გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1173-1318-08 30 ივნისი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) _ რ. ფ-ი
მოპასუხეები _ ნოტარიუსები: ე. შ-ი, ვ. ჭ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 24 დეკემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. მ-მა მოპასუხეების: რ. ფ-ის, ნოტარიუს ვ. ჭ-ისა და ნოტარიუს ე. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹13 ბინაზე 2003 წლის 22 თებერვალს ა. გ-სა და რ. ფ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ა. გ-ე იყო გ. მ-ის და, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 18 ნოემბერს. ამ უკანასკნელს საკუთრებაში გააჩნდა თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹13 ბინა, რომელიც მის სახელზე იყო პრივატიზებული 1994 წლიდან.
მოსარჩელის განმარტებით, ა. გ-ე წლების განმავლობაში დაავადებული იყო გულის იშემიითა და ნერვული სიმპტომებით, რის გამოც პერიოდულად მკურნალობდა ნევროლოგიის კვლევით ცენტრში. საკითხი იდგა მისი შერაცხადობის დადგენაზე, თუმცა უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა სპეციალური სამკურნალო კურსის ჩატარება. ავადმყოფს უვლიდნენ მოსარჩელე და დისშვილი.
2003 წლის 22 თებერვალს ა. გ-სა და მის მაზლს _ რ. ფ-ს შორის დაიდო ზემომითითებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანი შეფასდა 2000 ლარად.
მოსარჩელის მტკიცებით, თავად ა. გ-ე განმარტავდა, რომ მას სახლი არავისზე არ გაუსხვისებია და არც თანხა აუღია, სადავო გარიგება დადებული იყო მოტყუებით რ. ფ-ისა და ნოტარიუს ე. შ-ის მიერ. ავადმყოფობის გამო ა. გ-ე ვერ გააცნობიერებდა იმ დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებსაც ხელს აწერდა. რ. ფ-ის მიერ საცხოვრებელი სახლის გასხვისებაზე ხელშეშლის მიზნით, ა. გ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მისივე სიცოცხლეში მოხდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ ნასყიდობის საგანზე ყადაღის დადება.
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესის დასადასტურებლად მიუთითა ა. გ-ის მიერ 2001 წლის 2 დეკემბერს შედგენილ ანდერძზე, რომლითაც სადავო ბინა მას გადაეცა. ამასთან, სასარჩელო განცხადებას თან ერთვოდა 2003 წლის 8 აგვისტოს რწმუნებულება, რომლითაც ა. გ-მ გ. მ-ს მიანიჭა მისი სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება. რწმუნებულება გაცემული იყო განუსაზღვრელი ვადით, გაუქმებამდე (ს.ფ. 2-3).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 22 თებერვალს ა. გ-სა და რ. ფ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება;
ა. გ-ე გარდაიცვალა 2003 წლის 18 ნოემბერს;
მანამდე, ა. გ-ის სიცოცხლეში გ. მ-მა, როგორც ა. გ-ის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ა. გ-ის მიერ სარჩელი არ აღძრულა.
სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ მოტივად რაიონულმა სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ა. გ-ის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების დამადასტურებელი სასამართლო გადაწყვეტილება ან კომპეტენტური სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ა. გ-ის ისეთ მდგომარეობას, რომ მას ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედება და ეხელმძღვანელა მასზე. აქვე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა აწ გარდაცვლილი ა. გ-ის ქმედუნარიანობის საკითხზე მოწმეთა დაკითხვის შესახებ, ვინაიდან მსგავსი ფაქტები უნდა დადასტურებულიყო წერილობითი მტკიცებულებებით.
რაიონულმა სასამართლომ გ. მ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა დაასაბუთა ნოტარიუს ე. შ-ის განმარტებითაც, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისა და ხელმოწერის დროს ა. გ-მ გამოავლინა თავისუფალი ნება და ნების თავისუფალ გამოვლინებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.
გარდა ამისა, რაიონული სასამართლოს მითითებით, გ. მ-ის მიერ გაცემული პასუხებიდან დგინდებოდა, რომ ჯერ კიდევ ა. გ-ის სიცოცხლეში, მან, როგორც თავისი დისგან, ისე რ. ფ-ისაგან იცოდა სადავო ხელშეკრულების შესახებ. იგი ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის შემდეგ ა. გ-სთან ერთად იმყოფებოდა ე. შ-ის სანოტარო ბიუროში, სადაც რეესტრის ჟურნალში ა. გ-მ ამოიცნო თავისი ხელმოწერა, რის შემდეგაც გ. მ-მა მიუთითა გაჩერებულიყო. აღნიშნული მიანიშნებდა ა. გ-ის ქმედუნარიანობაზე მისი სიცოცხლის ბოლო თვეებშიც.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ ა. გ-მ და გ. მ-მა იცოდნენ ხელშეკრულების არსებობა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შემდეგ ა. გ-ის სიცოცხლეში სარჩელი არ აღძრულა, იმაზე მიანიშნებდა, რომ ა. გ-ე თავს მოტყუებულად არ მიიჩნევდა.
რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ვ. ჭ-ის მიმართ, რამდენადაც მხარემ სარჩელის საგანსა და ნოტარიუს ვ. ჭ-ის ქმედებას შორის კავშირის არსებობაზე ვერ მიუთითა და მისი არსებობა ვერ დაამტკიცა (ს.ფ. 98-100).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობა.
ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ა. გ-ის ქმედუუნარობის დასადასტურებლად აპელანტმა მიუთითა სს “ .. ..” 15.05.2003წ. და 18.06.2003წ. ცნობებზე. აპელანტის აზრით, აღნიშნულ გარემოებას ასევე ცხადყოფდა თავად ნასყიდობის ხელშეკრულება. მისი შინაარსის გაცნობისას სრულიად ნათელი იყო, რომ ბინის გამსხვისებელს წარმოადგენდა ა. გ-ე, თუმცა ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო “მ-ის” გვარით. ცდომილება იყო ნოტარიუსთან არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალში, ამ შემთხვევაშიც ხელმოწერა შესრულებული იყო “მ-ის” გვარით, ხოლო სახელი საერთოდ არ იყო მითითებული. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევდა, რომ პიროვნება, რომელსაც საკუთარი გვარი ეშლებოდა, სწორი განსჯის შესაძლებლობას აშკარად მოკლებული იქნებოდა.
აპელანტის მოსაზრებით, ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ნოტარიუსი ვალდებული იყო, ეჭვი შეეტანა ა. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, მით უფრო, როდესაც ამ უკანასკნელს საუბარი უჭირდა და ავადმყოფობა გარეგნული მონაცემებითაც შეემჩნეოდა.
აპელანტმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ა. გ-ე თავს მოტყუებულად არ თვლიდა. ის ფაქტი, რომ იგი ნოტარიუსთან მივიდა, ხელმოწერა დაათვალიერა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება თავის დას მიანიჭა, რომლის მეშვეობითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ სასამართლოში განცხადება შეიტანა, სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ ა. გ-ე თავს მოტყუებულად მიიჩნევდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ფ-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზერული თანხა (2000 ლარი) არ გადაუხდია. ნასყიდობის რეალურად არსებობის შემთხვევაში აპელანტისათვის გაუგებარი იყო, რატომ არ მოხდა რ. ფ-ის მიერ თანხის ხელმოწერისთანავე გადახდა. ხელშეკრულების მე-3 მუხლი ცალსახად მიუთითებდა, რომ მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე (ს.ფ. 103-108).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით მოცემულ დავაზე დაინიშნა ... ექსპერტიზა, რომელსაც ეთხოვა პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებზე: ა. ა. გ-ს თავისი ავადმყოფობის გათვალისწინებით, ასევე ავადმყოფობასთან დაკავშირებით ძლიერი პრეპარატების გამოყენების ფონზე, 2003 წლის 22 თებერვლისათვის, ანუ ა. გ-სა და რ. ფ-ს შორის უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის, შეეძლო თუ არა რეალური ვითარების სწორად აღქმა; ბ. როგორი იყო ა. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობა მის მიერ ხელმოწერის შესრულებისას “მ-ის” გვარით (როცა იგი თავის გვარს აკლებს პირველ მარცვალ “გა”-ს) და შეეძლო თუ არა მას თავისი მოქმედების სწორად აღქმა (ს.ფ. 199-202).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 27.07.2005წ. დასკვნის თანახმად, დასმულ კითხვაზე პასუხი მოითხოვდა სასამართლო სხდომაზე საექსპერტო კომისიის წევრების თანდასწრებით ა. გ-ის მკურნალი ექიმის ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან და ნევროლოგიის ინსტიტუტიდან, ნოტარიუსების, ე. შ-ისა და ვ. ჭ-ის, აგრეთვე იმ პირების დაკითხვას, რომლებსაც შეეძლოთ ინფორმაციის მიცემა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ხელშეკრულების დადების პერიოდში (ს.ფ. 203-205).
