შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №328აპ-15 ქ. თბილისი
ხ-ი თ, 328აპ-15 26 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, ზაზა მეიშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ი. მ-ს
ადვოკატ - თ. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4500 ლარის ოდენობით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ თ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის იანვარში ს-ს რაიონის სოფელ ვ-ი მცხოვრებმა თ. ხ-ა გადაწყვიტა ამავე სოფელში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, რის შესახებაც მოელაპარაკა ბ. ს-ს. შეთანხმდნენ, რომ ბ. ს-ი თ. ხ-ნ საცხოვრებელ სახლს შეიძენდა 4 000 აშშ დოლარად, საიდანაც ბეს სახით მან თ. ხ-ს გადაუხადა 100 აშშ დოლარი. ვინაიდან თ. ხ-ს კუთვნილი ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი ამ უკანასკნელის სახელზე არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მოსაწესრიგებელი იყო შესაბამისი საბუთები, ურომლისოდაც მხარეებს შორის ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა, 2013 წლის 9 იანვარს თ. ხ-ა ბ. ს-ე გასცა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთი თვის ვადით, რომლის მიხედვით, თ. ხ-ი ბ. ს-ს უფლებამოსილებას ანიჭებდა, თ. ხ-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ს-ს რაიონის სოფელ ვ-ი, დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, მიეღო ამონაწერი ხელზე საჯარო რეესტრიდან, შემდეგ გაეყიდა სახლი და ა.შ. იმავე დღეს, 2013 წლის 9 იანვარს, მინდობილობის გაფორმების შემდეგ, ბ. ს-ა თ. ხ-ს გადაუხადა საცხოვრებელი სახლის ღირებულების დანარჩენი თანხა – 3900 აშშ დოლარი. 2013 წლის 17 იანვარს ბ. ს-ა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში თ. ხ-ე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა სახლი, თუმცა პირადი და ოჯახური პრობლემების გამო, ვეღარ მოახერხა თ. ხ-ნ შეძენილი ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის გადმოფორმება. თ. ხ-ა ისარგებლა აღნიშნული გარემოებით და განიზრახა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ბ. ს-ნ მიღებულ 4000 აშშ დოლარს. ამ მიზნით მოატყუა ბ. ს-ი, არ გააფორმა მასთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საცხოვრებელ სახლზე და აღარ დაუბრუნა ზემოხსენებული თანხა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს და 2013 წლის აპრილში ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლი, ბ. ს-ნ მალულად, 2 000 ლარად მიჰყიდა თავის ნათესავს - ნ. ნ-ს.
3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და თ. ხ-ს გამართლებას.
14. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
15. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. მ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ:
3. მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ბ. ს-ს ჩვენებით დადგენილია შემდეგი: როდესაც მან გაიგო, რომ სოფელ ვ-ი იყიდებოდა თ. ხ-ს სახლი, გადაწყვიტა შეეძინა შვილიშვილისათვის. თვითონ თ. ხ-ი მოხუცი ქალია, ამიტომ სახლის შეძენაზე მოლაპარაკება ჰქონდა ძირითადად მის ქალიშვილთან - ე. ხ-ნ, რომელსაც სახლის ღირებულებაზე - 4000 აშშ დოლარზე მოურიგდა ამ უკანასკნელის ბიძის თანდასწრებით. ბეს სახით მისცა 100 აშშ დოლარი. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს არ ჰქონდა არანაირი საბუთი, ყველა დოკუმენტი გააკეთა თვითონ დაჩქარებული წესით, შესაბამისი თანხების გადახდით. თ-ი არქივიდან გამოითხოვა საბუთები, საჯარო რეესტრიდან წამოიყვანა მიწათმზომელი და ა.შ. აღნიშნული მოქმედებების შესასრულებლად თ. ხ-ა მისცა მინდობილობა, რომელიც წ-ი, ნოტარიუსთან დაამოწმეს. მინდობილობა არ წაუკითხავს, ე. ეუბნებოდა, რომ ყველაფერი იყო რიგზე და როცა მოესურვებოდა, მაშინ გადაიფორმებდა სახლს. ამის შემდეგ თ. და ე. ხ-ს მიუთვალა დანარჩენი - 3900 აშშ დოლარი. დაახლოებით ერთ კვირაში დაცალეს ხ-ა სახლი, თვითონაც ეხმარებოდა მის დაცლაში. სახლის რემონტზე დახარჯეს 7000 აშშ დოლარი. ის ფაქტი, მინდობილობა ვადიანი რომ იყო, მაშინ გახდა მისთვის ცნობილი, როდესაც სახლი უკვე სხვაზე, ნ. ნ-ე იყო გადაფორმებული და პოლიცია აპირებდა სახლიდან მათ გამოსახლებას. უთხრეს, რომ სახლი უნდა დაეტოვებინა, რადგან იყო ნ. ნ-ს კუთვნილება. ნ. ნ-ს, რომელიც თ. ხ-ს ნათესავია, თურმე 2000 ლარად ჰქონდა ნაყიდი თ. ხ-ნ ეს სახლი. ნ. ნ-ე სახლის გაყიდვამდე მასთან არ მისულან არც თ. ხ-ი, არც ე. ხ-ი და არც სხვა ვინმე და არ უთქვამთ, რომ ბინის გაყიდვა მასზე გადაიფიქრეს, არც 4000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება შეუთავაზებიათ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნ. ნ-ა იყიდა თ. ხ-ნ სახლი, ეს უკანასკნელი იყო მოსული და შესთავაზა, უკან აეღო 4000 აშშ დოლარი, თორემ ამ თანხასაც დაკარგავო, დაინახე, რას გიზამო, დაემუქრა იგი. მისი განმარტებით, სახლზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დროზე ვერ მოახერხა პრობლემების გამო - დაკბინა მეზობლის ძაღლმა, რის გამოც მკურნალობდა, გარდაეცვალა დედა, ვერც იფიქრებდა, რომ მინდობილობას ვადა გაუვიდოდა. ამის შემდეგ დაურეკა ე. ხ-ს და სთხოვა, ჩამოსულიყო წ-ი ნოტარიუსთან, სახლის გასაფორმებლად. თ. და ე. ხ-ი მართლაც ჩავიდნენ წ-ი ნოტარიუსთან, თუმცა აქვე გაჩნდა ადვოკატი თ. ბ-ი, რომელმაც მოსთხოვა ე-ს არაფერზე არ მოეწერა ხელი, ამასთან, უთხრა, თქვი, რომ ფული - 4000 დოლარი, არ მოუციათ თქვენთვისო, რაზეც ე-მ უარი განუცხადა თ. ბ-ს და დაადასტურა, რომ 4000 აშშ დოლარი ნამდვილად მიღებული ჰქონდათ.
4. მოწმე ა. რ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ბ. ს-ს ერთ-ერთი შვილიშვილის ნათლია და მოცემულ საქმეზე იცავდა ბ. ს-ს ინტერესებს. 2013 წლის იანვრის ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს-ა სოფელ ვ-ი, თ. ხ-ნ 4000 აშშ დოლარად შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელსაც არემონტებდნენ. ბ-ა აუხსნა, რომ აღნიშნული სახლი საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული, რის გამოც თ. ხ-ს მისთვის მიცემული ჰქონდა რწმუნებულობა, რომლის მიხედვითაც, ბ-ს ენდობოდა, რათა საჯარო რეესტრში სახლი აღერიცხა. ბ. ს-ა თქვა, რომ, როგორც კი დაამთავრებდა სახლის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, გადმოუფორმებდნენ სახლს, ფულიც უკვე მიცემული მაქვსო. ბ-ს მობილური ტელეფონიდან დაურეკა თ. ხ-ს მობილურზე, უპასუხა თ-ს შვილმა ე-მ, რომელმაც უთხრა, რომ დედამისი შეუძლოდ იყო, ამასთან, ე-მ დაუდასტურა, რომ, როგორც კი სახლის რეგისტრაცია დასრულდებოდა, არ შეიქმნებოდა არანაირი პრობლემა, ბ. ს-ს სახლს გადაუფორმებდნენ. აპრილის თვეში გაიგო, რომ ვ-ი პოლიციიდან მიიტანეს გაფრთხილება ბ. ს-ს გამოსახლების თაობაზე. აღნიშნულზე შს სამინისტროში შეიტანეს საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა. შემდეგ სიღნაღის სასამართლოშიც ჰქონდათ შეტანილი სარჩელი მოთხოვნით, თ. ხ-ს დაეკისრებინათ ვალდებულება, რათა ბ. ს-ს სახელზე დაერეგისტრირებინა სახლი, მაგრამ სასამართლოში სარჩელის მიღებაზე უარი უთხრეს, ვინაიდან სახლი უკვე გადაფორმებული იყო ნ. ნ-ე. შემდეგ ჩავიდნენ ხ-ნ დ-ი, სადაც ე-მ არ შეუშვა ისინი სალაპარაკოდ დედამისთან, ვინაიდან თ. იყო ცუდად და იწვა. ე. ხ-ა განუცხადა, რომ არაფერი იცოდა, ყველაფერი ნ. ნ-ს ხელშიაო, მე არაფერი მეკითხებაო. ე. ხ-ა აქვე დაადასტურა, რომ სახლის გაყიდვის ფული მართლაც აიღეს ბ. ს-ნ, ამას ყველგან დავადასტურებო, თქვა ე-მ. ამის შემდეგ შეხვდნენ ნ. ნ-ს, რომელმაც დაადასტურა, რომ სახლი ნამდვილად იყიდა თ. ხ-ნ 2000 ლარად. ნ. ნ-ს შესთავაზეს საკითხის მშვიდობიანად მოგვარება, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ნ-ა განუცხადა, რომ მათ შორის არანაირი შეთანხმება არ შედგებოდა და სახლი იყო მისი, მე ვიყიდეო. აღნიშნულის შემდეგ ბ. ს-ა დაურეკა მობილურზე და აცნობა, რომ თ. და ე. ხ-ნ ერთად იმყოფებოდა წ-ი ნოტარიუსთან. ხ-ი თანახმა არიან, სახლი გადმომიფორმონო, თქვა ბ-ა, რაზეც უპასუხა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან სახლი უკვე იყო ნ. ნ-ს კუთვნილება. ცოტა ხანში ისევ დაურეკა ბ-ა წ-ნ და უთხრა, აქ ერთი ამბავი ატყდაო, მოვიდნენ თ. ბ-ი და ნ. ნ-ი და ძალით გამოიყვანეს ე. ხ-ი ნოტარიუსისგანო. მოწმემ დაადასტურა ბ. ს-ს ჩვენება, რომ ამ უკანასკნელს მინდობილობის შინაარსი წაკითხული არ ჰქონდა და არ იყო ცნობილი ერთთვიანი ვადის შესახებ. ბ. ჯერ სახლს არემონტებდა, შემდეგ დაკბინა მეზობლის ძაღლმა და მკურნალობდა, შემდეგ კი გარდაეცვალა დედა. აღნიშნულის გამო ვერ მოახერხა სახლის გადმოფორმება. არ ეგონა ბ. ს-ს, რომ ხ-ი მოატყუებდნენ. ბ. ს-ა სახლის დასარეგისტრირებლად ყველა საჭირო დოკუმენტი გამოითხოვა დაჩქარებული წესით, ორმაგი და სამმაგი თანხების გადახდით, რათა დროზე დაემთავრებინა ეს ყველაფერი. სახლში გადახდილი 4000 აშშ დოლარიდან ხ-ს ბ. ს-ს არაფერი არ დაუბრუნებიათ. მას შემდეგ, რაც ბ-მ რემონტი ფაქტობრივად დაამთავრა, ერთხელ იყო ნ. ნ-ი მასთან მისული და შესთავაზა, უკან აეღო თავისი 4000 აშშ დოლარი. მანამდე ამ შეთავაზებით ბ-ნ არავინ მისულა.
5. დაზარალებულის და მოწმის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მოწმეების - ი. ს-ა და გ. ს-ს ჩვენებებით, ასევე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - შ. ხ-ს, ო. ი-ს, ნ. ს-ს, ნ. ხ-ს, ე. ხ-ს, ნ. ნ-ს ჩვენებებით, 2013 წლის 9 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით, რომელიც გაცემულია თ. ხ-ს მიერ ბ. ს-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში განცხადების მიღების ბარათით (განცხადების რეგისტრაციის №....., დაინტერესებული პირი - ბ. ს-ი), 2013 წლის 17 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საქართველოს შს სამინისტროს 2013 წლის 6 ივნისის №... ბრძანებით მოქ. ბ. ს-ს 2013 წლის 10 მაისის №.... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებზე უარის თქმის შესახებ, 2013 წლის 16 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 აგვისტოს წერილით, მარტივი წერილობითი ხელშეკრულებით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (გამყიდველი - თ. ხ-ი, მინდობილი პირი - თ. ბ-ი, მყიდველი - ნ. ნ-ი), სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს №... წერილით.
6. ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მათ მისცა სამართლებრივად აშკარად არასწორი შეფასება, როდესაც თ. ხ-ს ქმედება დააკვალიფიცირა როგორც თაღლითობა, ვინაიდან თაღლითობის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ის, რომ დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ს-ა და თ. ხ-ს შორის ბინის ყიდვა-გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მომენტისათვის თ. ხ-ს განზრახვა - მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით დაუფლებოდა დაზარალებულ ბ. ს-ს კუთვნილ ფულს - 4000 აშშ დოლარს, რომელიც მან მიიღო ბ. ს-ს მინდობილობის გადაცემის შემდეგ, საქმის მასალებით არ დასტურდება.
7. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის მიხედვით, თ. ხ-ა მისცა ბ. ს-ს არამარტო მის სახელზე ბინის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების, არამედ ბინის განკარგვის უფლებაც. თავისთავად შეუძლებელი იყო თ. ხ-ს თავიდან სცოდნოდა, რომ ბ. ს-ი მის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ არ მოახდენდა ბინის განკარგვას მინდობილობაში მითითებული 1 თვის ვადაში.
8. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ხ-ს ქმედებაში არის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არსებობს თაღლითობის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.
9. როგორც აღვნიშნეთ, თ. ხ-ს მიერ ბ. ს-ს მიცემული მინდობილობით მათ შორის მოხდა შეთანხმება, რომლითაც თ. ხ-ა დაავალა ბ. ს-ს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შეესრულებინა ყველა სამართლებრივი მოქმედება, რათა ეს ქონება აღერიცხა მის სახელზე საკუთრების უფლებით და შემდეგ მოეხდინა მისი განკარგვა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამ შეთანხმების წინაპირობა იყო მხარეთა ორმხრივი ნება, რომ აღნიშნული უძრავი ქონების თ. ხ-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შემდეგ მომხდარიყო მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხებოდა ბ. ს-ს საკუთრებაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების ღირებულება იქნებოდა 4000 აშშ დოლარი, რომელიც მინდობილობის გაცემის შემდეგ და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე იქნებოდა გადახდილი, ხოლო სანაცვლოდ თ. ხ-ი დაცლიდა ბინას და ბ. ს-ს ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცემდა სახლს, რაც შესრულდა. ბ. ს-ა თანხა ნამდვილად გადასცა თ. ხ-ს, რასაც მხარეები არ ხდიან სადავოდ, ხოლო ბინა გადაეცა ფაქტობრივ მართლზომიერ მფლობელობაში ბ. ს-ს, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში განახორციელა მასზე გაუმჯობესებანი. ბ. ს-ა შეასრულა მინდობილობით მასზე დაკისრებული დავალება და თ. ხ-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხა სახლი, თუმცა შექმნილი ობიექტური მიზეზების გამო, მან ვერ მოახერხა ქონების თავის ან შვილიშვილის სახელზე საკუთრების უფლებით გადაფორმება. ბ. ს-ს მძიმე ოჯახური მდგომარეობით ისარგებლა თ. ხ-ა, რომელიც უკვე რეგისტრირებული იყო აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ და მისგან მალულად გაასხვისა ბინა მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად - 2000 ლარად თავის ნათესავზე - ნ. ნ-ე. ნაცვლად იმისა, რომ ბ. ს-ს მოთხოვნის თანახმად, თ. ხ-ს მასზე გადაეფორმებინა სახლი საკუთრების უფლებით, რაშიც მას სახლის ღირებულების თანხა - 4000 აშშ დოლარი მთლიანად მიღებული ჰქონდა, მან აღნიშნული მოქმედებით შექმნა იმის წინაპირობა მოტყუებით, რომ სათანადო ქონება არ მიეღო სახლის მართლზომიერ მფლობელს - ბ.ს-ს, რაც წესით მას უნდა მიეღო, რადგან გადახდილი ჰქონდა სახლის მთლიანი თანხა და თუ შეთანხმების რაიმე პირობას არ ეთანხმებოდა თ. ხ-ი, ის ამის შესახებ უნდა დალაპარაკებოდა ბ. ს-ს და მისგან მალულად არ უნდა მოეხდინა სახლის გაყიდვა, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად - 2000 ლარად, რითაც თ. ხ-ა მოტყუებით მიაყენა ქონებრივი ზიანი - 4000 აშშ დოლარის ოდენობით.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე და უნდა შეფასდეს როგორც ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; რაც შეეხება სასჯელს, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით.
11. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი პირის ბრალდების შესახებ დადგენილებასა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენში დანაშაულის ჩადენის თარიღად 2012 წლის იანვრის მითითება არის ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ვინაიდან როგორც დადგენილებაში, ასევე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებული 2013 წლის 9 იანვრის სანოტარო აქტის ...... ამონაწერით უტყუარად დადასტურებულია, რომ მათ შორის სახლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა 2013 წლის დასაწყისში, კერძოდ - 9 იანვარს, რაც გამოასწორა სააპელაციო სასამართლომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. თ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
პ. სილაგაძე