გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.06.2009
საქმის ნომერი
ას-176-503-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-176-503-09 30 ივნისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ შპს ,,ს.” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.ქ-შვილი, ზ.ე-ია

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. სს ,,თ.” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ე.ნ-ძე

2. შპს ,,კ.” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ა.ხ-ავა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,ს-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,თ-ისა” და შპს ,,კ-ის” მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 20 მაისის ¹05-2003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს «თ-სა» და შპს «ს-ას» შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის დადგენა შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 20 მაისს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-ასა“ და კავშირ „... ბაზარს“ შორის დაიდო ¹05-2003 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით „... ბაზარს“ უნდა უზრუნველეყო რუსეთიდან ს-ში 2002 წლის აპრილში მოწოდებული ელექტროენერგიის უკან დაბრუნება, ხოლო შპს „ს-ას“ ევალებოდა აღნიშნული ელექტროენერგიის დაბრუნების ტექნიკური უზრუნველყოფა. ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის ბოლო პუნქტის თანახმად, თუ დავები ხელშეკრულების მხარეებს შორის „ვერ გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ისინი გადაიჭრება სასამართლო წესით საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ“. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ს-ას“ არ ეკისრებოდა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, თუმცა საერთაშორისო კომპანია „ჭ.“ არაერთგზის, სხვადასხვა დროს მოითხოვდა შპს „ ... ბაზრისაგან“ ელექტროენერგიის დაბრუნებას და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ღირებულების _ 1 048 668,49 აშშ დოლარის გადახდას. შპს „ს-ს“ ასეთი ფინანსური ვალდებულება აღიარებული არა აქვს. 2005 წლის 10 ოქტომბერს საერთაშორისო კომპანია „ჭ-სა“ და სს „თ-ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მოთხოვნის მფლობელი უთმობს, ხოლო შემძენი (სს „თ.“) იძენს საკუთრების უფლებას მოთხოვნის მფლობელის დებიტორულ დავალიანებაზე, რომელიც წარმოშობილია 2003 წლის 20 მაისს გაფორმებული ¹05-2003 ხელშეკრულების თანახმად და რომელიც შეადგენს 42802792 კილოვატსაათ ელექტროენერგიას, შესაბამისად, 1048668,40 აშშ დოლარს“. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება არ უთითებს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ის“ დებიტორზე, რომლის წინააღმდეგაც იქნა მოთხოვნის უფლება დათმობილი. აღნიშნული დათმობით, სავარაუდოდ, დებიტორად შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს „ს.“, ასოციაცია „ ... ბაზარი“ ან რომელიმე სხვა პირი. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით მოსარჩელის მიმართ რაიმე მოთხოვნის უფლება სს „თ-სათვის“ არ დაუთმიათ. 2006 წლის 3 თებერვალს სს „თ-მა“ მიმართა საარბიტრაჟო პალატას შპს „ს-ის“ წინააღმდეგ, რომელმაც 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით უკანონოდ მიიღო წარმოებაში საარბიტრაჟო პრეტენზია, ვინაიდან „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლების შესაბამისად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ გაფორმებულა. 2003 წლის 20 მაისის ¹05-2003 ხელშეკრულების მე-4 მუხლის ბოლო პუნქტით განსაზღვრული იყო დავების სასამართლო წესით საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ განხილვის პირობა, რაც ნიშნავს დავის სასამართლო წესით და არა კერძო საარბიტრაჟო წარმოებით განხილვას, ვინაიდან სადავო ჩანაწერით დავების განხილვის უფლებით აღიჭურვა „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო“, ასეთი სახელმწიფო ინსტიტუტი დღეისათვის აღარ არსებობს, მხარეთა შორის დავის განმხილველ ორგანოდ კი მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“ შპს «ს-ას“ და „... ბაზარს“ შორის გაფორმებული ¹05-2003 ხელშეკრულების 4.5 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში ის უნდა გადაწყვეტილიყო „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ“, რითაც მხარეებმა გამოხატეს ნება, მათ შორის დავა გადაწყვეტილიყო კერძო არბიტრაჟის მიერ. სადავო ხელშეკრულებაში ასახულია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-მ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 20 მაისს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-ასა“ და ასოციაცია „ ... ბაზარს“ შორის დაიდო ¹05-2003 ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა რუსეთის ენერგოსისტემიდან მოწოდებული ელექტროენერგიის დაბრუნებას. აღნიშნული ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მათ შორის წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტის წესზე, კერძოდ, დაადგინეს, რომ თუ მხარეთა შორის წამოჭრილი „დავები ვერ გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ისინი გადაიჭრება სასამართლო წესით საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ“. 