მას შემდგომ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირები, სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ამავე სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით ... ექსპერტიზის გადასაწყვეტად დადგენილი საკითხების ხელახლა გაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროში ... ექსპერტიზის ჩასატარებლად (ს.ფ. 252-253).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბიუროს 2006 წლის 5 აპრილის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ საქმეში ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების, აგრეთვე არასრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაციის არსებობის გამო ა. გ-ის მიერ 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის “შეეძლო თუ არა მას რეალური ვითარების სწორად აღქმა” დადგენა შეუძლებელია (ს.ფ. 263-269).
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 მაისის სხდომაზე გ. მ-მა (წარმომადგენელი თ. ლ-ე) განაცხადა, რომ, რამდენადაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვერ იძლეოდა დასკვნას სადავო საკითხთან დაკავშირებით, იგი განმეორებით შუამდგომლობდა ... ექსპერტიზის ჩატარებაზე, ამასთან, მოითხოვდა, სასამართლოს განჩინებაში დასმული საკითხის გადაწყვეტა დავალებოდა ალტერნატიულ საექსპერტო დაწესებულებას _ ...ის ინსტიტუტს (ს.ფ. 323-326).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით გ. მ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე დაინიშნა ალტერნატიული ... ექსპერტიზა, მისი ჩატარება დაევალა ...ის ინსტიტუტს. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები შემდეგნაირად განისაზღვრა: ა. ა. გ-ს თავისი ავადმყოფობის გათვალისწინებით, ასევე ავადმყოფობასთან დაკავშირებით ძლიერი პრეპარატების გამოყენების ფონზე, 2003 წლის 22 თებერვლისათვის, ანუ ა. გ-სა და რ. ფ-ს შორის უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის, შეეძლო თუ არა რეალური ვითარების სწორად აღქმა; ბ. როგორი იყო ა. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობა მის მიერ ხელმოწერის შესრულებისას “მ-ის” გვარით (როცა იგი თავის გვარს აკლებს პირველ მარცვალს “გა”) და შეეძლო თუ არა მას თავისი მოქმედების სწორად აღქმა (ს.ფ. 328-330).
იმ მიზეზით, რომ ...ის ინსტიტუტში საექსპერტო კვლევების ჩატარება შეჩერებული იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება ვერ შესრულდა და საქმე, 2007 წლის 14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა შეუსრულებლად (ს.ფ. 332,335).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით საქმეზე განმეორებით დაინიშნა ... ექსპერტიზა. ამჯერად, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა არასაექსპერტო დაწესებულებას, შპს “...ცენტრს”, ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები უცვლელი დარჩა (ს.ფ. 369-372).
... ცენტრის 2008 წლის 20 მაისის დასკვნაში მითითებულია, რომ საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები არასრული და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია. 2006 წლის 6 დეკემბერს სასამართლო პროცესზე გამოძახებულ იყვნენ ექიმი-სპეციალისტები, მაგრამ ...ის ვ. ჟ-ის მიერ, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, არ დასმულა სპეციფიური შინაარსის კითხვები. ამის გამო ვერ აღმოიფხვრა ის წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რაც არსებობდა სამედიცინო დოკუმენტაციაში. საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად აუცილებელი იყო ექიმ-სპეციალისტის, ...ის _ ი. ლ-ის დაკითხვა სასამართლო პროცესზე კომისიის წევრ ...ების მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა საექსპერტო საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტა (ს.ფ. 375-389).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე ექიმ-სპეციალისტ ი. ლ-ის მიერ განმარტებების მიცემის შემდგომ საოქმო განჩინებით დადგინდა საქმეზე დამატებითი ... ექსპერტიზის დანიშვნა ამავე სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით დანიშნული განმეორებითი ... ექსპერტიზისთვის დასმული საკითხების გადასაწყვეტად (ს.ფ. 419-423).
...ის 2008 წლის 8 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, 2003 წლის 22 თებერვლისათვის ა. გ-ს ფსიქიკური აშლილობის შედეგად არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მნიშვნელობა და გაეკონტროლებინა იგი (ს.ფ. 225-244).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹13 ბინაზე 2003 წლის 22 თებერვალს ა. გ-სა და რ. ფ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ი არის აწ გარდაცვლილი ა. გ-ის და, II რიგის მემკვიდრე (დაინტერესებული პირი), რომელსაც დავის საგნისადმი აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი, როგორც სამკვიდრო ქონება, შეუძლია მიიღოს მემკვიდრეობით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.
