დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-170-507-07 29 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “-- -- --” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ვ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ინვალიდის მოტოეტლის ღირებულების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. კ-მ 2005 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “-- -- --” მიმართ და მოითხოვა ინვალიდის მოტოეტლის ღირებულების მოპასუხეზე დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, იგი 1997 წლის 25 მარტს რკინიგზის სადგურ ...ში, თბილისი - ოზურგეთის სამგზავრო მატარებელში ასვლისას ჩავარდა მოძრავი შემადგენლობის ქვეშ. მიიღო სხეულის დასახიჩრება, რასაც მოჰყვა ქვედა ორივე კიდურის ამპუტაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყევეტილება; მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “-- -- --” მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 240 450 რუსული მანეთის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1997 წლის 25 მარტს რკინიგზის სადგურ ...ში, თბილისი - ოზურგეთის სამგზავრო მატარებელში ასვლისას ჩავარდა მოძრავი შემადგენლობის ქვეშ. მიიღო სხეულის დასახიჩრება, რასაც მოჰყვა ქვედა ორივე კიდურის ამპუტაცია; მოსარჩელე აღნიშნული ჯანმრთელობის დაზიანების გამო არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და ინვალიდობის ჯგუფისა და ხარისხის გათვალისწინებით ესაჭიროება მოტოეტლი; სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 5 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად მ. კ-ს მოპასუხის მიერ აუნაზღაურდა ეტლის შესაძენად 250 ლარი. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან საწარმომ 1998 წელსს მოსარჩელეს ეტლის შესაძენად აუნაზღაურა 250 ლარი, ამით შეწყდა მისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ეტლის შეძენის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 999-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მუხლის, ასევე 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს საწარმოსგან მოითხოვოს ხარჯები სპეციალური სატრანსორტო საშუალების შესაძენად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საწარმოს ვალდებულება მუშაკის მიმართ სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის ხარჯის ანაზღაურების შესახებ, არ არის ერთჯერადი და მისი ანაზღაურების ვალდებულება საწარმოს წარმოეშობა პერიოდულად, იმდენად, რამდენადაც დასახიჩრებულის საჭიროება არის განგრძობადი და შესაბამისად საწარმოს მიერ შეძენილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციიდან გამოსვლისას საწარმო ვალდებულია მუშაკს კვლავ აუნაზღაუროს მის შესაძენად საჭირო ხარჯი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ 1998 წელს მოპასუხის მიერ ანაზღაურებული 250 ლარით შეძენილი ნახმარი მოტოეტლი უკვე გამოვიდა ექსპლოატაციიდან და უვარგისი გახდა მოხმარებისათვის. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოტოეტლს სარჩელის აღძვრის დროისათვის ექსპოატაციის ვადა უკვე გასული ჰქონდა და ესაჭიროებოდა ახალი. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯართის შესყიდვის აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ მ.კ-მ 2004 წლის 15 აპრილს მოტოეტლის სათადარიგო ნაწილები ჩააბარა ჯართად. ასევე დასაბუთებულად მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელის განმარტება მოტოეტლის ღირებულების შესახებ, ვინაიდან ფირმის “მაიარა-სავარძლები და ეტლები და რეაბილიტაციის საშუალებების” გამსაღებელი საზოგადოება შპს “ვ...ს” მოსკოვის წარმომადგენლობის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მოტოეტლის ღირებულება შეადგენს 240 450 რუსულ მანეთს და მისი ექსპლოატაციის ვადა არის 7 წელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “-- -- --” წარმომადგენელმა ვ.გ-მა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს დელიქტთან, ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებლი ზიანის ანაზღაურებასთან. კასატორის განმარტებით მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენი ჰქონდა ეტლს ექსპლოატაციის ვადა, თუ საერთოდ შეიძინა იგი; სააპელაციო პალატის მიერ არ არის განსაზღვრული ვადა თუ რა პერიოდითაა საწარმო ვალდებული მოსარჩელეს აუნაზღაუროს ზიანი, ვინაიდან განჩინებაში მითითებულია, რომ საწარმოს მისი ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა პერიოდულად და არ არის ერთჯერადი; კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯართის შესყიდვის აქტი, ვინაიდან იგი ჩამბარებლის ხელმოწერით დამოწმებული არ იყო. კასატორის მითითებით სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, იმგვარად, რომ მტკიცებულებად მიიღო ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოუდგინა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს “-- -- --” წარმომადგენლის ვ. გ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მ. კ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ შპს “-- -- --” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “-- -- --” წარმომადგენლის ვ.გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “-- -- --” წარმომადგენლის ვ.გ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “-- -- --” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 789.9 (შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარის და ოთხმოცდაათი თეთრის) ლარის 70%, რაც 552.9 (ხუთას ორმოცდათორმეტ ლარს და ოთხმოცდაათ თეთრს) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს “-- -- --” წარმომადგენლის ვ.გ-ს საკასაციო საჩივარი.
შპს “-- -- --” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 552.9 (ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.