საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№502აპ-15 თბილისი
ტ-ა ი, 502აპ-15 17 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენით:
· ი. ტ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების მე-2 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 0,0189 გრამი „ამფეტამინის“ და 0,02981 გრამი „მდმა“-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) უკანონო შეძენა-შენახვა და 2014 წლის 8 დეკემბერს ხ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის - „ს-ის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც აღმოაჩინა საბაჟო გამშვები პუნქტის - „ს-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში მებაჟე ოფიცერმა მგზავრ ი. ტ-ას ხელბარგის დათვალიერების დროს;
· აღნიშნული ქმედებებისათვის ი. ტ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი. ტ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 8 დეკემბრიდან;
· მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
· სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ტ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ ი. ტ-ასათვის სასჯელის შემსუბუქება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ტ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ ი. ტ-ასათვის სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი. ტ-ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც თავად მსჯავრდებული ხდის სადავოდ.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ი. ტ-ას დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვა), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ტ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
6. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვნად შემსუბუქდა მსჯავრდებულ ი. ტ-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა, პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ტ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ი. ტ-ას დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2014 წლის 8 დეკემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ი. ტ-ას მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე