საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №360აპ-15 თბილისი
ხ-ი კ, 360აპ-15 05 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. ხ-ის, ო. ა-ის, ხ. ა-ისა და მათი ადვოკატების - ს. ა-ის, ა. გ-ის საკასაციო საჩივრის, ასევე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე მანველიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
· კ. ხ-ის, ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 42-ე, 62-ე მუხლების საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ კ. ხ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარის ოდენობით;
· გაუქმდა კ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ი. ხ-ს (პირადი №-) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: -ის რაიონის დ. -ში, სარეგისტრაციო ზონა - -, კოდი - -, სექტორი - დ. -ი, კოდი №-, კვარტალი №-, ნაკვეთი №-, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების, დაზუსტებული ფართობი - -.00 კვ.მ. – 7000 ლარის ფარგლებში;
· ო. ა-ის, ქმედებები (მ. და ნ. გ-ის ეპიზოდები) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - მ. გ-ის ეპიზოდისათვის - 2000 ლარი, ხოლო ნ. გ-ის ეპიზოდისათვის - 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ო. ა-ს განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით;
· გაუქმდა ო. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა - 7000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მასვე;
· ხ. ა-ის, ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
· გაუქმდა ხ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა - 7000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ო. ა-ს (პირადი №-).
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
7. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
8. მსჯავრდებულების - კ. ხ-ის, ო. ა-ისა და ხ. ა-ის მიმართ შერაცხული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
9. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - კ. ხ-ის, ო. ა-ის, ხ. ა-ისა და მათი ადვოკატების - ს.ა-ის, ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე მანველიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე