დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.02.2016
საქმის ნომერი
139აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№139აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი

ნ-ე ი, 139აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. დ-ა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 მარტის განაჩენით ი. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 თებერვლიდან.

2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით ი. ნ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 თებერვლიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ი. ნ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 3 თებერვლიდან. განაჩენი და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებულმა ი. ნ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისისა და 2013 წლის 5 აგვისტოს განაჩენებში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

8. ი. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. დ-მ და ი. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს ი. ნ-ს დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. დ-ა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორების მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ნ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. დ-ა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი