დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 07.03.2007
საქმის ნომერი
ას-118-462-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-118-462-07 7 მარტი, 2007 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მი, მა. და ნ. კ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. კ-ის სარჩელის გამო მი. კ-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მი., მა. და ნ. კ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება კასატორებს ჩაბარდათ 2006 წლის 18 დეკემბერს (ს.ფ. 175-176), ხოლო საკასაციო საჩივარი მათ მიერ გამოგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით, რაზეც არ ირკვეოდა გამოგზავნის თარიღი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა დაცული იყო თუ არა გასაჩივრების 1 თვიანი საპროცესო ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ 2007 წლის 13 თებერვალს წერილით მიმართა შპს ,,საქართველოს ფოსტას”, რათა ეცნობებინათ საკასაციო საჩივრის გამოგზავნის ზუსტი თარიღი. შპს ,,საქართველოს ფოსტის” 2007 წლის 28 თებერვლის მომართვიდან ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორების მიერ გამოგზავნილ იქნა 2007 წლის 23 იანვარს (ს.ფ. 190), ანუ 1 თვიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მი., მა. და ნ. კ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.