დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1128-1276-08 19 თებერვალი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
თ. თოდრია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს «ენერგია-XXI-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, შპს «ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის» სარჩელის გამო სს «ენერგია-XXI-ის» მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით სს «ენერგია-XXI-ს» დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6 645 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2009 წლის 22 იანვარს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ სს «ენერგია-XXI» იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით სს «ენერგია-XXI-ის» მეურვის დ.ბიბიჩაძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დნიშნული ვადა დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 169-170).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 1 იანვარს (ს.ფ. 171), რომელიც ჩაჰბარდა 2009 წლის 29 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 172).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს «ენერგია-XXI-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «ენერგია-XXI-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.