დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№121აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი
მ-ი ს, 121აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ს. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ივლისიდან.
2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ს. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ივლისიდან.
5. მსჯავრდებულმა ს. მ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
7. მსჯავრდებულ ს. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ივლისიდან. განაჩენი და განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ს. მ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი