შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
№335აპ-15 16 დეკემბერი, 2015 წელი
ო-ი ჯ, 335აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ჯ. ო-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 24 ივნისიდან.
ჯ. ო-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. ამავე განაჩენით საპროცესო შეთანხმებით მსჯავრი დაედო ი. გ-ეს. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
§ სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.
§ სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი. გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნაა ჯარიმა - 3000 ლარი. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენით სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი.
§ სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძვლეზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ირაკლი გ-ეს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. გ-ეს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.
§ მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი:
§ ჯ. ო-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული და ექსპერტიზის კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი აბების ნატეხები, წონით 0,75 გრამი, ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბის ნატეხი, წონით 0,37 გრამი, კანაფის თესლები - 0,25 გრამი და 1 შპრიცი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ ი. გ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული და ექსპერტიზის კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბების ნატეხები, წონით 0,92 გრამი და ერთი მთლიანი აბი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ ი. გ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ,,სამსუნგის“ და ,,ალკატელის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი და ორი სიმბარათი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
§ ჯ. ო-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტყავის საფულე, ჯ. ო-ის პირადობის მოწმობა, ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - 4 ლარი და 65 თეთრი, 4 სავიზიტო ბარათი, საქართველოს ბანკიდან გადარიცხვის ქვითრები, ბილაინის 2 სიმბარათი გაუხსნელ მდგომარეობაში, 3 ბილაინის სიმბარათი გახსნილ მდგომარეობაში და ბილაინის 2 პატარა სიმბარათი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
§ ჯ. ო-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ,,სამსუნგის’’ და ,,ნოკიას’’ ფირმის ორი მობილური ტელეფონი და ბილაინის 2 სიმბარათი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდბით აღჭურვილ პირს.
§ ჯ. ო-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 7 ცალი 100 ლარიანი და 6 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდბით აღჭურვილ პირს.
§ ჯ. ო-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ერთლიტრიანი პლასტმასის ქილა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
§ შპს ,,მობიტელის’’ სათავო ოფისიდან გამოთხოვნილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი შენახვის ვადით.
4. განაჩენის მიხედვით, ჯ. ო-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
§ ჯ. ო-მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0.0514 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“. 2014 წლის 24 ივნისს ნარკოტიკული საშუალების ნაწილი- 0.0274 გრამის ოდენობით, გაასაღა ი. გ-ზე, ნაწილს - 0.016 გრამის ოდენობით, ინახავდა ტანსაცმელში, ხოლო 0.008 გრამს - ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ჯ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა რ. ხ-მა. იგი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის ნაწილობრივ უკანონო და დაუსაბუთებელი; განაჩენში მოყვანილი გარემოებები არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს; ჯ. ო-ს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ნაწილში უკანონოდ დაედო მსჯავრი; გამოძიება დაიწყო იმ ფაქტზე, რომ ი. გ-ეს დაუდგენელ პირზე უნდა გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება, ამ შემთხვევაში კი პირიქით - ჯ. ო-ს შეერაცხა ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება; ი. გ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მას ჯ. ო-მა გადასცა, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. იგი ვერ იხსენებს ზუსტად გადაცემული თანხისა და შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობას; ი. გ-ემ ჯ. ო-ის მამხილებელი ჩვენება გასაღების ნაწილში მისცა იმის გამო, რომ მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება; სასამართლომ არასწორად შეაფასა ჯ. ო-ის სახლიდან თანხის ამოღების ფაქტი, რადგან იგი არ ემთხვევა ი. გ-ის მიერ მსჯავრდებულისთვის სავარაუდოდ გადახდილი თანხის ოდენობას; საქმეში არ მოიპოვება არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს ჯ. ო-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას. საწინააღმდეგოდ, ი. გ-ემ გადასცა ნარკოტიკული საშუალება ჯ. ო-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ცვლილების შეტანას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, ჯ. ო-ის გამართლებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში, სასჯელის შემსუბუქებას და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ო-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, საკმარისი, უტყუარი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით - მოწმეთა ჩვენებებით, ჩხეკის ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა ჯ. ო-ის მიმართ განაჩენით ამ ნაწილში შერაცხული ბრალდება. ამასთან, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში მსჯავრდებას სადავოდ არ ხდის არც დაცვის მხარე.
3. რაც შეეხება ჯ. ო-ის მსჯავრდებას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშულების გასაღებაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ჯ. ო-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს, კერძოდ:
4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დადასტურებისას დაეყრდნო მსჯავრდებულ ი.გ-ის ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ჯ. ო-საგან; შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხას, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს; ი. გ-ისა და ჯ. ო-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ისინი ერთად დააკავეს და ამოუღეს ერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალება; ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჯ. ო-ის სახლიდან ამოიღეს ფულადი თანხა - 700 ლარისა და 600 აშშ დოლარის ოდენობით.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის მტკიცებულებას, რომლითაც ობიექტურად შესაძლებელია კომუნიკაციის მხარეებს შორის არსებული საუბრის შინაარსობრივი მხარის გარკვევა. იგი ადასტურებს მხოლოდ ი. გ-სა და ჯ. ო-ს შორის სატელეფონო კავშირს (შინაარსი უცნობია) და შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე იმ ფაქტის დადგენა, რომ ჯ. ო-მა ი. გ-ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, ობიექტურად შეუძლებელია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები ერთად დააკავეს, თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე ბრალდებულმა მეორეს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული წარმოადგენს ვარაუდს, რომელიც უნდა დადასტურდეს სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. ამასთან, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ამოღება, ასევე ი. გ-ის პირადი ჩხრეკისას და ჯ. ო-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ერთი სახეობის (ბუპრენორფინი) ნარკოტიკული საშუალების ამოღება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასადგენად უტყუარ მტკიცებულებად. რაც შეეხება ი. გ-ის ჩვენებას, რომელიც მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ჯ. ო-საგან, ის წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. აღსანიშნავია, რომ 24.06.2014 წლის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და პატაკში მითითებულია, რომ ი. გ-ე ინახავს უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც უნდა გადასცეს უცნობ პირს. ამ ინფორმაციას პოლიციელებიც ადასტურებდნენ მოწმის სახით დაკითხვისას. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ ჯ. ო-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ი. გ-ზე გასაღების ფაქტი, ბრალდებულ ი. გ-ის ჩვენების გარდა, საჭიროებს სხვა უტყუარი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რაც საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
6. საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.’’ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა ჯ. ო-ის მიერ ი. გ-ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღება.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის №736აპ განჩინება; 2013 წლის 28 ივნისის 40აპ-132 განაჩენი) და განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მოწმის (მეორე მსჯავრდებულის) ჩვენება არ არის საკმარისი მტკიცებულება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ო-ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს: ჯ. ო-ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ნარკოტიკების გასაღების ნაწილში.
8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ო-ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა’’. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან 2015 წლის 8 ივლისის კანონით ცვლილება შევიდა სსკ-ის 260-ე მუხლში, რითაც შემსუბუქდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - შეიცვალა დანაშაულის კატეგორია, ჯ. ო-ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან და, შესაბამისად, ახალი სანქციის ფარგლებში უნდა განესაზღვროს მას სამართლიანი სასჯელი, კერძოდ:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს და ჯ. ო-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა - უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ჯ. ო-ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენში:
§ ჯ. ო-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში - ნარკოტიკების გასაღების ნაწილში.
§ მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მას სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. მსჯავრდებულ ჯ. ო-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2014 წლის 24 ივნისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის უფლებების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
მ. ოშხარელი