საქმეში არსებული 2008 წლის 8 ოქტომბრის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა. გ-ის ნების გამოვლენა სადავო ხელშეკრულების დადების დროს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნამდვილი, რადგან მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სადავო ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მოქმედება და ეხელმძღვანელა მასზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ა. გ-ის ნების გამოვლენა არ შეესაბამებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმას, რაც ვლინდებოდა მის ფსიქიკაში გამოხატული ცვლილებებით, მათ შორის მეხსიერების მკვეთრი დაქვეითებით; ადგილში, დროში, გარემოში დეზორიენტაციით; მის გარეშემო შექმნილი სიტუაციის მიმართ საკუთარი მდგომარეობის უკრიტიკობით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ გარემოებებზე მითითებით, როგორიც იყო: ნოტარიუს ე. შ-ის ახსნა-განმარტება, რომელმაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამყიდველის ხელმოწერა: “მ-ე, ა.” არ მიიჩნია საეჭვოდ და ჩათვალა იგი ქმედუნარიანად; გ. მ-მა სარჩელი არ აღძრა ა. გ-ის სიცოცხლეში, რადგან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან, 2003 წლის 22 თებერვლიდან, ა. გ-ს, მის გარდაცვალებამდე, 2003 წლის 18 ნოემბრამდე, 9 თვის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია მითითებული ხელშეკრულება იმის გამო, რომ ა. გ-ე თავს მოტყუებულად არ მიიჩნევდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად, გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 272-277).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობას ცხადყოფს ის გარემოება, რომ უგულებელყოფილია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებიდან. საქმის რეალური ვითარება შემდეგში მდგომარეობს:
2003 წლის 22 თებერვალს რ. ფ-სა და ა. გ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹13 ბინაზე. რ. ფ-მა ნასყიდობის საფუძველზე ა. გ-ს გადასცა ბინის საფასური _ 5 000 აშშ დოლარი, რაც იმ დროისათვის წარმოადგენდა ბინის რეალურ ფასს. ხელშეკრულების დადების მომენტში არც მას და არც ნოტარიუს ე. შ-ს ეჭვია არ შეუტანიათ ა. გ-ის გონებრივ თუ ფსიქიკურ შესაძლებლობებში. უფრო მეტიც, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ (2003 წლის 8 აგვისტოს), იმ დროს, როდესაც ექიმ ი. ლ-სა და ექსპერტ თ. ხ-ას ვარაუდიდან გამომდინარე ა. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული უნდა ყოფილიყო, ამ უკანასკნელმა ნოტარიუს ვ. ჭ-თან რწმუნებულება შეადგინა თავის დის, გ. მ-ის სახელზე. მითითებულ სანოტარო აქტში (რეგისტრაციის ნომერი 1-918) პირდაპირაა აღნიშნული, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა ა. გ-ის ქმედუნარიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. იმის გამო, რომ ა. გ-ე ინსულტის გამო ვერ მეტყველებდა, სანოტარო აქტის დამოწმებას ესწრებოდა ორი მოწმე.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ა. გ-ის სიცოცხლეში მის დას (მოსარჩელეს) არ მოუთხოვია სათანადო .... გამოკვლევის ჩატარება ა. გ-ის ქმედუნარიანობის დასადგენად. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა გ. მ-მა სწორედ იმის გამო ვერ განახორციელა, რომ ა. გ-ე აღნიშნულზე არ დათანხმდებოდა.
კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა წარედგინა მას სადავო ხელშეკრულების დადებისას ა. გ-ის ქმედუნარიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაშინ როდესაც სანოტარო აქტის შემდგენი ორი ნოტარიუსი, მის შედგენაზე დამსწრე ორი მოწმე და თვით გ. მ-იც, ნებსით თუ უნებლიედ, ადასტურებდნენ, რომ ა. გ-ე საკუთარ ნებას გამოხატავდა.
კასატორის მოსაზრებით, საგულისხმოა საქმეში არსებული ნოტარიუს ე. შ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მის სანოტარო ბიუროში მისულმა ა. გ-მ ამოიცნო თავისი ხელმოწერა, რის გამოც გ. მ-მა მიუთითა, გაჩერებულიყო. მოცემული ფაქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. გ-ს ახსოვდა საკუთარი მოქმედება და ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღის გარკვევის დროს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. მეტიც, ხელშეკრულების მოტყუებით ან იძულებით დადების შესახებ არ აღუნიშნია არც იქვე მყოფ გ. მ-ს. მისი მხრიდან ამგვარი პრეტენზია გაცხადდა მხოლოდ ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ.
