დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-1104-1259-08 30 აპრილი, 2009წ.
q. Tbilisi
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,ს. რ.” (მოპასუხე)
წარმომადგენელი -- ა. ს-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _შპს ,,პ.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება—თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „პ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ს. რ.“ შპს „.“ სასარგებლოდ დაეკისრა 48622.21 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.”
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა გასაჩივრებიული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „პ.“ და შპს „ს. რ.“ შორის 2006 წლის 25 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ¹შს\06-244 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც შპს „პ.“ იკისრა ვალდებულება შპს „ს. რ.“ მიეწოდებინა 94010 აშშ დოლარის ღირებულების საგეთი მასალა-ინდუსტრიული ზეთი ¹-40.
2006 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო სამმართველოში შპს „პ.“ შეიტანა ორი ვაგონცისტერნა ¹73005423 და ¹74043274 ინდუსტრიული ზეთი ¹-40, საერთო რაოდენობით 134250 ლიტრი, 119859 კგ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს შპს „პ. დირექტორი ზ. ს-შვილი და თბილისის მახარისხებელ სალოკომოტივო სამმართველოს წამწყვანი თბოინჟინერი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოიწერა ორი ანგარიშფაქტურა (სერია ას ¹083007 და ¹083008).
შპს „ს. რ.“ მიიღო იმაზე მეტი ზეთი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინეკბული და მან გადაიხადა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 79000 კგ. საფასური, ხოლო დამატებით მიღებული 40859 კგ. ღირებულება არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს. რ.” მიერ დადასტურებულ იქნა მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის ზეთის მიღება და რომ მათ მიერ გადახდილია მხოლოდ 2006 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობის ზეთის საფასური.
პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს. რ.” არგუმენტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე არ იყო უფლებამოსილი მიეღო იმაზე მეტი რაოდენობის ზეთი, რაც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, არ ცვლის გარიგების შინაარს და მოთხოვნის საფუძველს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და აღნიშნული გარემოება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან შპს „ს. რ.“ მიმართ სხვა მოთხოვნის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.”.
კასატორის განმარტებით, შპს „პ.“ მიერ შპს „ს. რ.“ საქონლის მიწოდება განხორციელდა არა 2006 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით, როგორც მოსარჩელე აცხადებს, არამედ მანამდე ანუ 2006 წლის 18 ივნისს, რასაც ადასტურებს შპს ,,პ.” მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც თარიღდება 18 ივნისით.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ, შპს „ს. რ.“ 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი საკუთრებაა და ამხელა თანხაზე ხელშეკრულების გარეშე არაუფლებამოსილი იყო მიეღო საქონელი. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%_ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამავე კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზანს – სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის შესახებ. გამომდინარე აქედან შპს „ს. რ.“ აღნიშნულ მიწოდებას არ ცნობს და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორის აზრით, მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც სასამართლომ მიიჩნია კონკრეტული გარემოებების დამადასტურებელ სარწმუნო წერილობით მტკიცებულებებად, აქტებს შპს „ს. რ.“ მხრიდან ხელს აწერს თბოინჟინერი, ხოლო მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის თანახმად საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება საზოგადოების დირექტორს. ამავე კანონის თანახმად, საზოგადოების დირექტორს უფლება აქვს წარმომადგენლობა მიანიჭოს სხვა პირს. მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ინფრასტრუქტურის დირექტორს ი. ჭ-ძეს, რასაც ადასტურებს მათ მიერ წარმოდგენილი 2006 წლის 18 მაისის მინდობილობა. ე.ი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი უნდა მოეწერა ინფრასტრუქტურის დირექტორს და არა თბოინჟინერს. გამომდინარე აქედან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიმარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი იმის თაობაზე, რომ შპს „ს. რ.“ მიიღო იმაზე მეტი ზეთი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და მას დამატებით მიღებული ზეთის ღირებულება არ გადაუხდია.
აღნიშნული გარემოებას შპს „ს. რ.” უარყოფს იმ არგუმენტით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია 2006 წლის 25 ივლისს, მიღება-ჩაბარების აქტი კი თარიღდება 18 ივნისით და შეუძლებელია საქონლის მიწოდება მომხდარიყო ხელშეკრულების დადებამდე. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ თარიღი მითითებულია არასწორად, რაც უნდა ჩაითვალოს მექნიკურ შეცდომად, რადგან აქტის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ იგი შედგენილია 2006 წლის 18 აგვისტოს, ამასთან ანგარიშ-ფაქტურებიც შედგენილია იმავე თარიღით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზა” „სახელმწფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდნარე არ იყო უფლებამოსილი მიეღო იმაზე მეტი ზეთი ვიდრე იგი მითითებულია ხელშეკრულებაში. ასეთი ქონების მიღება-არმიღების ფაქტი შეიძლება უარყოფილი იქნეს არა კანონით და ნორმატიული აქტით, არამედ მტკიცებულებით, რომლითაც გაქარწყლდება ეს ფაქტობრივი გარემოება.
პალატა ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტსაც, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოწერილი აქვს არაუფლებამოსილ პირს მოცემულ შემთხვევაში აქტს ხელს აწერს რკინიგზის თანამშრომელი თბოინჟინერი და თუნდაც იგი იყოს არაუფლებამოსილი ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ რკინიგზამ მიიღო ზეთი იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ხელშეკრულებით უნდა მიეღო მას. .
აღნიშნული გარემოების უარსაყოფად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კასატორის ის არგუმენტიც, რომ ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულებაში ცვლილება დაუშვებელია მხარეთა მიერ წერილობითი შესწორების გარეშე და იგი უნდა დაერთოს ხელშეკრულებას დანართის სახით. სადავოდ არაა გამხდარი ის გარემოება, რომ შპს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო საქონელი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული და კანონიც უკრძალავს ასეთი ხელშეკრულების დადებას, არ მომხდარა ასეთი გარემოება როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს „ს. რ.“ პროდუქცია მიიღო ხელშეკრულების გარეშე. ასეთ შემთხვევას კი კანონი (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) გადაცემულის უკან დაბრუნებას უკავშირებს. სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ვინაიდან დღეისათვის ზეთი გახარჯულია, შპს „ს. რ.” ვალდებულია გადაიხადოს მიღებული საქონლის ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ს. რ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.