განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 14.03.2016
საქმის ნომერი
127აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.03.2016

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №127აგ-15 14 მარტი, 2016 წელი

მ-ე ლ., 127აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ბ-სა და თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენით ლ. მ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 10 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, ხოლო 338–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ძებნილ ლ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. 2015 წლის 10 აგვისტოს მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ჯ-მა და დ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – დ. ბ-ე და თ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუ­ძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთო­ბლიო­ბის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსე­ბუ­ლი რედაქციის შესაბამისად) იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

3. ვინაიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განაჩენის თანახმად, ლ. მ-ე იყო ნასამართლობის არმქონე, მისი მდგომარეობა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად შესაძლოა გაუმჯობესდეს, რაც საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.

4. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა პირველ ყოვლისა უნდა ისარგებლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებით, რა დროსაც მოხდება მისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ახალი კანონის შესაბამისად, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ბ-სა და თ. ჯ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა გაუქმდეს, წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და შუამდგომლობა დაშვებულ იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. მ-ს მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე