დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 27.07.2009
საქმის ნომერი
ას-1016-1211-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1016-1211-08 27 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჯ-ძის წარმომადგენლის გ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე, გუგული ზაქარაძის სარჩელის გამო მ. ჯ-ძის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ძის წარმომადგენელს გ. ს-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 23 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან მ. ჯ-ძე იმყოფება საზღვარგარეთ და სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ძის წარმომადგენლის გ. ს-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2009 წლის 17 თებერვალს კასატორმა კვლავ მიმართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან მ. ჯ-ძე იმყოფება საზღვარგარეთ და სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით მ. ჯ-ძის წარმომადგენლის გ. ს-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 241-242).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების (მოცემულ შემთხვევაში განჩინების) ჩამბარებლმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სასამართო უწყება ბარდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. საქართველოს ფოსტის ცნობის თანახმად, მოცემული განჩინება ჩაჰბარდა სპს საადვოკატო კომპანია “რამინ პაპიძე და პარტნიორების” ადვოკატ ქართველიშვილს 2009 წლის 19 ივნისს (ს.ფ. 266). სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ძის წარმომადგენლის გ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ-ძის წარმომადგენლის გ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.