დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 11.04.2007
საქმის ნომერი
ას-137-480-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-137_480_07 11 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ე-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ვ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთებისა და ძვირფასეულობის დაბრუნება, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციისთვის მორალური ზიანის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ვ-მ 2003 წლის 25 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ნ. და გ. ე-ების მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების და ძვირფასეულობის დაბრუნება, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალირი ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე ნ. ე-ზე 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

ნ.ე-მ და გ.ე-მ შეგებებული სარჩელი აღძრეს მ.ვ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის ნაჩუქარი ნივთების ან მათი ღირებულების დაბრუნება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.ე-ს დაევალა მ. ვ-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა. მასვე დაეკისრა მ. ვ-ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მ. ვ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა ნ.ე-ის შეგებებული სარჩელიც.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ვ-მ და ნ. ე-მ.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის და ნ. ე-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება; მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ე-ს დაეკისრა მ. ვ-ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარში და სარჩელში ჩამოთვლილი შემდეგი ოქროს სამკაულების და პირადი მოხმარების ნივთების დაბრუნება; 1. ოქროს სამეული - 13 თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი და საყურე 250 აშშ დოლარი; 2. რგოლის ოქროს ბეჭედი - 60 აშშ დოლარი; 3. ოქროს საფირისთვლიანი ბეჭედი - 25 აშშ დოლარი; 4. ოქროს ბეჭედი ბადისებური - 30 აშშ დოლარი; 5. ოქროს ბეჭედი ქარვის თვლით - 20 აშშ დოლარი; 6. ოქროს სამეული - 50 აშშ დოლარი; 7. ოქროს ძეწკვი ბუბლიკის ფორმის - 50 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი თვლიანი - 20 აშშ დოლარი; 9. ოქროს ბეჭედი 6 ბრილიანტის თვლით - 30 აშშ დოლარი _ სულ 535 აშშ დოლარი. პირადი მოხმარების ნივთები ტყავის გრძელი პლაში - 250 ლარი; ამაზონკები - 80 ლარი; იუბკა -50 ლარი; მწვანე ფერის იუბკა - 30 ლარი, ხალათი ალუბლისფერი - 25 ლარი, აბანოს პირსახოცი - 10 ლარი; პირსახოცები - 7 ლარი; პენუარი - 15 ლარი; ოთახის ჩუსტები - 15 ლარი; ფრჩხილების ნაბორი - 10 ლარი; კალგოტკა - 5 ლარი; შარფი ნაცრისფერი - 5 ლარი; ტყავის ქუდი - 10 ლარი; კოფტა თაფლისფერი - 20 ლარი; ფეხსაცმელი თეთრი - 30 ლარი; რეიტუზები და წინდები - 15 ლარი; წვრილმანების კომპლექტი - 20 ლარი, ცხვირსახოცები - 5 ლარი; კოფტა ნაცრისფერი - 10 ლარი; სავარცხლის ნაბორი - 5 ლარი; სულ _ 607 ლარი. დანარჩენი ნივთების დაბრუნებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი; პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ნ. ე-მ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ნ. ე-ს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ნ. ე-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ნ. ე-ს, რაც 2007 წლის 9 მარტს პირადად ჩაბარდა მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 19 მარტის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.