დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.03.2016
საქმის ნომერი
327აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№327აგ-15 14 მარტი, 2016 წელი

ხ-ი დ, 327აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის განაჩენით დ. ხ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 4 წელი დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი. დ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 მარტიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება: დ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი დაენიშნა რეალურად მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 6 თვე და საბოლოოდ დ. ხ-ს განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი და 6 თვე დაენიშნა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულმა დ. ხ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ახალ რედაქციაზე გადაკვალიფიცირება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენებში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ” ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ” ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენები დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი