საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
#336აპ-15 4 ნოემბერი,2015 წელი
თ-ე ა, 336აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. თ-ს განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით ა. თ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ა. თ-ს მიმართ სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. თ-ე დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 11 თებერვლიდან.
ა. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ა. თ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ა. თ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 3 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 11 თებერვლიდან.
ა. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. თ-მ.
2015 წლის 2 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით ა. თ-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ აკაკი თალაკვაძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე