დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-117-449-09 27 აპრილი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ნ-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1.ა. ს-ძე
2.ო. კ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ნ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ძისა და ო. კ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ნ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ნ-შვილის წარმომადგენელმა გ. ს-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და გ.ს-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ქვითრის დედანი და გ.ს-ძის ადვოკატის მოწმობის ასლი, ხოლო საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა ხუთი დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს და მის წარმომადგენელს ჩაბარდათ 2009 წლის 14 მარტს (ს.ფ.197-198). კასატორის წარმომადგენელმა გ.ს-ძემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს, ფაქსის მეშვეობით წარმოადგინა ¹749 შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ (ს.ფ.199-200). აღნიშნული შეტყობინებით დგინდება, რომ გ.ს-ძის მიერ გამოგზავნილი საფოსტო გზავნილი საკასაციო სასამართლოს ჩაბარდა 2009 წლის 19 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივრი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ლ. ნ-შვილსა და მის წარმომადგენელ გ. ს-ძეს დაევალათ საკასაციო საჩივრის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის, მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და გ.ს-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, გ.ს-ძის ადვოკატის მოწმობის ასლი და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ხოლო საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინებით ლ.ნ-შვილს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხუთი დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ლ.ნ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება ლ.ნ-შვილსა და მის წარმომადგენელ გ.ს-ძეს ჩაბარდათ 2009 წლის 14 მარტს (ს.ფ.197-198).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის უკანასკნელი დღე იყო 2009 წლის 19 მარტი. მხარეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ.ნ-შვილის წარმომადგენელ გ.ს-ძის მიერ 2009 წლის 15 აპრილს ფაქსის მეშვეობით გამოგზავნილ ¹749 შეტყობინების ასლს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარემ დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს განცხადებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების თანახმად, მხარე ვალდებულია თავისი მოთხოვნა თუ შუამდგომლობა სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით უტყუარად დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში გ.ს-ძემ წარმოადგინა შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ აღნიშვნით _ ნ-შვილის განცხადება ვადის გაგრძელებაზე (ს.ფ.199). საკასაციო სასამართლო მითითებულ შუამდგომლობას ვერ გაიზიარებს იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენით მხარის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება არ დასტურდება. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ.ს-ძის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება ¹749 მართლაც ჩაბარდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 მარტს, თუმცა იგი გამოგზავნილა ¹ას-1016-1211-08 სამოქალაქო საქმეზე გ. ზ-ძის სარჩელის გამო მ. ჯ-ძის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე და არა ¹ას-177-449-09 სამოქალაქო საქმეზე ლ. ნ-შვილის სარჩელის გამო ა. ს-ძისა და ო. კ-შვილის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, გ.ს-ძის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა და იგი ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
ლ.ნ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 27 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლ.დ დაბრუნებას. ამდენად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით მე-60, 185-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.