2005 წლის 10 ოქტომბერს საერთაშორისო კომპანია „ჭ-სა“ და სს „თ-ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოთხოვნის უფლების მფლობელი (საერთაშორისო კომპანია „ჭ.“) მოთხოვნის უფლების შემძენს (სს „თ-ს“) უთმობს, საკუთრებაში გადასცემს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-ასა“ და კავშირ (ასოციაცია) „... ბაზარს» შორის 2003 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთაშორისო კომპანია „ჭ-ის“ მოთხოვნის უფლებას, რომელიც შეადგენს 1048668,49 აშშ დოლარის 42802792 კილოვატსაათ ელექტროენერგიას. 2006 წლის 3 თებერვალს სს „თ-მა“ მიმართა საარბიტრაჟო პრეტენზიით შპს „კ.“ და მოითხოვა, მოპასუხე შპს «ს-სათვის“ 2003 წლის 20 მაისის ¹05-2003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების გადახდის დაკისრება. სს „თ.“ აღნიშნული საარბიტრაჟო პრეტენზიის აღძვრისას მოქმედებდა, როგორც 2003 წლის 20 მაისის ¹05-2003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლების შემძენი. შპს „კ-ის“ მიერ აღნიშნული საარბიტრაჟო პრეტენზია მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა სამი არბიტრის შემადგენლობით 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს „თ-ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს რა მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის აღიარება, მნიშვნელოვანია, დადგინდეს 2003 წლის 20 მაისის ხელშეკრულების 4.5 პუნქტში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რაც შესაძლებელია მისი განმარტების გზით. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება დავის საერთო სასამართლო წესით განხილვაზე შეთანხმების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შინაარსიდან. სასამართლომ მიაჩნია, რომ „საარბიტრაჟო სასამართლოს“ მიერ დავის გადაწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა განიმარტოს, როგორც მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება საარბიტრაჟო შეთანხმების თაობაზე. „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ, პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება, თუ რომელ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს გადაეცემა დავა, ვინაიდან აღნიშნული კანონი დავის განმხილველ კონკრეტულ კერძო არბიტრაჟზე შეთანხმების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სს „თ.“, სამოქალაქო კოდექსის 198-ე, 199-ე მუხლების შესაბამისად, უფლებამოსილი იყო, სპეციალური წერილობითი შეთანხმების გარეშე, საარბიტრაჟო პრეტენზიით მიემართა შპს „კომერციული დავების საარბიტრაჟო პალატისათვის“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი და დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება ამავე კოდექსის 53-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ნების გამოვლენის განმარტების გზით შეუძლებელია დადგინდეს გარიგების შინაარსი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 20 მაისის ხელშეკრულების მე-4 მუხლის ბოლო პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა შორის არავითარი საარბიტრაჟო შეთანხმება, მით უმეტეს, რომელიმე მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟის მიერ დავის განხილვაზე არ არსებულა. პირიქით, დავები უნდა გადაჭრილიყო „სასამართლო წესით“ და არა საარბიტრაჟო განხილვის გზით, „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს“ და არა კერძო არბიტრაჟის მიერ. ხელშეკრულებაში „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოსა“ და დავის სასამართლო წესით განხილვის მითითებით მხარეები შეთანხმდნენ არა მათ შორის წამოჭრილი დავის რომელიმე კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვა-გადაწყვეტაზე, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელით, მოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დავის განხილვაზე. ვინაიდან ამჟამად საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო აღარ არსებობს, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის უნდა გადაწყდეს საერთო სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დებულებიდან მხარეთა შორის დავის წარმოქმნის მომენტში (2006 წლისთვის) ცალსახად არ დგინდებოდა, თუ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და განსჯადობის სასამართლოზე იყო დათქმა ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების მითითებული ნორმის შინაარსი კი გამორიცხავდა მიმდინარე ეტაპისათვის მოქმედი კერძო არბიტრაჟის გამოყენების შესაძლებლობას, სადავო საკითხის შესაფასებლად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლით. სასამართლომ არასრულყოფილად იმსჯელა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ სამმხრივი ხელშეკრულების რუსულენოვან დედანში „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო“ აღნიშნულია დიდი ასოთი, რაც რუსული ენის გრამატიკის მიხედვით, სასამართლოს კონკრეტულ, ერთადერთ ბუნებაზე და არა ზოგად კატეგორიაზე მიუთითებს. საერთაშორისო კომპანია „ჭ.», როგორც რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების გავლენის ქვეშ არსებული სუბიექტი სარგებლობს სახელშეკრულებო დებულებების სტანდარტული ჩარჩოებით, პრინციპებითა და ფორმულირებებით, მათ შორის დავების განმხილველ ინსტანციასთან დაკავშირებით. როგორც წესი, დღემდე ასეთ ინსტანციად, უმეტეს შემთხვევაში, სახელდება სახელმწიფო არბიტრაჟი ანუ სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლო, სახელმწიფო სამეურნეო სასამართლო ან რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მხარეთა ნების წარმოადგენდა დავის სასამართლო წესით გადაჭრა, რაც გულისხმობს დავის არსებობის შემთხვევაში სადავო საკითხის საერთო სასამართლოების მიერ განხილვა-გადაწყვეტას. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნების გამოვლენის განმარტებისას უნდა გაირკვეს ორივე მხარის ნამდვილი ნება, აიხსნას არა მარტო გაუგებარი ან ორაზროვანი სიტყვა-სიტყვითი ტექსტი, არამედ შეივსოს არასრული, ზოგჯერ კი – შესწორდეს გაუმართავი ტექსტიც. აღნიშნულის გათვალისწინებითაც სასამართლოს მხედველობის მიღმა რჩება კასატორის ნების გარკვევის საკითხი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ხელშეკრულების ზემოხსენებული პუნქტი იმთავითვე სასამართლოში სადავო გახადა, არ ისარგებლა და არ ჩაერთო მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკუთარი ცალმხრივი შეხედულებით ინტერპრეტირებულ დავის გადაწყვეტის მექანიზმებში. სასამართლომ მხარის ნების თავისუფალი გამოხატვის ნაცვლად, თავისი გადაწყვეტილებით კასატორის ნების შინაარსი იძულებით განსაზღვრა. არასრულყოფილია სასამართლოს მითითება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მხოლოდ მე-2 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება აისახოს საარბიტრაჟო შეთანხმებაში. დასახელებული კანონის იმგვარი განმარტება, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო დავის გადაცემა დაიშვება მხოლოდ მხარეთა შორის ნათლად შეთანხმებული კონკრეტული მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისთვის, არსებითი ხასიათის მატარებელია, მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ თითოეულ კერძო არბიტრაჟს გააჩნია საკუთარი დებულება, საარბიტრაჟო განხილვის წესები, არბიტრთა სია, მოსაკრებლების სქემა და ასევე რეპუტაცია. ყველა ეს ფაქტორი, უდავოდ, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შერჩევისა და შეთანხმებისას, შესაბამისად, არც ერთ მხარეს არ უნდა წაერთვას უფლება, შესაბამისი კრიტერიუმებით განახორციელოს არჩევანი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 20 მაისს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-სა“ და ასოციაცია „ ... ბაზარს“ შორის დაიდო ¹05-2003 ხელშეკრულება, რომელიც შეეხებოდა რუსეთის ენერგოსისტემიდან მოწოდებული ელექტროენერგიის დაბრუნებას. აღნიშნული ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მათ შორის წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტის წესზე, კერძოდ, დაადგინეს, თუ მხარეთა შორის წამოჭრილი „დავები ვერ გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ისინი გადაიჭრება სასამართლო წესით საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ“. 2005 წლის 10 ოქტომბერს საერთაშორისო კომპანია „ჭ-სა“ და სს „თ-ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოთხოვნის უფლების მფლობელი (საერთაშორისო კომპანია „ჭ.“) მოთხოვნის უფლების შემძენს (სს „თ-ს“) უთმობს, საკუთრებაში გადასცემს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-ასა“ და კავშირ (ასოციაცია) „... ბაზარს» შორის 2003 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთაშორისო კომპანია „ჭ-ის“ მოთხოვნის უფლებას, რომელიც შეადგენს 42802792 კილოვატსაათ ელექტროენერგიას, შესაბამისად, 1048668,49 აშშ დოლარს. სს „თ-მა“ მიმართა საარბიტრაჟო პრეტენზიით შპს „კ-ს“ და მოითხოვა, მოპასუხე შპს «ს-სათვის“ 2003 წლის 20 მაისის ¹05-2003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების გადახდის დაკისრება. შპს „კ-ის“ მიერ აღნიშნული საარბიტრაჟო პრეტენზია მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მუდმივმოქმედმა კერძო არბიტრაჟმა სამი არბიტრის შემადგენლობით 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს „თ-ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და შპს ,,ს-ის» სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

«კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ დავაზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე განმარტა ხელშეკრულების 4.5 პუნქტი და დაასკვნა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილ იქნა ნება საარბიტრაჟო წესით დავის განხილვაზე. სააპელაციო პალატამ ასევე დაასკვნა, რომ «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კონკრეტულ კერძო არბიტრაჟზე შეთანხმება სავალდებულო არ არის.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით ზუსტად არის რა განსაზღვრული, თუ რა უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო შეთანხმებაში (მხარეთა დასახელება და მათი საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი; დავის საგანი; შეთანხმების დრო და ადგილი), არ არის მითითებული დავის განმხილველი კერძო არბიტრაჟის ზუსტი დასახელების აუცილებლობის თაობაზე, თუმცა აღნიშნული მუხლი ცალსახად არ განსაზღვრავს კანონის დამოკიდებულებას საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსთან მიმართებით.

საარბიტრაჟო შეთანხმება ეს არის კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას, თუმცა თავისი იურიდიული ბუნებით განსხვავდება ტიპიური ხელშეკრულების პირობისაგან. საარბიტრაჟო შეთანხმება ნეიტრალური პირობაა, რომელიც ხელშეკრულების სხვა პირობებისაგან განსხვავებით, არც ერთ მხარეს რაიმე უპირატესობას ან სარგებელს არ ანიჭებს. მხარეები, ნამდვილი ნების გამოხატვის საფუძველზე ერთობლივად და თანასწორად წყვეტენ არსებულ თუ სამომავლოდ შესაძლო დავების გადაწყვეტის წესს. შესაბამისად, ორივე მხარეს თანაბარ პირობებში და თანაბარ საწყისებზე შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ, შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საარბიტრაჟო შეთანხმებიდან არაორაზროვნად უნდა ირკვეოდეს მხარეთა სურვილი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს, და არა საერთო სასამართლოს. ამ შეთანხმებით ასევე ზუსტად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა და შესაძლებელი უნდა იყოს იმ არბიტრაჟის იდენტიფიცირება, რომელმაც უნდა განიხილოს დავა. საარბიტრაჟო შეთანხმება, გარდა ამ აუცილებელი პირობებისა, შესაძლებელია, შეიცავდეს სხვა ზოგადად არაძირითად, დამატებით პირობებსაც, რაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და იმ კონკრეტულ შემთხვევაში შესასრულებლად აუცილებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნებს აფუძნებს შემდეგზე: სასამართლოსათვის მიმართვისა და სამართლებრივი დაცვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ძირითადი უფლებაა (კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს), რომელიც ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (მეორე მუხლის პირველი ნაწილი). «კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლით, პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ დროებით კერძო არბიტრაჟს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმების შინაარსი უნდა შეიცავდეს მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატვას კონკრეტული სამოქალაქო დავის კონკრეტული არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით დავის განხილვის თაობაზე. როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ, ამავდროულად, გამოხატავენ თავიანთ ნებას, რომ თანახმა არიან მათ დავაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საარბიტრაჟო განხილვის წესით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმის განხილვის წესისაგან (ასე მაგალითად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კერძო სამართლის სუბიექტს, განსხვავებით საარბიტრაჟო განხილვისაგან, უფლება აქვს თავისი ინტერესები დაიცვას სამი ინსტანციის სასამართლოში; განსხვავებით სასამართლოსგან, კერძო არბიტრი შეიძლება იყოს ნებისმიერი, იურიდიული განათლების არ მქონე პირიც).

ამავდროულად, უდავოა, რომ კომერციული დავების გადასაწყვეტად საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა ალტერნატიული გზით _ საარბიტრაჟო სასამართლოს მეშვეობით ხორციელდება, რა დროსაც მხარეთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილი დაცვის იგივე გარანტია უნდა არსებობდეს, რაც საერთო სასამართლოებში მსგავსი დავების განხილვისას. სწორედ ეს მოსაზრება და ნდობა მუდმივმოქმედი თუ კონკრეტული კერძო არბიტრაჟისადმი უდევს საფუძვლად მხარეთა გადაწყვეტილებას, უფრო ხელსაყრელ დავის განმხილველ ორგანოდ არბიტრაჟის მიჩნევისას. შესაბამისად, პირთა ნება დავის ამგვარი წესით განხილვის თაობაზე ემყარება მათ ნდობას შერჩეული არბიტრაჟისადმი, რომელიც კანონის თანახმად, შეიძლება იყოს როგორც მუდმივმოქმედი, ასევე ამ დავისათვის დროებით, საგანგებოდ ამ სამართლებრივი ურთიერთობისათვის შექმნილი. სწორედ ამიტომაც კანონი უფლებას აძლევს მხარეებს, გამოხატონ ნება და გადაწყვიტონ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი («კერძო არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლი).

