გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-1014-271-08 23 აპრილი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს “მ” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ნ. ს-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ოვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ბ-ოვამ 2005 წლის აპრილში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “მ-ის” მიმართ და მოითხოვა მარჩენალის დაკარგვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მისი მეუღლე ბ. ბ-ი გარდაიცვალა საწარმოო ტრავმის შედეგად. მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩო დაენიშნა მხოლოდ მის შვილებს, რომლებიც ამჟამად სრულწლოვანები არიან და შეუწყდათ სარჩოს გადახდა. 2005 წლის 1 თებერვალს კვლავ მიმართა სს “მ-ს”, რომ დაენიშნათ სარჩო მისთვის, როგორც საწარმოო ტრამვით გარდაცვლილის მეუღლისათვის, მაგრამ უარი განუცხადეს ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” 35-ე მუხლის თანახმად მოპასუხე ორგანიზაციამ უნდა აუნაზღაუროს ზიანი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “მ-ს” დაეკისრა მ. ბ-ოვას სასარგებლოდ მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით ყოველთვიური სარჩოს 280 ლარის გადახდა 2005 წლის 2 თებერვლიდან მდგომარეობის შეცვლამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “მ-ის” გენერალურმა დირექტორმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “მ-ის” წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით სს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სს ,,მ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ მ. ბ-ოვას მეუღლე ბ. ბ-ოვი 1979 წლის 2 აგვისტოდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჯერ მ-ის სამთო-გამდიდრებელ კომბინატში, შემდეგ სს „მ-ში“ ბულდოზერის მემანქანედ.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სწორად მოაწესრიგა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესით“ პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესში“ საქართველოს მთავრობის ¹84 დადგენილებით 2007 წლის 9 მაისს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ბრძანებულების შესაბამისად, რადგან აღნიშნული ცვლილება შეეხება, იმ დებულებას, რომელიც არეგულირებენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემის დანიშვნის საფუძვლებს.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,მ-ის” წარმომადგენელმა ნ. ს-აძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განჩინების მოთხოვნისას არ გამოარკვია მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლები, არ გამოიკვლია მოსარჩელე ბინათოვას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მოახდინა მათი სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაბამისი კანონის გამოყენების შემთხვევაში ცალსახა იქნებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, ვინაიდან გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც არსებითია ამ საქმის განხილვისათვის და რაც წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.
ასევე, კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობაზე უკანონოდ გაავრცელა ძალადაკარგული ბრძანებულებით განსაზღვრული წესები, თუმცა იმ შემთხვევაშიც ხანდაზმულობის ვადა მაინც გასულია, რადგან მოსარჩელეს, როგორც გარდაცვლილის მეუღლეს სარჩოს მიღების უფლება წარმოეშვა მეუღლის გარდაცვალების მომენტიდან (1993 წელი) და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მას გაშვებული აქვს, ვინაიდან სს „მ-ს“ სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2005 წლის 2 თებერვალს ანუ 12 წლის გასვლის შემდეგ. ხანდაზმულობის საკითხის გარკვევის გარდა, სააპელაციო სასამართლოს არც ბრალეულობისა და შრომის და სამოქალაქო კოდექსის ნორმები განუხილავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ბ-ოვა 1993 წლის 2 დეკემბეკრს მისი მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორით მოხვდა ავარიაში და გარდაიცვალა 1993 წლის 3 დეკემბერს.
2005 წლის 1 თებერვალს ბ ბ-ოვის მეუღლემ – მ. ბ-ოვამ განცხადებით მიმართა სს „მ-ს“ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. განცხადება რეგისტრირებულია სს „მ-ს“ კანცელარიაში 2005 წლის 2 თებერვალს ¹42\10.
სასამართლომ მ. ბ-ოვას განცხადება დააკმაყოფილა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ“ წესის შესაბამისად. კერძოდ, კი იხელმძღვანელა აღნიშნული წესის 51-ე პუნქტით, რომლის თანახმად დამქირავებლის შრომის უნარის ხარისხის დაკარგვით ან მარჩენალის გარდაცვალებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ ზიანი ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან, განცხადების შეტანის დღედ ითვლება ორგანიზაციაში მისი მიღების დღე. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში. აღნიშნული წესით ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დარღვეული არ არის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ე.ი. მითითებული ნორმა უთითებს თუ რა სახით ანაზღაურდება სარჩო. თუ ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ სარჩენმა შეიტყო მარჩენალის დაკარგვიდან 3 წლის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ თუ სარჩენისათვის იმთავითვე ცნობილი იყო აღნიშნულის შესახებ და არ მიმართა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, ითვლება რომ მან გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მ. ბ-ოვას შვილები ღებულობდნენ წლების განმავლობაში სარჩოს, ანუ მ- ბ-ოვისათვის ცნობილი იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებული პირის შესახებ. ამიტომ მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე უნდა მიემართა სააქციო საზოგადოებისათვის. აღნიშნული უფლების რეალიზაცია მას არ მოუხდენია, რის გამოც, პალატა თვლის, რომ მ. ბ-ოვას მოთხოვნა ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ოვას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ოვას სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.