საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.01.2016
საქმის ნომერი
2კ-418აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №418აპ-15 ქ. თბილისი

კ-ა ბ, 418აპ-15 15 იანვარი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ბ. კ-ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით გ. ი-ს საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 999მ2 მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო ფართის 178.00 ½ ნაწილზე დადებული ყადაღა, მდებარე - ქ. თ-ი, დ-ი, დ-ს ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდი ....).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განაჩენით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი ბ. კ-ს მიმართ.

ბ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

ცნობად იქნა მიღებული, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით გ. ი-ს საკუთრებაში არსებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 999მ2 მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საერთო ფართის 178.00 ½ ნაწილზე დადებული ყადაღა, მდებარე - ქ. თ-ი, დ-ი, დ-ს ქუჩა №....-ში (საკადასტრო კოდი ......).

საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ბ. კ-ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი