დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.02.2009
საქმის ნომერი
ას-1136-1281-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1136-1281-08 25 თებერვალი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თ. თოდრია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს «თბილსრესის» გაკოტრების მმართველის დ. ჩ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, დსს «ელიტტეხნოსტროის» სარჩელის გამო სს «თბილსრესის» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით სს «თბილსრესის» გაკოტრების მმართველს დ. ჩ-იანს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2009 წლის 22 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა მ. ტ-შვილმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან განცხადებით მოითხოვა შეუმცირდეს გადასახდელად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა იმ საფუძვლით, რომ სს «თბილსრესი» იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით სს «თბილსრესის» მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დნიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 242-243).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე სს «თბილსრესის» გაკოტრების მმართველს დ. ჩ-იანსა და მის წარმომადგენელ მ. ტ-შვილს გაეგზავნა 2009 წლის 26 იანვარს (ს.ფ. 244-245). განჩინების ასლი მათ ჩაჰბარდათ 2009 წლის 30 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ს.ფ. 246-247).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს «თბილსრესის» გაკოტრების მმართველის დ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «თბილსრესის» გაკოტრების მმართველის დ. ჩ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

სს «თბილსრესს» დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1000 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.