დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.06.2007
საქმის ნომერი
ას-176-513-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-176-513-07 1 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ე. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხე გ. გ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის შესახებ, აგრეთვე, გ. გ-ის შეგებებული სარჩელი ბავშვის გადაცემის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა ე. ბ-მ მოპასუხე გ. გ-ის მიმართ განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე გ. გ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1996 წლის 25 იანვრიდან. ქორწინების რეგისტრაციამდე, 1995 წლის 13 მარტს, შეეძინათ ქალიშვილი – მ. გ-ი. ბავშვი დაბადებიდან ავადმყოფია და მკურნალობისათვის საჭირო თანხებს მხოლოდ მოსარჩელე იხდის. 1998 წელს მათ შეიძინეს ბინა გლდანის რაიონში, რომელიც ირიცხება მოპასუხის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, ის რამდენიმე წელია ცხოვრობს მშობლებთან, მათი ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია და მისი შენარჩუნება შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა განქორწინება, მოპასუხისათვის შვილის – მ. გ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება და თბილისში, გლდანის რაიონში, მე-... მ\რ-ის ¹10 კორპუსში მდებარე ¹25 ბინის 1\2-ის მესაკუთრედ ცნობა.

2005 წლის 12 დეკემბერს მოპასუხე გ. გ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გ. გ-მა, მიუთითა, რომ ე. ბ-ე არ აძლევს მას შვილთან ურთიერთობის საშუალებას და ბავშვს მის წინააღმდეგ განაწყობს. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მას ყველა პირობა აქვს შექმნილი ოჯახში ბავშვის აღსაზრდელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-მა მოითხოვა მისთვის შვილის – მ. გ-ის აღსაზრდელად გადაცემა, ხოლო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შვილთან ურთიერთობისათვის კვირაში ორი დღის განსაზღვრა. ამასთან, გ. გ-მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ის დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას განქორწინების შესახებ, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ 1996 წლიდან ცოლქმრული ურთიერთობა აღარ აქვთ. სადავო ბინა შეიძინა მისმა ოჯახმა 1998 წელს, როდესაც ე. ბ-ე ოჯახიდან ორი წლის წასული იყო. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქარელის რაიონულ სასამართლოს.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყდა ... საკრებულოში 1996 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება გ. გ-ის ძე გ-სა და ე. ი-ს ასულ ბ-ს შორის; გ. გ-ს შვილის, – მ. გ-ს ასული გ-ის აღსაზრდელად ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 100 (ასი) ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე; ე. ბ-ს ბინაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. გ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. გ-ს შვილის, _ მ. გ-ის საცხოვრებლად მასთან გადაცემაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; გ. გ-ს მიეცა შვილის, _ მ. გ-ის ნახვის უფლება კვირაში ერთი დღე, კვირას _ 11 საათიდან 20 საათამდე.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება განქორწინებისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრებისა და ბინაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელე ე. ბ-სათვის ბინაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ბ-ის სარჩელი ქ.თბილისში, გლდანის მე-... მ/რ, ¹10 კორპუსში მდებარე ¹25 ბინის ½1/2-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ე. ბ-ე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, გლდანის მე-... მ/რ-ის ¹10 კორპუსში მდებარე ¹25 ბინის 1/2-ის მესაკუთრედ. ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე გ. გ-სათვის მისი შვილის, – 1995 წლის 13 მარტის დაბადებული მ. გ-ს ასული გ-ის, - აღსაზრდელად მის სრულწლოვანებამდე ე. ბ-ის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ე. ბ-სა და გ. გ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში, 1995 წლის 13 მარტს, შეეძინათ ქალიშვილი – მ. გ-ი; ე.ბ-ე და გ.გ-ი დაქორწინდნენ 1996 წლის 25 იანვარს. დადგენილად ცნო ისიც, რომ 1996 წლიდან ე.ბ-ე და გ.გ-ი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ; ე. ბ-ე ბავშვთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ე. ბ-ის სარჩელის მოთხოვნა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ხანდაზმულია და მიუთითა, რომ ე.ბ-მ სასარჩელო განცხადებით მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა მოითხოვა განქორწინებასთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის მიხედვით კი დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან სადავო ბინა შეძენილია იმ პერიოდში, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ და მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა მის შეძენაში, ბინა არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ბინა წარმოადგენს გ.გ-ისა და ე.ბ-ის თანასაკუთრებას, რომელშიც მეუღლეთა წილი თანაბარია, რადგან მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც გ.გ-ის მიერ მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების დროს შეძენილი ქონების (სადვო ბინის) მის პირად საკუთრებად ცნობის საფუძველი გახდებოდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 _ დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ე. ბ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

გ. გ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.