გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 13.07.2009
საქმის ნომერი
ას-144-474-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-144-474-09 13 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ჯ-ე, მა. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჯ-ემ და მა. ა-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ზ. კ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული 23916 ლარის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 29 მაისს მოსარჩელეები იძულებით გამოსახლდნენ ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში, ......... ქ. ¹23-ში მდებარე მამისეული სახლიდან. 2006 წლის 7 მარტს მათ შეიტყვეს, რომ 1992 წელს მოსარჩელეთა ბიძამ _ მ. ა-მა ხსენებული ბარაკული ტიპის 300 კვ.მ სახლი, 81,5 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 3000 აშშ დოლარად მიჰყიდა ზ. კ-ეს. უძრავი ნივთის გასხვისების შემდეგ, აღნიშნული გარიგების დადების შეტყობამდე ე. ჯ-ემ და მ. ა-მა სადავო სახლი გაარემონტეს, მიაშენეს 43,5 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რის შედეგადაც ქონების ღირებულება 23 916 ლარით გაიზარდა. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე მოსარჩელეთა მიერ დახარჯული ზემოხსენებული თანხით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამჟამად სადავო სახლი იმავე მდგომარეობაში, როგორც 1992 წელს შეძენისას იყო, შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ზ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ფლობდნენ ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში, .......... ქ. ¹23-ში მდებარე სახლს. 1992 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული _ 81,5 კვ.მ უძრავი ქონება და 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა ზ. კ-ემ. საქმის განხილვისას აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმე დ-ემ დაადასტურა, რომ მამამისმა _ ს. დ-ემ ზ. ა-ს, გარკვეული საბუთების უქონლობის გამო, ვერ გაუფორმა მინდობილობა. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მოწმე გულისხმობდა მინდობილობას სახლის ნასყიდობის თაობაზე, ხოლო ზ. ა-ი მოსარჩელე ე. ჯ-ის მეუღლე და მა. ა-ის მამაა. მოწმის განმარტებით, ზემოხსენებული მიზეზის გამო მინდობილობა გაფორმდა მუ. ა-ის სახლზე, რომელმაც შემდგომ მის საფუძველზე სახლი ზ. კ-ეს მიჰყიდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სადავო სახლში თავიდანვე ცხოვრობდა ზ. ა-ი ოჯახთან ერთად, სავარაუდოდ, ს.დიდმანიძის თანხმობით. ეს რომ ნამდვილად ასეა და სადავო საცხოვრებელ სახლს 80-იანი წლებიდან მოყოლებული 2005 წლამდე მოსარჩელეები ფლობდნენ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა _ უთითებს სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ბაბუას, ზ. და მუ. ა-ების მამას, შესაბამისი თანხა იმთავითვე გადახდილი ჰქონდა გამყიდველის _ ს. დ-თვის, რომელსაც, თავის მხრივ, არც არასოდეს გაუხდია სადავოდ ეს ფაქტი, სწორედ ამის გამო მოსარჩელეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს სადავო საცხოვრებელი ბინა დაგულვებული ჰქონდათ, როგორც საკუთარი და ფლობდნენ და განკარგავდნენ მას, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელები. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის სადავოობისა და იმის თაობაზე, რომ ბინა სხვაზე იყო გაყიდული, მოსარჩელეთათვის მხოლოდ 2005 წელს გახდა ცნობილი. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ 80-იანი წლებიდან 2005 წლამდე, გამოსახლებამდე მოსარჩელეები ფლობდნენ სადავო უძრავ ნივთს. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელეთა განმარტებაზე, რომ მათ ბაბუას, ზ. და მუ. ა-ების მამას, სახლის გამყიდველ ს. დ-თვის შესაბამისი თანხა გადახდილი ჰქონდა, რაც ამ უკანასკნელს სადავოდ არასოდეს გაუხდია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სადავო ბინა საკუთრად მიაჩნდათ, ფლობდნენ და განკარგავდნენ მას, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინის გასხვისების შესახებ მათ შეიტყვეს მხოლოდ 2005 წელს. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანია უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის დადგენა, გაწეული ხარჯები კი გამდიდრების ოდენობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოსარჩელეთა განმარტებით, მათ სადავო ბინაზე ხარჯი გასწიეს 2000-2005 წლებში, ზ. კ-ემ კი იგი შეიძინა 1992 წელს. ამასთან, მოპასუხემ რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, პოლიციისათვის მიმართვითაც ცდილობდა კუთვნილი სახლიდან მოსარჩელეთა გამოსახლებას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს “კ-ის” მიერ გამოანგარიშებულ ხარჯთაღრიცხვასა და შპს “დ-ის” მიერ შედგენილ დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 1992 წლის შემდეგ მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელ სახლს მიაშენეს და ეზო კეთილმოაწყვეს, რისთვისაც გადაიხადეს 23 916 ლარი და ფართი 81,5 კვ.მ-დან 125 კვ.მ-მდე გაიზარდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვაზე ზ. კ-ემ ზოგადად სამუშაოთა ჩატარების ფაქტი დაადასტურა, თუმცა ამ სამუშაოთა ხარისხი და შეფასება სადავოდ მიიჩნია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, 162-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი აუდიტისა და ექსპერტის დასკვნების საწინააღმდეგოდ ზ. კ-ეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით არ უსარგებლია. ამავე კოდექსის 103-ე მუხლი ითვალისწინებს რა სასამართლოს შესაძლებლობას, შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ასეთი მტკიცებულება რეალურად არსებობს. უდავოა, აპელანტს დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რის გამოც სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეგროვების მიზნით გამოჩენილი ინიციატივა შელახავდა მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს და მიმართული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარისათვის დახმარების აღმოჩენისაკენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. კ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის მოთხოვნაზე შემდეგი საფუძვლებით: პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები სადავო სახლში კეთილსინდისიერად ცხოვრობდნენ და მისი გასხვისების შესახებ მხოლოდ 2005 წელს შეიტყვეს, ვინაიდან რეალურად ისინი სადავო სახლში უკანონოდ, იძულებით შესახლდნენ, რის თაობაზეც მათთვის ცნობილი იყო. ამასთან, მათ უთუოდ დასჭირდებოდათ კომუნალური გადასახადების გადახდა, სათანადო პროექტი მიშენებისათვის, რა დროსაც უნდა შეეტყოთ, თუ ვის სახელზეა სახლი აღრიცხული. სასამართლომ არ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით და სადავო გარემოებები არ გამოუკვლევია. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ კონკრეტულად რა პერიოდში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია სასარჩელო ხანდაზმულობის გამოთვლისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელეთა მიერ წამოდგენილი აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან მასში არ არის მითითებული, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე შედგა იგი, ამასთან, აუდიტ ჯ. ძ-ეს დასკვნის გაცემის უფლება არ გააჩნდა “აუდიტის საქმიანობის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მისი სერტიფიკატის ვადის გასვლის გამო. ზემოხსენებული კოდექსის 102-ე და 162-ე მუხლების მიხედვით, საქმის არსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა, ხოლო აუდიტის დასკვნა ექსპერტიზად არ უნდა მიეჩნია. გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის გამდიდრების ფაქტი. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ეფუძნება კანონის დარღვევით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ,სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ “მოსარჩელეები _ ე. ჯ-ე და მა. ა-ი სადავო საცხოვრებელ სახლს ფლობდნენ 80-იანი წლებიდან მოყოლებული 2005 წლამდე. მათ სადავო საცხოვრებელი ბინა დაგულვებული ჰქონდათ, როგორც საკუთარი და ფლობდნენ და განკარგავდნენ მას, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელები. ბინის სადავოობისა და იმის თაობაზე, რომ ბინა სხვაზე იყო გაყიდული, მოსარჩელეთათვის მხოლოდ 2005 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოსახლებისას გახდა ცნობილი.” სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგად მიღებული თანხების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სწორედ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით დადგენილად აქვს მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 1992 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული სადავო საცხოვრებელი სახლი მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური, ......... ქ. ¹23-ში 81,5 კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა ზ. კ-ემ.

