დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-107-440-09 27 აპრილი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ნ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ-უა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ნივთების დაბრუნება, თანასაკუთრების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჭ-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-იას მიმართ განქორწინების, მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებისა და კუთვნილი ნივთების გადაცემის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, თუმცა, დაძაბული ურთიერთობის გამო, მათი თანაცხოვრება შეუძლებელია.
მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, დ.ნ-იამ მოითხოვა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნივთებიდან კუთვნილი წილის _ 7925 ლარის ანაზღაურება, სახერხი დანადგარის დაბრუნება, ასევე მიუთითა, რომ ნ.ჭ-უამ რამდენჯერმე მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ავტომანქანაში მხარეთა შვილიც იმყოფებოდა, ამდენად, მას ბავშვის ავტომანქანით გადაყვანა უნდა აეკრძალოს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის ქონებრივი მოთხოვნა გამოეყო ცალკე წარმოებად. ამავე სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ჭ-უას სარჩელი ქონების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით იმსჯელა რა დ.ნ-იას შესაგებლით წარდგენილ მოთხოვნაზე, იგი არ დააკმაყოფილა, მასვე დაკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 7925 ლარის 3%-ის _ 239,25 ლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა ნ.ჭ-უამ, დანარჩენ ნაწილში კი _ დ.ნ-იამ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც თავისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. ჭ-უამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ჭ-უა და დ. ნ-ია 2005 წლის 31 დეკემბერს დაქორწინდნენ, 2006 წლის 28 აგვისტოს კი შეეძინათ შვილი _ დ.ნ-ია. სასამართლოში მოცემული საქმის განხილვა მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2008 წლის 16 ივლისს 12 საათზე, რის შესახებ სასამართლო უწყებები ნ. ჭ-უასა და მის წარმომადგენელ ჯ. ბ-იას ჩაბარდათ. 2008 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, პროცესი დაიწყო 12.22 საათზე. ჯ.ბ-იას განცხადების მიხედვით, მისი ჩვილი ბავშვი გაჭირვეულდა, რის გამოც პროცესზე ნახევარი საათით დააგვიანდა და გამოცხადდა 12.30 საათზე, რაც სასამართლო კანცელარიის გამგემაც დაადასტურა. აღნიშნული განცხადება სასამართლოში შეტანილ იქნა 16 ივლისს, 12.30 საათზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით და საპატიოდ მიიჩნია მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე 8 წუთით დაგვიანება, რადგან აღნიშნული გამოწვეული იყო ჯ.ბ-იას ჩვილი ბავშვის ჭირვეულობით. პალატამ მიუთითა, რომ ჯ.ბ-იას განცხადება სასამართლოში შევიდა 2008 წლის 16 ივლისს 12.30 საათზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარე არასაპატიო მიზეზით კი არ გამოცხადდა სასამართლოში, არამედ დააგვიანა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ გახდება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ დ.ნ-იას მიერ შესაგებელში წარდგენილი მოთხოვნები შეგებებულ სარჩელად არ უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე და 354-ე მუხლების საფუძველზე. პალატამ მიუთითა, რომ დ.ნ-იამ შეგებებული სარჩელი შეიტანა თანასაკუთრების გაყოფასთან დაკავშირებით, რაც საოჯახო-სამართლებრივი დავაა და მისი განხილვა ნ. ჭ-უას სარჩელის გამო საოჯახო დავასთან ერთად დასაშვებია. ამასთან, პალატის მოსაზრებით, დ.ნ-იას შეგებებული სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებობის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიჩნევისას სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 236-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ.ნ-იას არგუმენტი, რომ აპელანტმა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და არა 5 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარში აღინიშნა, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე აპელანტმა ფაქტობრივად დააზუსტა მოთხოვნა, როდესაც მოითხოვა 5 აგვისტოს განჩინების გაუქმებაც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად, ვინაიდან აპელანტმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს მხოლოდ 2008 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების თაობაზე 5 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნა წარადგინა საქმის განხილვისას სააპელაციო პალატის მითითების საფუძველზე, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, კასატორის ნებართვის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ გაუთვალისწინებია, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუდასტურებია სასამართლო სხდომაზე თავისი დაგვიანების მიზეზის არსებობა. ამდენად, სასამართლომ მხარე არასწორად გაათავისუფლა მტკიცების ტვირთისაგან. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო პროცესზე მოსარჩელის დაგვიანებამ სისტემატური ხასიათი მიიღო და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დღეს სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო კასატორის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელის წარმომადგენლის დაგვიანება მის გამოუცხადებლობად უნდა მიეჩნია. სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლითა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაადასტურა ისეთი გარემოების არსებობა, რომელმაც ხელი შეუშალა მას, დროულად შეეტყობინებინა სასამართლოსათვის საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად არასწორად ჩათვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით დ. ნ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ნ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია სასამართლოში მხარის დაგვიანებისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ნ-იას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2009 წლის 23 მარტს ზ. ნ-იას მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ნ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
დ. ნ-იას დაუბრუნდეს ზ. ნ-იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.