დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1126-1274-08 25 ივნისი 2009წ
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კ. ს-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი -- დ. ხ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი -- გ. უ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება — თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინება და 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
დავის საგანი _უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. მ-შვილმა მოპასუხე კ. ს-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოლეგიის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილდა, დ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹2, ბინა ¹6 გამოთხოვილ იქნა კ. ს-ძის მფლობელობიდან და დადგინდა მისი დაბრუნება დ. მ-შვილისთვის კ. ს-ძისადმი კუთვნილი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ს-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა მდებარე თბილისში, ... ქუჩა ¹2, ბინა ¹6 საკუთრების უფლებით ირიცხება დ. მ-შვილის სახელზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 27 სექტემბრის ¹01\34-403 განკარგულების საფუძველზე.
მოპასუხე კ. ს-ძე, ოჯახთან ერთად ფლობს ბინას და მესაკუთრე მოკლებულია საშუალებას ისარგებლოს საკუთარი ბინით.
მოსარჩელე დ. მ-შვილსა და მოპასუხე კ. ს-ძეს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა.
პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი სადავო ბინას მარლზომიერად ფლობს არასწორია და არ ამყარება საქმის ფაქტობრივი გარემოებებს, ვინაიდან უდავოა ის გარემოება, რომ სადავო ბინის მესაკუთრე საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის მოწინააღმდეგე მხარე დ. მ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ს-ძემ.
კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.2008 განჩინება, რომლითაც შეჩერებული იქნა აუქციონის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საქმე და უკვე არამარტო სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება. ვინაიდან ადმინისტრაციული სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მიღებულ იქნა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ბუნებრივია, ამ განჩინებას ვერ წარუდგენდნენ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სწორედ ამიტომ, ახალ ფაქტებზე დაყრდნობით, მოითხოვეს სხვა საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერება, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნები. იმ შემთხვევაში, თუ სადავო გახდება აუქციონზე გატანილი ობიექტის მ-შვილის მიერ შეძენის კანონიერების საკითხი, ბუნებრივია ამ ფაქტს პრეიდიციული მნიშვნელობა ექნება განსახილველ სამოქალაქო დავასთან მიმართებაში. მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუ ქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით განუხილველი დარჩა კ. ს-ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო ამავე პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით.
აღნიშნული ნორმის თანახმად საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.
ასეთ შემთხვევაში სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ კ. ს-ძეს უარი უთხრა საქმის წარმოების შეჩერებაზე იმ მოტივით, რომ აღმასრულებელ ჩ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის წესით აღძრულ საქმეს არ აქვს კავშირი სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით განსახილველ დავასთან.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა იზიარებს ვინაიდან, განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. შესაბამისად, მხარის მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულ გარემოებას არ აქვს კავშირი მოცემულ სამოქალაქო სამართლებრივი დავის გადაწყვეტასთან, რის გამოც არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების კანონიერი საფუძვლები.
რაც შეეხება კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იგნორირება გაუკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მოთხოვნას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ამავე კოდექსის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით უდავოა ის გარემოება, რომ სადავო ბინის მესაკუთრე საჯარო რეესტრის მონაცემებით არის დ. მ-შვილი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის რეესტრის ჩანაწერის სიმცდარე, აქედან გამომდინარე დ. მ-შვილი არის სადავო ბინის მესაკუთრე და მას უფლება აქვს მოითხოვოს მის საკუთრებაზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
კ. ს-ძეს არ წამოუდგენია სადავო ბინის ფლობის უკეთესი უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
კასატორმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და შესაბამისად მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:E
კ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინება და 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.