გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 04.07.2007
საქმის ნომერი
ას-126-469-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-126-469-07 4 ივლისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. გ-იE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 16 მარტს ლ. გ-მა სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სს „ .. ..“ წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი დედა, აწ გარდაცვლილი ე. გ-ი, ცხოვრობდა ჭიათურის რაიონის სოფ. ... , რომელიც საკუთრების უფლებით ფლობდა საცხოვრებელ სახლს და დამხმარე ნაგებობებს. მოსარჩელის განმარტებით, იგი ითვლება დედის კომლის წევრად, მათი კომლის კუთვნილი ნაგებობები კი დაზიანდა სს „ .. ..“ ... სახელობის ... სამმართველოს მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად.

მოპასუხე საწარმომ ზარალი ცნო და ზარალის შემფასებელმა კომისიამ, 1977 წლის 21 ივლისს ე. გ-ს სახელზე გასცა აქტი, სადაც, ზიანის ოდენობა შეაფასა 2171 მანეთით. ზარალის აქტი დამტკიცდა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1977 წლის 16 სექტემბრის ¹356/9 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს ბანკის ჭიათურის განყოფილებას გაეცა გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა. მოპასუხემ აღნიშნული თანხა მთლიანად აანაზღაურა 1990 წელს. ლ.გ-მა აღნიშნა, რომ, ვინაიდან იყო მარტოხელა და არ შეეძლო მშენებლობის წარმოება, მიმართა მოპასუხეს, აეშენებინა მისთვის ტიპური საცხოვრებელი სახლი ე.წ. პარკის ტერიტორიაზე, რაზედაც მათგან მიიღო თანხმობა, მაგრამ, სანაცვლოდ მოპასუხემ მოსთხოვა მიღებული ზარალის თანხა მთლიანად დაებრუნებინა სს „ .. ..“. მოსარჩელემ აღებული ზარალის თანხა - 2171 მანეთი შეიტანა მოპასუხის ანგარიშზე. ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, 1991 წლის გაზაფხულზე, ე.წ. პარკის ტერიტორიაზე დაიწყეს მისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც გაგრძელდა 1996 წლის შემოდგომამდე, ფაქტობრივად აშენდა საცხოვრებელი სახლი, გაკეთდა ტიხრები. ამჟამად სახლი გადაუხურავი და კეთილმოუწყობელია. ვინაიდან მოპასუხემ შეწყვიტა სახლის მშენებლობა, მან რამოდენიმეჯერ მიმართა თხოვნით ორგანიზაციის დირექტორს, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. 1999, 2001, 2003, 2005 წლებში წერილობით მიმართა მოპასუხეს, სადაც აღნიშნა, რომ თანახმა იყო, მიეცათ მისთვის სახლის სახურავი და თავისი ხარჯებით დახურავდა. 2005 წლის სექტემბერში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზარალის შემფასებელ კომისიას უმსჯელია მის მოთხოვნაზე და უარი განუცხადებია დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს „ .. ..“ ზარალის შემფასებელი კომისიის 2000 წლის 15 მაისის ¹7 სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება მის მიერ დაწყებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრების შესახებ.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2006 წლის 18 სექტემბერს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ.გ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ.გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 6 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. გ-მა. მან მიუთითა, რომ 2006 წლის 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე ავად იყო და იწვა დიაგნოზით - „ვირუსული ინფექცია ქრონიკული ჰიპერტონული დაავადება მე-2 ხარისხის, გიდ - პოლიართრიტი“ აღნიშნულის დადასტურების მიზნით, მან წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული ნორმის პირობა, რომლის თანახმად სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა გარემოება, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადებისათვის.

როგორც საქმის მასალებისადან ირკვევა, 2006 წლის 18 სექტემბერს აპელანტ ლ. გ-ის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. გ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმის გამო, რომ იგი პროცესზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. მან ამის დასადასტურებლად წარმოადგინა ჭიათურის რაიონის ... ს/ამბულატორიის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ირკევა, რომ ლ. გ-ი 2006 წლის 13 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე იმყოფებოდა ავად დიაგნოზით - “ვირუსული ინფექცია ქრონიკული ჰიპერტონული დაავადება მე-2 ხარისხის გიდ - პოლიართრიტი”.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ლ. გ-ს მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობით არ დასტურდება, ავადმყოფობის გამო სასამართლოზე გამოცხადების შეუძლებლობა და ამიტომ არ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ ექიმის მიერ გაცემული ცნობის არასათანადო დოკუმენტად მიჩნევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას, რომლის თანახმად ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მითითება არ გულისხმობს მხოლოდ ასეთი ჩანაწერის არსებობას. შესაძლებელია, რომ პროცესზე პირის გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებდეს სამედიცინო ცნობაში მოყვანილი გარემოებები. სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული დოკუმენტები სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინოს, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მხარის პროცესზე გამოცხადება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.