დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 30.10.2009
საქმის ნომერი
ას-1017-1289-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1017-1289-09 30 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ენერგია XXI” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის (დავალიანების) გადახდა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ 2006 წლის 13 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის მიმართ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სს „საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიერ გორის ჯავშანსატანკო ბატალიონს მიეწოდება ელექტროენერგია. ამ უკანასკნელმა ჯეროვნად არ შეასრულა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულება და სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 17 964 ლარისა და 23 თეთრის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა მიუთითა 2005 წლის 1 ოქტომბრის ორმხრივი შედარების აქტზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ გენერალური დირექტორის განცხადება გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონის მიმართ დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ, გორის ჯავშანსატანკო ბატალიონს დაეკისრა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სასარგებლოდ 17 964,23 ლარის გადახდა.

2006 წლის 10 აპრილს მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა განჩინება გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სასარჩელო წარმოების წესით განხილვის თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სარჩელი დავალიანების გადახდის შესახებ იმ გარემოების გამო, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სარჩელის განხილვის მიზნით, დაინიშნა მთავარი სხდომა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში საჩივარი წარადგინა სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ. საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ენერგია XXI“. ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ უფლებამონაცვლე სს „ენერგია XXI-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 17 964 ლარისა და 23 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპლაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “ენერგია XX-ის” სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ენერგია XXI-ემ”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სს “ენერგია XXI-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს “ენერგია XXI-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებოიბის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სს “ენერგია-XXI-ს”, რომელიც ჩაჰბარდა კანცელარიას (ნ.მ-ძე) 2009 წლის 27 აგვისტოს, რა დროიდანაც დაიწყო საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა (ტ. II, ს.ფ. 35), საკასაციო საჩივარი კი მხარემ თანდართულ კონვერტზე დასმული საფოსტო განყოფილების შტამპის თანახმად, ფოსტაში ჩააბარა 2009 წლის 30 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ. 52), ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ სს “ენერგია-XXI-ემ” საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამმდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ენერგია-XXI-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ენერგია-XXI-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.