დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1197-1441-05 25 Oივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. გ-შვილის უფლებამონაცვლე თ. გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გ-შვილი (მოპასუხე)
დავის საგანი – ბილიკის საერთო სარგებლობაში დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. გ-შვილის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ნადარბაზევში და ფლობს 0,13 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მ. გ-შვილის მამამ დაამუშავა წყლითა და ლელით დაფარული მიწის ფართი, რომელიც მდებარეობდა პაპის - ს. გ-შვილის ნაკვეთის ბოლოში. პაპის გარდაცვალების შემდეგ, მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წილად ხვდა მის ბიძას - ქ. გ-შვილს. ქ. გ-შვილმა, ს. გ-შვილთან შეთანხმებით, მის ნაკვეთში მოაქცია ბილიკი, რომლითაც ს. გ-შვილი უკავშირდებოდა მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. შეთანხმების შედეგად, ს. გ-შვილი და შემდგომ მ. გ-შვილი სარგებლობდნენ ზემოთ მითითებული ბილიკით. 2002 წლის სექტემბერში ქ. გ-შვილმა აუკრძალა მ. გ-შვილს, ესარგებლა ბილიკით მის სარგებლობაში არსებული მიწის ფართთან მისასვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-შვილმა სარჩელით მოითხოვა, ქ. გ-შვილს დავალებოდა 2 მეტრი სიგანის მიწის ნაკვეთის (ბილიკის) აღდგენა საერთო საკუთრებაში.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. გ-შვილს დაევალა, გაეხსნა სასიარულო ბილიკი მის ნაკვეთსა და ო. მ-შვილის ნაკვეთებს შორის, რათა მოსარჩელე მ. გ-შვილს მისცემოდა საშუალება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისვლისა და სარგებლობისა.
ზემოაღნიშნულ რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. გ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად არ ცნო მ. გ-შვილის მიერ აღნიშნული ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ აქვს ქ. გ-შვილის მეზობლად მიწის ნაკვეთი. ამასთანავე, ჩათვალა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბილიკის არსებობას ნაკვეთებს შორის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 133-ე მუხლები. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ისინი დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში. კასატორი მიუთითებს იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს არ გადაეგზავნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები.
2005 წლის 21 ოქტომბერს მ. გ-შვილის დედამ - ვ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, სადაც მიუთითა, რომ 2005 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა მისი შვილი მ. გ-შვილი. ვ. გ-შვილმა განცხადებით მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება აწ გარდაცვლილ მ. გ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენამდე (წარმოდგენილია მ. გ-შვილის გარდაცვალების მოწმობა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა კასატორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით განახლდა მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განხილვა. საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. ამასთან, მხარეებს დაევალათ მ. გ-შვილის უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2009 წლის 21 აპრილს აწ გარდაცვლილ მ. გ-შვილის დედამ - ვ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა მოცემული საკასაციო საჩივრის განახლება იმ საფუძვლით, რომ დადგინდა აწ გარდაცვლილ მ. გ-შვილის უფლებამონაცვლე - თ. გ-შვილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით აწ გარდაცვლილ მ. გ-შვილის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში ჩაერთო თ. გ-შვილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. გ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 40 ლარის 70% - 28 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ. გ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (40 ლარის) 70% _ 28 ლარი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.