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში 2003 წლის 20 მაისს საერთაშორისო კომპანია „ჭ-ს“, შპს „ს-ასა“ და ასოციაცია „... ბაზარს“ შორის დადებული ¹05-2003 ხელშეკრულების 4.5 პუნქტით მხარეთა შეთანხმება, რომ «თუ აღნიშნული დავები ვერ გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ისინი გადაიჭრება სასამართლო წესით საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ», დავის საარბიტრაჟო წესით განხილვაზე მხარეთა ნების უტყუარად მიჩნევის საფუძველს არ იძლევა. სასამართლოს ეს მოსაზრება ემყარება გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებულ დასკვნას, რომ კონკრეტულ არბიტრაჟზე მითითება საარბიტრაჟო შეთანხმების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულების სადავო პუნქტით კონკრეტულ მუდმივმოქმედ ან კერძო არბიტრაჟზე არ შეთანხმებულან. არბიტრაჟის უფლებამოსილებას საეჭვოს და ნაკლებ სავარაუდოს ხდის ხელშეკრულების იმავე პუნქტში მითითებული დავების სასამართლო და არა საარბიტრაჟო წესით განხილვაზე დათქმა. მითითებული გარემოებები საკმარის საფუძველს წარმოადგენს დასკვნისათვის, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არსებულ ან წარმოშობილ დავებზე საარბიტრაჟო შეთანხმება არ მიღწეულა.

ამავდროულად საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე, კერძოდ, აღნიშნული ნორმით ნების გამოლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. როგორც ზემოთ აღინიშნა, საარბიტრაჟო შეთანხმებას საფუძვლად უდევს მხარეთა ნამდვილი ნება, რაც ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია, განმარტებას საჭიროებდეს. კანონის ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ნების გონივრული განსჯით განმარტება გულისხმობს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების მიერ გამოვლენილ ნებასთან მიმართებით ყველა ფაქტორის გამოკვლევასა და ურთიერთშეჯერებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადსაღებ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო ისტორიულად, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი არსებობდა (თუმცა 2003 წლის 20 მაისისათვის _ სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო უკვე გაუქმებული იყო). ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შედგენილია რუსულ ენაზე, რაც არ გამორიცხავს კასატორის ვარაუდს, რომ ერთ-ერთი მხარის _ საერთაშორისო კომპანია „ჭ-ი“ წარმოადგენს რუსულ კომპანიას, ხოლო რუსეთში დღემდე მოქმედებს სპეციალიზებული სახელმწიფო საარბიტრაჟო სასამართლო. თუმცა აქვე საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გარემოებები მხოლოდ გარკვეულ საფუძვლებს ქმნიან მხარეთა ნების გამორკვევაში და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული წინამდებარე გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანდ ეყრდნობა დასკვნას, საარბიტრაჟო შეთანხმების აუცილებელ პირობათა ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობის თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება როგორც ეროვნული კანონმდებლობის დანაწესთა ურთიერთშეჯერებასა და განმარტებას, ასევე გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (იუნსიტრალის) მიერ შემუშავებულ მოდელურ კანონს «საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის შესახებ» (1985 წლის 21 ივნისი), რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონში ყველა სამართლებრივი სისტემის მიერ მათ აღიარებაზეა გათვალისწინებული. სანიმუშო კანონის შესაბამისად, დავის საარბიტრაჟო წესით განხილვისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება თვით მხარეთა ნებას, დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე, კერძოდ, მოდელური კანონის 7.1 მუხლის თანახმად, «საარბიტრაჟო შეთანხმება» _ ეს არის მხარეთა შეთანხმება ყველა ან ზოგიერთი ისეთი დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც წარმოიშვა ან მომავალში წარმოიშვება მათ შორის რომელიმე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად იმისა, ხელშეკრულებითი ხასიათისაა ეს ურთიერთობა თუ არა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს ,,ს-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ივნისის განჩინება.

შპს ,,ს-ის» სარჩელი დაკმაყოფილდეს, აღიარებულ იქნას, რომ შპს «ჭ-ს“, შპს ,,ს-ასა» და ასოციაცია «... ბაზარს» შორის 2003 წლის 20 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ არსებობს.

სს «თ-ს» და შპს ,,... პალატას” სოლიდარულად დაეკისროს შპს ,,ს-ის» სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5450 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.