დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1033-1226-08 28 მაისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ჩ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ჯ. ჟ. თ. და მ. ძ-ძეები (მოსარჩელეები)
დავის საგანი – საკუთრების უფლების გადაცემა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. ჟ. თ. და მ. ძ-ძეებმა სარჩელი აღძრეს ლ. ჩ-შვილის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიერ დაკავებულ, თბილისში, ... ქ. ¹127-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა ამ ნივთის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ჯ. ჟ. თ. და მ. ძ-ძეები არიან ოჯახის წევრები. ჯ. ძ-ძის მშობლები სადავო საცხოვრებელ ფართში ცხოვრობდნენ მის დაბადებამდე – 1938 წლიდან, ჯ. ძ-ძე მეუღლე ჟ. ძ-ძესთან ერთად სადავო ბინის მისამართზე რეგისტრირებულია 1969 წლიდან, აქვე დაბადებიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულები არიან მათი შვილები – თ. და მ. ძ-ძეები. მოსარჩელეთა ოჯახი 1960 წლიდან დამოუკიდებლად იხდის კომუნალურ, კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადებს.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ისინი არიან მათ მიერ დაკავებული, თბილისში, ... ქ. ¹127-ში მდებარე 30,19 კვ.მ საცხოვრებელი სადგომისა და 4,16 კვ.მ სარდაფის მოსარგებლეები.
მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ 2007 წლის 10 თებერვალს სადავო სადგომის მესაკუთრე – ლ. ჩ-შვილმა ძ-ძეებს აცნობა, რომ მათთან წყვეტდა ქირავნობის ხელშეკრულებას და ფართის გასათავისუფლებლად მისცა 3-თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ლ. ჩ-შვილი არ აპირებდა „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონით დადგენილი კომპენსაციის გადახდას. 10,07 კვ.მ ორი ოთახისა და 4,34 კვ.მ-ის გასათავისუფლებლად მისცა 3-თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ ლ. ჩ-შვილი არ აპირებდა „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონით დადგენილი კომპენსაციის გადახდას.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ მიერ დაკავებული ფართი შესდგება 15,78 და 10.07 კვ.მ ორი ოთახისა და 4,34 კვ.მ შუშაბანდისა და სარდაფის სართულზე განთავსებული 4,16 კვ.მ სათავსისგან. მოსარჩელეებმა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებად მიუთითეს 18 000 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხე ლ. ჩ-შვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ქუჩა ¹127-ში მდებარე 30,19 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე და 4,16 კვ.მ სათავსზე საკუთრების უფლების გადაცემა სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის (4500 აშშ დოლარის) გადახდის სანაცვლოდ.
ლ. ჩ-შვილმა ჯ. ჟ. თ. და მ. ძ-ძეების მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელეთა გამოსახლება სადავო ფართიდან.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოდავე მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება შეუძლებელია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რადგან საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარჩელეებს ჰქონდათ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ლ. ჩ-შვილმა მიუთითა ქ.თბილისის ლენინის სახელობის რაიონის მე-4 უბნის სახალხო სასამართლოს მიერ 1954 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებასა და საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ ¹1623 დადგენილებაზე. აღნიშნული აქტების საფუძველზე ლ. ჩ-შვილმა განმარტა, რომ თბილისში, ... (ყოფილი ვოროშილოვის) ¹127-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე იყო მ. თ-ძე, ხოლო თ. ხ-ავა - დამქირავებელი, რის საფუძველზეც სასამართლომ თ. ხ-ავას მ. თ-ძის სასარგებლოდ დააკისრა ქირის – 19 მანეთისა და 80 კაპიკის გადახდა. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ის მ. თ-ძის მემკვიდრეა, ხოლო მოსარჩელე ჯ. ძ-ძე, თ. ხ-ავას მემკვიდრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჩ-შვილმა მიიჩნია, რომ განსახილველი დავის მხარეები არიან მამკვიდრებლების უფლებამონაცვლეები და, შესაბამისად, მათ შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
ლ. ჩ-შვილის განმარტებით, მან 2007 წლის 10 თებერვალს, ყოველთვიური ქირის გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეებს მოსთხოვა საცხოვრებელი ფართის დატოვება 3 თვის ვადაში. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 561-ე და 562-ე მუხლების საფუძველზე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოთხოვა ძ-ძეების მფლობელობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ჟ. თ. და მ. ძ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ლ. ჩ-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის განჩინებით ლ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საცხოვრებელი სადგომით ქირავნობის ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის არა 270-ე-271-ე მუხლები (1964 წლის რედაქციის კოდექსი), არამედ 290-ე მუხლი და ასევე საბინაო კოდექსი, სადაც დეტალურად არის მოწესრიგებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის სახლების საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იგნორირება, როდესაც ახალი კანონით მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ არ არსებობს სპეციალური დათქმა ამ ურთიერთობაში უკვე მოწერიგებული ურთიერთობის გადასინჯვაზე. დაუშვებელია მესაკუთრის საკუთრების უფლებების შეზღუდვა, რომელმაც თავისი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსაგან უკვე მიიღო გარანტია საკუთრების ხელშეუხებლობისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა და არასწორად შეაფასა ისინი. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებებით დასტურდება ქირავნობითი ურთიერთობები და არა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» კანონიდან გამომდინარე ურთიერთობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 1.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, «მოსარგებლეა _ პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით».
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების ფაქტის არსებობაზე მითითებულია ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის თანახმად «გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ანდა მესაკუთრესათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).»
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავმიჯნოთ აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება. უნდა აღინიშნოს, რომ, რადგან აღნიშნული კანონი აწესრიგებს 1996 წლამდე წარმოშობილ საცხოვრებელ სადგომის სარგებლობიდან წარმოშობილ ურთიერთობებს, ჩვენ მიერ მითითებული ამ ორი სამართლებრივი ურთიერთობის გამიჯვნისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ დროს არსებული სამართლებრივი აქტებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი ქირავნობითი ურთიერთობის კვალიფიკაციას, კერძოდ, (1964 წლის რედაქციის) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 290-ე მუხლი არეგულირებდა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას. ამავე მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდება, შეიცვლება და მოიშლება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებითა და წესით. იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ-ის საბინაო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, მოქალაქეებს, რომელთაც პირად საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი, უფლება გააჩნდათ, შეესახლებინათ სახლში სხვა მოქალაქენი, აგრეთვე, გაექირავებინათ იგი კანონით დადგენილი პირობებითა და წესით.
აღნიშნული ქირავნობის ვადა და სხვა პირობები რეგულირდებოდა მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროსაც უნდა დაცულიყო წერილობითი ფორმა.
ამდენად, აღნიშნული ურთიერთობა ითვალისწინებდა გარკვეული ვადით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობას. განუსაზღვრელი ვადაც მიუთითებს სადგომით დროებით სარგებლობაზე. განუსაზღვრელი ვადით საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა მესაკუთრეს შეეძლო მოეთხოვა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
«საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი იმის შესახებ, რომ «მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით» უნდა გავიგოთ, უპირველეს ყოვლისა, ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ, აღნიშნული კანონი არეგულირებს ისეთ ურთიერთობებს, რომლის მარეგულირებელ მექანიზმს არ იცნობდა 1996 წლამდე არსებული კანონმდებლობა. აღნიშნული დანაწესი უთითებს ისეთ ურთიერთობებზე, რომლის თანახმად მესაკუთრის მიერ ხდებოდა ნივთის მიტოვება (დათმობა) მოსარგებლის სასარგებლოდ. ერთ შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომის გადაცემა ხდებოდა მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც იგულისხმება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლების გადაცემა. ამისათვის გარკვეული საფასურის გადახდა ,განსახილველი კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის ფაქტი. აღნიშნული საფასური შესაძლებელია ყოფილიყო როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა ფაქტობრივად ხდებოდა მოსარგებლეზე «სამუდამოდ», რაც ასხვავებდა მას ქირავნობის ინტიტუტისაგან.
ამრიგად, გარკვეული ქირის გადახდა თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს ქირავნობის ურთიერთობებზე. ქირავნობის ურთიერთობის განსაზღვრისათვის აუცილებელია, არსებობდეს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლისთვისაც დამახასიათებელია საცხოვრებელი სადგომის გარკვეული დროით გადაცემა და ამისათვის ქირის გადახდა (რომელშიც იგულისხმება ვადიანი და უვადო ხელშეკრულებები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენებოდა სსრ-ის საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი). სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას დამქირავებელი უდებს სახლის მესაკუთრეს წერილობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს უნდა დაედასტურებინა ქირავნობის ხელსეკრულების ფაქტი მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულებით. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს არც წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება და არც 1954-56 წლების გადაწყვეტილებებში არ არის მითითებული მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობაზე (საცხოვრებელი სადგომის გარკვეულ ვადით, დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უთითებს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონიდან წარმოშობილ ურთიერთობაზე, კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად თბილისში, ... ¹127-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობის მესაკუთრე იყო 1969 წლის 19 ივნისს გარდაცვლილი მ. თ-ძე _ ლ. ჩ-შვილის ბებია და ლ. ჩ-შვილი ამ ქონების მესაკუთრე გახდა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის გზით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1954 წლისათვის თბილისში, ვოროშილოვის (დღევანდელი ...) ¹127-ში მდებარე სახლში საცხოვრებელ ფართს ფლობდა და მასში ცხოვრობდა ჯ. ძ-ძის დედა თ. ხ-ავა. მოსარჩელეების მიერ დაკავებული ფართი 30.19 კვ.მ-ია, ხოლო სარდაფი - 4.16კვ.მ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვოროშილოვის (დღევანდელი ...) ¹127-ში მდებარე სახლში მოსარჩელე ჯ. ძ-ძე რეგისტრირებულია 1960 წლიდან, ჟ. ძ-ძე _ 1969 წლიდან, თ. ძ-ძე _ 1989 წლიდან, ხოლო მარინა ძ-ძე _ 1984 წლიდან. ასევე, დადგენილია, რომ ძ-ძეების ოჯახი 1996 წლამდე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მოსარჩელეები ამჟამადაც ცხოვრობენ სადავო ფართში და იხდიან კომუნალურ გადასახადებს.
«საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს ყველა სამართლებრივი ელემენტი, რომელიც მიუთითებს საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე. ამდენად, დასტურდება სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდისა და მესაკუთრესათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდის ფაქტებიც (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გაგებული უნდა იქნას «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონის 1.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის კონტექსტში, რომლის თანახმად მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს. აღნიშნული დანაწესი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სადგომი მესაკუთრის მიერ გადაცემული იყო არა გარკვეული დროით, არამედ «სამუდამოდ» ხდებოდა საცხოვრებელი სადგომის დათმობა და მოსარგებლე კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს. ამდენად, კანონის აღნიშნული დანაწესის არსებობაზე უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ძ-ძეების ოჯახი 1996 წლამდე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მოსარჩელეებიც ამჟამადაც ცხოვრობენ და იხდიან კომუნალურ გადასახადებს.
ის, რომ გარკვეული დროით (ვადით თუ უვადოდ) იყო დადებული ხელშეკრულება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ქირავნობის ურთიერთობებზე, უნდა ამტკიცოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრემ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.