შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
#366აპ.-15 ქ. თბილისი
პ-ა რ.-366ap.-15 4 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენით რ. პ-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლითა და 252-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მსჯავრდებულმა რ. პ-მ 2014 წლის 23 აგვისტოს ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ზუგდიდში, ... ქ. №--ში მდებარე დ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ სამ ტომარა თხილს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 559,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. აღნიშნული ქმედებისათვის რ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 23 აგვისტოდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. პ-მ და მისმა ადვოკატმა ს. ჯ-მ. აპელანტებმა ითხოვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და რ. პ-ს გამართლება.
5 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.კასატორები – მსჯავრდებული რ. პ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენის გაუქმებას და რ. პ-ს გამართლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მტკიცებულებათა გაყალბებით და ამ გაყალბებულ მტკიცებულებათა საფუძველზე წარედგინა ბრალი რ. პ-ს; ქურდობა მას არ ჩაუდენია; პოლიციელებმა იგი დააკავეს უკანონოდ, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, სცემეს უმოწყალოდ, რასაც შეესწრნენ მეზობლები; ჩხრეკის დროს ნაქურდალი არ ამოუღიათ; პოლიციელების – შ. კ-ს, გ. ქ-ს, ვინმე „მ-ს“ და სხვათა მხრიდან ცემისა და წამების შედეგად რ. პ-ა მოწყდა წელქვევით, დაინვალიდდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა სამედიცინო ეტლს; მან არაერთხელ მიმართა საჩივრით საქართველოს მთავარ პროკურატურას, მაგრამ დღემდე ამ ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო იმ პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც ვერ იქნებიან მიუკერძოებელნი და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, ამიტომ მათი ჩვენებები სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ამოიღო მოწმეთა სიიდან დაცვის მხარის მოწმე ე. ხ-ა, რომელიც დაადასტურებდა რ. პ-ს უდანაშაულობას; სააპელაციო ინსტანციის სასამართლო პირველ ინსტანციაში გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ იკვლევს და მათ გამოკვლეულად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, მხარე ითხოვს თუ არა მათ გამოკვლევას, ამიტომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფუნქციო რგოლია სასამართლო სისტემაში; იმის გამო, რომ რაღაც ნორმა კანონში არ წერია, უდანაშაულო პირის მსჯავრდება დაუშვებელია.
9. გარდა აღნიშნულისა, აშკარა შეუსაბამობაა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმსა და მოწმე – პოლიციელ გ. ქ-ს ჩვენებას შორის; ამ მონაცემების გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ პოლიცია ქურდობის ფაქტამდე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იქვე დააკავა ქურდი, რაც აშკარა სიყალბეა; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და ეჭვგარეშე სტანდარტით არ დაადგინა დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა; სასამართლომ ასევე არ დაკითხა დ. ნ-ა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც პოლიციის მისვლამდე იმყოფებოდნენ დაზარალებულის სახლთან და რომელთა დაკითხვაც ასევე დაადასტურებდა რ. პ-ს უდანაშაულობას; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ დ. ჩ-ს ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი ჩვენებები, რადგან, როგორც ჩანს, მას დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით, ამიტომ სასამართლო პროცესზე განსახვავებული პოზიცია დააფიქსირა.
10. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეწინააღმდეგება მოწმეების – ზ. პ-სა და რ. ლ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დ. ჩ-ს ახსნა-განმარტება; აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულის სახლის პირველ სართულზე განთავსებული ფანჯრები (ე.წ. „ფორტოჩკები“) იმდენად ვიწროა, რომ მასში ვერც ადამიანი შეძლებს გადაძრომას და ვერც თხილით სავსე ტომარა გაეტევა; სასამართლომ უარყო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების – ნ. ო-ს, ს. ა-ს, პ. ბ-ს, ნ. ლ-ს, ნ. კ-ს ჩვენებები, რომლებითაც დადასტურდა პოლიციელთა მხრიდან რ. პ-ს ცემისა და წამების ფაქტი, თუმცა განაჩენში არ დაუსაბუთებია, რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა; სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების დამატებითი დაკითხვის შესახებ, რითაც შეუზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
11. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, საკამათო სიტყვების სტადიაზე, ტ. ყ-მ (რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია და მოთავსებულია ქუთაისის №2 დაწესებულებაში) განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას იმის შესახებ, რომ დანაშაული მისი ჩადენილია, რ. პ-ს უკანონოდ დასდეს მსჯავრი და მოითხოვა საქმის გამოძიება და რ. პ-ს გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ახალ გარემოებათა გამო მოწმის დაკითხვის შესახებ, ხოლო მთავარმა პროკურატურამ ტ. ყ-ს განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის დააწერა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას, რომელიც ბრალმდებელია სასამართლო პროცესებზე და ლოგიკურია, რომ დარღვევებისათვის საკუთარ თავს არ დასჯის. ეს საქმე უნდა გამოიძიოს მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა პროკურატურამ.
12. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი კანონიერი მოთხოვნა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, „დააკოპირა“ პირველი ინსტანციის განაჩენი და საქმის განხილვისას დაარღვია შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები; სასამართლოს რ. პ-სათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – 5000 ლარი ჯარიმა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა მოეხსნა და არ უნდა დაემატებინა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ. პ-ა და ადვოკატი ხ. თ-ე ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენის გაუქმებას, რ. პ-ს გამართლებასა და უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ რ. პ-ს უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულ რ.პ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
3. დაზარალებულ დ. ჩ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, მუშაობდა კომპიუტერთან და გვიან დაწვა დასაძინებლად. დაახლოებით 04:00 საათზე გააღვიძა ხმაურმა, მიხვდა,რომ პირველ სართულზე ვიღაც მოძრაობდა, შეეშინდა და დარეკა 112-ში, შემდეგ ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა მამაკაცი, რომელსაც ხელში ტომარა ეჭირა, საფრთხე იგრძნო და დაბლა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ ჩავიდა. ესენი იყვნენ გ. ქ-ა და შ. კ-ა. მათ დ. ჩ-ს განუცხადეს, რომ დააკავეს პიროვნება რ. პ-ა. დაკავება მოხდა თხილიანად მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, ორივე სართულს იყენებს საცხოვრებლად, ფანჯრები აქვს ჩვეულებრივი, ადამიანს თავისუფლად შეუძლია გადასვლა. სახლიდან გატანილია 3 ტომარა თხილი, ორი ტომარა სახლის მარჯვენა მხარეს ეწყო, მესამე კი - დაკავებულთან ნახა.
