საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.11.2015
საქმის ნომერი
2კ-291აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #291ap-15. ქ. თბილისი

ნ-ე ა.-291აპ–15. 20 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენზე.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განაჩენით ა. ნ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ა. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 17 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2013 წლის 23 აგვისტოდან 2014 წლის 17 მაისამდე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე