დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №94აგ-15 23 თებერვალი, 2016 წელი
ჩ-ე ზ.- 94აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენით ზ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 7 წლით; 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ჩ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 9 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. 2015 წლის 31 ივლისს მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადაისინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. მსჯავრდებული ზ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი