დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2007
საქმის ნომერი
ას-104-449-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-104-449-07 30 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ე (ძირითად სარჩელში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, აუცილებელი გზის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის დედა მ. გ-ე ცნობილ იქნა თერჯოლაში, ... ქ.¹5-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ. 2005 წლის 26 სექტემბერს მ. გ-მ ზესტაფონის რაიონის სანოტარო ბიუროში გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება და თავისი უძრავი ქონება აჩუქა გ. გ-ს. 13 წლის განმავლობაში აღნიშნულ სახლში 20 კვ.მ ოთახი და ხის სათავსი თვითნებურად უკავია მოსარჩელის ძმას _ ნ. გ-ს, რომელსაც სხვა საცხოვრებელი ადგილიც აქვს. მოსარჩელემ მოითხოვა ძმისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება და მოპასუხისათვის 800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან ხის დამხმარე სათავსის აღების დავალება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ მიწის ნაკვეთიდან და სადავო სახლიდან გამოსახლების ნაწილში ცნო, დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები კი უკანონოდ მიიჩნია. ასევე ნ.გ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს აუცილებელი გზის გამოყოფის თაობაზე.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თანმხლებ პირებათან ერთად სადავო სახლიდან გამოსახლდა, მასვე დაევალა 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება და მასზე არსებული ხის სათავსის აღება. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თერჯოლაში, ... ქ.¹15-ში მდებარე სახლი და 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გ. გ-ის საკუთრებას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ხის სათავსი მდებარეობს გ.გ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით და სასარჩელო მოთხოვნა კანონიერად დააკმაყოფილა. პალატამ არ გაიზიარა ნ.გ-ის არგუმენტი, რომ მას სარჩელი ნაწილობრივ არ უცვნია და მიუთითა შეგებებულ სარჩელში დაფიქსირებულ მხარის განმარტებაზე ნ.გ-ის მიერ, მისი გამოსახლების ნაწილში, სარჩელის ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ ნ.გ-ის ნაკვეთს სათანადო მისასვლელი გზა გააჩნია და მოცემულ შემთხვევაში გ.გ-ის ნაკვეთზე შეგებებული სარჩელის ავტორისათვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული გზის გამოყოფის აუცილებლობა არ არსებობს.

აღნიშნული განჩინება ნ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. გ-მ სარჩელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან მისი გამოსახლების ნაწილში ცნო, ფაქტობრივად, კასატორმა სარჩელი ცნო მხოლოდ სადავო სათავსის აღების ნაწილში. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და სადავო აუცილებელი გზის საჭიროება სათანადოდ არ შეაფასა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.