დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1045-1313-09 21 დეკემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მ. ა-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 26 დეკემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მოპასუხე მ. ა-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების _ 1 480.66 ლარის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით^ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ა-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 162.54 ლარის გადახდა (ს.ფ. 54-59).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ს.ფ. 61-71).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” 2008 წლის 21 მარტის ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹000243 აქტით ოზურგეთში, ... ქ. ¹12-ში მცხოვრებ ჯულიეტა ა-ძეს მრიცხველის გვერდის ავლით საკუთარ სახლში შეყვანილი ჰყავდა ელექტროსადენი;
აღნიშნული აქტის საფუძველზე სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის აბონენტთა მომსახურეობის ცენტრის მიერ, მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹139 აქტით ჯულიეტა ა-ძეს ელექტროენერგიის დატაცებისათვის დაერიცხა 8 904 კვსთ-ის ღირებულება 1435.70 ლარი;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის დადგენილებით მ. ა-ძეს (ჯულიეტა ა-ძის შვილს), როგორც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დრო და პერიოდი იყო დაუდგენელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა და ფიქისრებული გადასახადების მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-7 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” 2008 წლის 21 მარტის ელექტროენერგიის შემოწმების ¹000243 აქტი და ამავე წლის 30 აპრილის მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი ¹139 არ შეესაბამებოდა დასახელებული დადგენილების მოთხოვნებს, კერძოდ, ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტში არ იყო მითითებული: შესამოწმებელ ობიექტში რეალურად დადგმული სიმძლავრეების შესახებ, გამზომი ხელსაწყოს დასახელება (მითითებული იყო მხოლოდ საქარხნო ნომრები), მოხდა თუ არა აბონენტის ქსელიდან გათიშვა ან მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება, შემოწმების (მუშაობის) საათები, აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დღე-ღამური ხანგრძლივობა. აქტში იმ გრაფის გასწვრივ, სადაც მითითებულია დენი I (ამპერი) წერია ციფრი 6, თუმცა გაუგებარია 6 ამპერი დენის დატაცება ხდებოდა მუდმივად თუ შემოწმების მომენტში. შესაბამისად, აღნიშნული აქტის საფუძველზე შედგენილი მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹139 აქტი არ შეესაბამებოდა დადგენილების მე-5 მუხლის მოთხოვნას, რამდენადაც არ იყო მოპოვებული ამომწურავი ინფორმაცია აბონენტის შესახებ, ხოლო დარიცხვა მოხდა არა ზუსტად დადგენილი ფაქტების (მტკიცებულებების) საფუძველზე, არამედ სავარაუდოდ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეები არ უარყოფდნენ ელექტროენერგიის დატაცების დაწყების დროისა და პერიოდის დაუდგენლობას, დაუსაბუთებელი იყო დატაცებული ელექტროენერგიის გაანგარიშება 9 თვეზე. ამასთან, დარიცხვის აქტით არ იყო გამოკლებული მრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგია.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, რომელიც აწესრიგებს დარღვევის პერიოდის განსაზღვრის საკითხს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი განმარტავდა, რომ დატაცებული ელექტროენერგიის დარიცხვა მოხდა არსებული აღრიცხვის კვანძის მონტაჟის დღიდან დაწყებული პერიოდის გათვალისწინებით, თუმცა როდის იყო დამონტაჟებული “არსებული აღრიცხვის კვანძი”, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. უფრო მეტიც, 2008 წლის 30 აპრილის მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹139 აქტით, საერთოდ არ დასტურდებოდა თუ რა (რომელი) მეთოდით მოხდებოდა დარღვევის პერიოდის შეფასება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული აქტები არ იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ აბონენტ მ. ა-ძის მიერ მოხდა 8 204 კვტ.საათის დატაცება, რაც თანხობრივად გამოიხატა 1480.66 ლარში. თავად მ. ა-ძემ აღიარა მხოლოდ 162.54 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი, რაც დაეკისრა კიდეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადასაწყვეტად ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება, რამდენადაც 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების თანახმად, “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები” არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელთაც არეგულირებს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თავისი სამართლებრივი შედეგით იყო სწორი და კანონიერი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 118-125).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორისათვის გაუგებარია, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მიერვე დასახელებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, თუმცა კანონის დასახელებული ნორმა საქმეზე იგივე გადაწყვეტილების დადგომის პირობებში, გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს საპროცესო (და არა მატერიალური) სამართლის ნორმების დარღვევას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების უფლება გააჩნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნებოდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონდარღვევით, რაც მისი გაუქების აბსოლუტური საფუძველია.
2008 წლის 21 მარტის ელექტროენერგიის შემოწმების ¹000243 აქტისა და ამავე წლის 30 აპრილის მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ¹139 აქტის კანონშესაბამისობის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს შემდეგზე:
არასწორია სააპელაციო მსჯელობა იმის შესახებ, რომ შემოწმების აქტში არ არის მითითებული შესამოწმებელ ობიექტში არსებული რეალურად დადგმული სიმძლავრეების შესახებ. სადავო შემთხვევაში არალეგალური ხაზი მუდმივად კვებავდა დანადგარების მხოლოდ ნაწილს. 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ ხაზი მუდმივად კვებავს დანადგარების მხოლოდ ნაწილს, მაშინ დაერიცხება მიერთებული დანადგარების დადგმული სიმძლავრით. ამდენად, ობიექტის დადგმული სიმძლავრეების შესახებ ინფორმაციის ჩაწერა აღრიცხვიანობის შემოწმების აქტში არ არის სავალდებულო.
კასატორი ასევე არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ შემთხვევაზე სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გავრცელებას, რადგან ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მოცემული დანაწესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ობიექტის მთლიანად გადართვა უკანონო ხაზზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია. ასეთ ვითარებაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით (ხაზი მუდმივად კვებავს დანადგარების მხოლოდ ნაწილს), რაც კონკრეტულ შემთხვევაში დატაცებული კილოვატების დასადგენად შესამოწმებელ ობიექტში რეალურად დადგმული სიმძლავრეების მითითებას გამორიცხავდა.
კასატორის განმარტებით, აქტში გამზომის ხელსაწყოს მიუთითებლობა ვერ გახდება დარიცხვის გაუქმების საფუძველი. გამზომი ხელსაწყოს დანიშნულებაა, ზუსტად გაზომოს, რამდენი ამპერი დენი მიაქვს ქსელში ჩართულ დანადგარს. მოცემულ შემთხვევაში დარიცხვის გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო თავად ხელსაწყოს გაუმართაობა, რომლის შესახებაც საქმეში არანაირი დოკუმენტი არ დევს და არა ის, რომ აქტში ხელსაწყოს სახელი არ არის მითითებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ აქტში დასახელებულია საქარხნო ნომერი, რომელიც უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სხელსაწყოს თავისი ინდივიდუალური ნომერი გააჩნია. აბონენტის მიერ აღნიშნული ფაქტის სადავოობის შემთხვევაში მისი დაზუსტება მარტივად იყო შესაძლებელი (იდენტიფიცირება დღესაც შესაძლებელია). ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ დავა წამოიწყო ენერგოკომპანიამ და აბონენტისაგან მოითხოვა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. Yთავად აბონენტს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი, დარიცხული კვტ/სთ-ები და დარიცხვის აქტი სადავოდ არ გაუხდია.
კასატორს მცდარად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ შედგენილ აქტში არაა მითითებული, მოხდა თუ არა აბონენტის ქსელიდან გათიშვა ან მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება. მისი განმარტებით, ასეც რომ იყოს, მოცემულ გარემოებას დარიცხვის სისწორესთან კავშირი ვერ ექნება, ვინაიდან არსებული ნორმატიული აქტის მიხედვით, დარიცხვა ხორციელდება დარღვევის აღმოჩენიდან წინა და არა შემდგომ პერიოდზე. მოცემულ შემთხვევაში დარღვევა, რომ ადგილზევე გამოსწორდა, ეს ფაქტობრივი გარემოება ჯერ კიდევ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას იქნა დადგენილი და დადასტურებული.
კასატორი მიუთითებს სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, სადაც საუბარია დარღვევის პერიოდზე. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც აღრიცხვიანობის პერიოდი ზუსტად ვერ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ აღრიცხვიანობის პერიოდის ზუსტად დაუდგენლობას. ამიტომ ენერგოკომპანიას სრული უფლება ჰქონდა, სემეკის ზემომითითებული დადგენილების მე-2 მუხლის “ბ” პუნქტით დარღვევის პერიოდად აეღო არსებული კვანძის მონტაჟის დღიდან დაწყებული პერიოდი.
იმ პირობებში, როდესაც სს “ენერგო-პრო ჯორჯია” ნორმატიული აქტით დადგენილი დარიცხვის მეთოდიკით ადგენს აღურიცხავი ელექტროენერგიის ოდენობას, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ან გაანგარიშებით შეექმნა სასამართლოს იმის რწმენა, რომ სამართალდამრღვევმა ზუსტად მის მიერ აღიარებული 162.54 ლარის ელექტროენერგია დაიტაცა. ამ ფაქტორს ენერგოკომპანიისათვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან იგი წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ საზოგადოებას, რომლის შემოსავლის ძირითადი წყაროა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება (ს.ფ. 130-140).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დაუბრუნდეს 2009 წლის 11 ნოემბერს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.