მოსარჩელეთა კეთილსინდისიერი მფლობელის სტატუსის ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლოს მიერ სრულად უგულებელყოფილია სამოქალაქო კოდექსის დანაწესები, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსით ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დადგენილია უძრავ ნივთებზე უფლების წარმოშობის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის მონაცემთა საჯაროობიდან გამომდინარე, პირი უფლებამოსილია, შეიტყოს უძრავ ნივთზე უფლების მქონე პირის ვინაობა (საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1997 წლის 25 ნოემბრის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე და საჯარო რეესტრის სამსახურების ჩამოყალიბებამდე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში, რაც უზრუნველყოფდა უძრავ ნივთებზე ამჟამად არსებულის მსგავსი სპეციალური რეჟიმის გავრცელებას).

მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით (სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, კანონი იცავს მხოლოდ ნივთის მართლზომიერ მფლობელს და არა ნივთის ყველა ფაქტობრივ მებატონეს. საგულისხმოა, რომ მართლზომიერ მფლობელს კანონი ნივთის ფლობასთან მიმართებით მისი უფლების დაცვაში მესაკუთრის მსგავს და თანასწორ უფლებებს ანიჭებს.

სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები, ანუ სუბიექტური შეფასების საგანს წარმოადგენს პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელობის კანონიერება (მართლზომიერება) თუ უკანონობა ნორმატიული ნების _ ობიექტური შეფასების საგანია. ნივთის მფლობელი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება, თუკი მას მოეთხოვებოდა, შეემოწმებინა მფლობელობის ხარვეზიანობა და არ განახორციელა იგი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერ მფლობელად უნდა ჩაითვალოს როგორც ნივთის მესაკუთრე, ისე ყველა ის პირი, რომელსაც მფლობელობა კანონიერი გზით (მაგ: ქირავნობის, იჯარის ან სხვა კერძო თუ საჯარო სამართლებივი ურთიერთობიდან გამომდინარე) აქვს მოპოვებული.

ამა თუ იმ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა _ კონკრეტულმა ნორმამ განსაზღვრა. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით (სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ადგენს რა უძრავ ნივთზე მოპასუხის საკუთრებას, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ანიჭებს მოსარჩელეებს კეთილსინდისიერი მფლობელების სტატუსს. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებისა და ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საერთოდ რაიმე შეფასება მისცეს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეებს, ხანგრძლივი ფლობის გამო, უძრავი ნივთი “თავისად ჰქონდათ დაგულვებული”.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომ არ დაუდგენია და არ შეუფასებია მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით სადავო ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენების კანონიერება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით პირველ რიგში უნდა გამოარკვიოს მოსარჩელეთა უფლება სადავო უძრავ ნივთზე და მათი მფლობელობის სამართლებრივი სტატუსი, მხოლოდ აღნიშნულის გამოკვლევის შემდეგ უნდა გაირკვეს, უფლებამოსილ პირს _ ნივთის მესაკუთრეს უნდა დაეკისროს თუ არა ნივთზე გაწეული გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რა სამართლებრივი საფუძვლით და ვალდებულების დადგენის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მისი ფარგლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.