4. მოწმეების გ. ქ-სა და შ. კ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას … ქუჩაზე. ამ დროს დაუკავშირდათ მორიგე, რომელმაც აცნობა, რომ … ქ. N--ში დ. ჩ-ა ითხოვდა დახმარებას. დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ ადგილზე, ეზოში ნახეს მამაკაცი, რომელსაც ტომარა ჰქონდა გადაკიდებული. პიროვნებამ მათი დანახვისას გაქცევა სცადა, მაგრამ დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს 1 ტომარა თხილი.
5. მოწმეების - პ. ჯ-სა და ე. გ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე … ქუჩაზე, დაათვალიერეს ეზო, ორსართულიანი სახლის მარცხენა მხარეს, კედელთან, ნახეს ორი პოლიეთილენის ტომარა თხილით, რომელსაც გადაუღეს ფოტო, შეფუთეს და დალუქეს.
6. მოწმე გ. ხ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის №… დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი თხილის ღირებულება შესაძლოა, განისაზღვროს 559,7 ლარით.
7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია რ. პ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას რ. პ-ს მიერ ქურდობის არაერთგზის ჩადენის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არერთგზისად ჩაითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. მსჯავრდებული რ. პ-ა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 11 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული წესით არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე მუხლთან, მსჯავრდებულ რ. პ-სთვის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე გასაჩივრებულ განაჩენს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულ რ. პ-ს მიერ ჩადენილია დამთავრებული დანაშაული, კერძოდ: პალატა მიუთითებს, რომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს, განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიუხედავად იმისა, მოახერხა/მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა რ. პ-მ დ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა 3 ტომარა თხილი, 2 სახლის კედელთან მიაყუდა, ხოლო ერთი მხარზე ჰქონდა გადაკიდებული; სწორედ ასეთ ვითარებაში - სხვისი ქონების ფარულად დაუფლების პროცესში - დ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს იგი სამართალდამცველებმა, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ რ. პ-ს მიერ ჩადენილია დანაშაულის მცდელობა, ვინაიდან მან ვერ მოახერხა დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა.
10. მსჯავრდებულ რ. პ-ს ადვოკატის - ხ. თ-ს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული რ. პ-ა შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებმა მიათრიეს, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს - საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან 2014 წლის 23 აგვისტოს დაკავებულის გარეგნული დათვალირების ოქმით ირკვევა, რომ ჩატარდა რ. პ-ს გარეგნული დათვალიერება: მას მარჯვენა ხელზე, მტევნის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა, მარცხენა მხარეს საფეთქლის არე ჰქონდა ჩალურჯებული და შეწითლებული, მუცლის არეში - ნაკაწრები, ხოლო მარცხენა ხელის ცერა თითზე - ჭრილობა, აღნიშნულზე რ. პ-მ განმარტა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე; კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკიდან“ 2014 წლის 25 აგვისტოს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით (ფორმა IV-100/ა რეგისტრაციის N…) ირკვევა, რომ რ.პ-ს ჩაუტარდა თავის ტვინის კვლევა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და ქალას შიდა ჰიპერტენზია არ გამოვლინდა, ქალას სარქველის დაზიანება არ აღენიშნება, მწვავე ნეიროქირურგიული პათოლოგია არ აღენიშნება, სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობა არ არის; კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკიდან“ 2014 წლის 25 აგვისტოს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით (ფორმა IV-100/ა რეგისტრაციის N...) ირკვევა, რომ რ. პ-ს დაესვა დიაგნოზი - ანაყვლეფი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში, თავის ტვინის დახურული ტრავმა, პაციენტმა სტაციონარულ მკურნალობასა და რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე განაცხადა უარი. პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს მოწმეების - მ. კ-ს, ვ. ჩ-ს, მ. გ-სა და ჯ. ზ-ს ჩვენებებს, რომელთა განმარტებითაც, დაკავებულ რ. პ-ს ცემის ან ცუდად მოპყრობის თაობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
11. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებზე, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა. სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოწმეების – ნ. ო-ს, ს. ა-ს, პ. ბ-ს, ნ. ლ-სა და ნ. კ-ს ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, მათ შორის არსებული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების გამო.
12. უსაფუძვლოა ასევე კასატორის პოზიცია, რომ სააპელაციო სასამართლოს რ. პ-სათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – 5000 ლარი ჯარიმა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა მოეხსნა და არ უნდა დაემატებინა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების თანახმად, კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.
13. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მოცულობის შემცირებისა, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, შეუმსუბუქოს რ. პ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული 5 წელი, ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ რ. პ-ა ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის (სსკ-ის 118-ე, 236-ე და 353-ე მუხ.), რის გამოც საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციის მინიმალურ ზღვარზე სულ მცირე 1 წლით მეტი; აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქციის ქვედა ზღვარი 4 წლით თავისუფლების აღკვეთაა, რ. პ-სთვის განსაზღვრული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირება კანონშეუსაბამო იქნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. პ-ა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. რ. პ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის რ. პ-სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე