გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას1154-1299-08 2 ივლისი, 2009წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. (ე.) ყ-ძე, ს. ყ-ძე
გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ძემ და ნ. მ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს. ყ-ძისა და ნ. (ე.) ყ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხეების დავალდებულება ს. ყ-ძის ერთპიროვნულ საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში ... 1-ლი შესახვევის ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საჯარო რეესტრში მოპასუხეთა თანასაკუთრებად დარეგისტრირების შესახებ.
თავისი მოთხოვნა მოსარჩელე მხარემ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძეს მოსარჩელე მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე ნ. მ-ძის სასარგებლოდ 2900 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ნ. ყ-ძე ცხოვრობს, პრივატიზებულია მოპასუხე ს. ყ-ძის მიერ, მაგრამ მისი მეუღლე, ნ. ყ-ძე მასთან ერთად ამ ბინის თანამესაკუთრეს წარმოადგენს, რამდენადაც ბინა მეუღლეთა ქორწინებაში ყოფნის დროს იქნა პრივატიზებული. მოსარჩელე მხარის მითითებით, მათი ვალის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი ბინის ხარჯზე, რისთვისაც აუცილებელია ბინაზე ს. ყ-ძის ერთპიროვნული საკუთრების ნაცვლად მეუღლეთა თანასაკუთრება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. მ-ძემ და ნ. მ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. (ე.) ყ-ძეს დაეკისრა ნ. მ-ძის სასარგებლოდ 2900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, თუმცა მისი აღსრულება ვერ მოხერხდა, რადგან მოვალის სახელზე ქონება რეგისტრირებული არ არის.
საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ... პირველი შესახვევი ¹14-ში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ. ყ-ძის მეუღლის, ს. ყ-ძის სახელზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში საკუთრების იძულებითი რეგისტრაციის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კაონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძეს წარმოეშვა აპელანტთა მიმართ ფულის გადახდისა და არა ქონების რეგისტრაციის ვალდებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი, სასამართლოს განმარტებით, კრედიტორს არ აქვს უფლება მოითხოვოს მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სხვა საშუალება არ არსებობს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ანდა თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
კასატორი ასევე გაუგებრად მიიჩნევს სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 317-ე მუხლის გამოყენებას.
კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგდება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმრთავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ძეს ნ.მ-ძისა და მ.მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ნ.მ-ძეს და მ.მ-ძეს აღნიშნული გადაწყვეტილებით წარმოეშვათ უფლება ნ. ყ-ძისაგან მიიღონ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა, ხოლო ამ უფლების რეალიზაციისთვის მათ ესაჭიროებათ ნ.ყ-ძის ქონების რეესტრში დაფიქსირება, რათა იგი მიექცეს აღსრულებაში. ვინაიდან ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ქმედებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ ქმედების განხორციელება თუ სამართლებრივად ეს ქონება არის მოვალის (ნ. ყ-ძის) საკუთრება. აღნიშნული წარმოადგენს არა საჯარო რეესტრში საკუთრების იძულებით რეგისტრაციას, არამედ საჯარო რეესტრში დაფიქსირებას იმ უფლებისა, რაც სამართლებრივად გააჩნია მოვალეს მოცემულ დავაში. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრი არის ნივთისა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და სხვადადსხვა მონაცემთა ერთობლიობა. ანუ საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უფლების რეგისტრაცია გულისხმობს ნამდვილი უფლების არსებობას. ანუ უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში თუ იგი მართლზომიერია. სწორედ აღნიშნული ფაქტის დადგენაა უპირველესი ამოცანა სასამართლოსათვის, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ სადავო ქონება მოპასუხის თანასაკუთრებაა და იგი ამ უფლებით უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. მოპასუხე უარყოფს ამ ფაქტს. ანუ აღნიშნული გარემოება სადავოდაა გამხდარი მხარეთა შორის. ამიტომ ასეთი ფაქტის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს დავის გადასაწყვეტად.
სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მეტად ფორმალურად უდგება დავის არსს, რაც უმეტესად იწვევს ერთიდაიგივე პირთა შორის ახალი და ახალი დავების აღმოცენებას. სამოქალაქო სასამართლოს დანიშნულება კი მხარეთა შორის არსებული დავის აღმოფხვრა და გადაწყვეტაა და არა მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების საკითხის განხილვა ფორმალურ მიზეზთა მოშველიებით. სასამართლოს დავის არსის დაზუსტებით შეეძლო საპროცესო ეკონომიის უზრუნველყოფის გზით გადაეწყვიტა მხარეთა შორის დავა და თუ სასამართლო სადავო ქონებას მიიჩნევდა თანასაკუთრებად, მას შეეძლო დაედგინა ამ ქონების აღრიცხვა საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად, მოვალის ნების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნულის გამო განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
დავის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დააზუსტოს მხარის მოთხოვნა, დაადგინოს სადავო ქონების საკუთრების სახე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.