კასატორის განმარტებით, ა. გ-ს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სიცოცხლის ბოლომდე შეეძლო ეცხოვრა სადავო ბინაში. ამასთან, რ. ფ-ი და მისი მეუღლე საჭიროების მიხედვით იზრუნებდნენ მასზე. ბინის გასხვისებამდე რამდენიმე თვით ადრე ა. გ-მ კონფლიქტის გამო დასა და დისშვილს მითითებული ბინა დაატოვებინა. აღნიშნული ფაქტის შესახებ რ. ფ-ისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი რძალი ა. გ- დაუკავშირდა, მოუყვა მოსარჩელესთან თავისი გაუსაძლისი მდგომარეობის თაობაზე და შესთავაზა ბინის ყიდვა. კასატორი შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა, რადგან არის სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული პირი, არ ჰქონდა ბინა და ეძებდა ოჯახისათვის საცხოვრებელ სახლს მისაღებ ფასებში. ა. გ-ს ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისას არანაირი მატერიალური ზიანი არ მიდგომია, ვინაიდან რ. ფ-მა მას გადაუხადა ბინის რეალური საბაზრო ღირებულება (ს.ფ. 283-291).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სადავოა აწ გარდაცვლილი ა. გ-ის მიერ 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნების ნამდვილობის საკითხი.
სააპელაციო სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას მთლიანად დაეყრდნო არასაექსპერტო დაწესებულება “... ცენტრის” ... ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, 2003 წლის 22 თებერვლისთვის ფსიქიკური აშლილობის შედეგად ა. გ-ს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მნიშვნელობა ან გაეკონტროლებინა იგი. საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნასთან ერთობლიობაში არ შეაფასა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და ამის გათვალისწინებით არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არ იმსჯელა, თუ რატომ არ გაიზიარა დანარჩენი მტკიცებულებები და რატომ მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ ექსპერტიზის ზემოაღნიშნულ დასკვნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება გამოტანილ იქნეს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება, მიუხედავად მისი შინაარსისა, ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც დასაბუთებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის ზემოაღნიშნულ დასკვნასთან ერთობლიობაში არ გამოიკვლია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, სადავო ხელშეკრულების დადების შემდგომ ა. გ-ის მიერ გ. მ-ის სახელზე 2003 წლის 8 აგვისტოს გაცემული მინდობილობა, რომლის შედგენისას ა. გ-ის ნების გამოვლენის ნამდვილობა საეჭვო არ გამხდარა. ამასთან, საქმის მასალებით, აღნიშნული დროისათვის ა. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, კერძოდ, ინსულტის გამო იგი ვეღარ მეტყველებდა, ამიტომ სანოტარო აქტი შედგა მოწმეთა თანდასწრებით (ს.ფ. 7-8). საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც ა. გ-ის (წარმომადგენელი გ. მ-ი) სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო თბილისში, დიდ დიღომში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ქონებას, თუმცა სარჩელი არ აღძრულა (ს.ფ.10).
საქმეში ასევე არსებობს ნოტარიუს ე. შ-ის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მასთან მისულმა ა. გ-მ სანოტარო რეესტრში ამოიცნო თავისი ხელმოწერა, რაზეც დამ _ გ. მ-მა მიუთითა, გაჩერებულიყო (ს.ფ. 80). სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია მოცემულ საქმეზე თავდაპირველად ჩატარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს .... ბიუროს 27.07.2005წ. ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 203-205) და 2006 წლის 5 აპრილის დასკვნა (ს.ფ. 263-269), რომელთა თანახმად, ა. გ-ის მიერ 2003 წლის 22 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების კონკრეტულ მომენტში რეალური ვითარების სწორად აღქმის დადგენა შეუძლებლად იქნა მიჩნეული შესაბამისი დასაბუთებით. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია საქმეში არსებული სხვა მასალები, მათ შორის, ა. გ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია, თვით ექიმი-სპეციალისტების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები, კონკრეტულ რიცხვში _ სადავო ხელშეკრულების დადების დღეს ა. გ-ის ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხის სარწმუნოდ გასარკვევად.
სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საქმის მასალები და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუკი სადავო ხელშეკრულების დადების შემდეგ ა. გ-ის მიერ, გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, განხორციელებულია იურიდიული მოქმედებები ქმედუნარიანობის პირობებში, რამდენად არსებობს საფუძველი, რომ ხელშეკრულების დადებისას მისი ნების გამოვლენა არ ყოფილიყო ნამდვილი და არის თუ არა ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.