მ და ლ. ბ-ამ ჯგუფურად, - წლის -მაისს, დაახლოებით - საათზე, --- რაიონის სოფელ - ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, - რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებლებს - თ. რ-სა და გ. პ-ას ძალადობისა და ძალადობის მუქარით გაუწიეს წინააღმდეგობა, შემოახიეს პოლიციის ფორმა და განზრახ დააზიანეს - რაიონული სამმართველოს კუთვნილი ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის სამსახურებრივი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - ---, რამაც გამოიწვია - ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

§ ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის 2014 წლის 9 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ ზ. ჯ-ას 2014 წლის 22 მაისს განმეორებით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ამ. იგი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; უკანონოდ დაედო მსჯავრი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენისათვის; სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი მოწმეთა დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა მხოლოდ ლ. ბ-ა და არა - ზ. ჯ-ა. შესაბამისად, ითხოვს მათ დაკითხვას; გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას, ხოლო სხვა მოწმეები არ ადასტურებენ ზ. ჯ-ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს: ცვლილების შეტანას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ზ. ჯ-ას სასიკეთოდ და სასჯელის დანიშვნისას მაქსიმალური შეღავათების გამოყენებას; საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით და მისთვის იმის შესაძლებლობის მიცემას, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში, რათა დაასაბუთოს თავისი პოზიცია სასჯელის დანიშვნის ნაწილში. კასატორის მითითებით, წინამდებარე საჩივრის შედგენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჯ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, საკმარისი, უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით - მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ზ. ჯ-ას მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. საკასაციო საჩივარში აღნიშნული გარემოება, რომ ზ.ჯ-ას მიერ განხორციელებულ ქმედებას პოლიციელების გარდა სრულად სხვა მოწმეები არ მიუთითებენ, განპირობებულია იმით, რომ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტს მთლიანად (დაწყებიდან დასრულებამდე) ისინი არ შესწრებიან, თუმცა სხვა მოწმეებიც პოლიციელების მიმართ ზ. ჯ-ას მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიციელების ჩვენებები თანხვედრილია საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებთან.

3. რაც შეეხება ზ. ჯ-ას უშუალო მოთხოვნას მინიმალური სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ იქნა მაქსიმალური შეღავათები, კერძოდ: სსკ–ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია, რომლითაც ზ. ჯ-ას დაედო მსჯავრი, განსაზღვრულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი. ამასთან, პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, მისი ჩადენის მოტივს - ზ. ჯ-ას ხულიგნურ ქვენაგრძნობას, არ დამორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლებს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და ზ. ჯ-ას პიროვნებას, მის მენტალურ უარყოფით დამოკიდებულებას პოლიციის წარმომადგენლების მიმართ - აგრესია, ,,გინება“ და მათი ,,ძაღლებად“ მოხსენიება, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჯ-ას მიმართ დანიშნული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სამართლიანია, ხოლო სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა მისი პიროვნების, დანაშაულის ხასიათისა და ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით მიზანშეუწონელია, ვინაიდან არ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები. ასევე აღსანიშნავია, რომ ზ. ჯ-ას მიმართ სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მაქსიმალური შეღავათი და მას დანაშაულთა ერთობლიობით (სამი სხვადასხვა დანაშაულისათვის) სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

4. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ჯ-ას სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ამ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ამავდროულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ზ. ჯ-ას სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ზ. ჯ-ასათვის დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენში: ზ. ჯ-ას სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ზ. ჯ-ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

მ. ოშხარელი